“როცა საქართველოში ვიმყოფებით, უკეთესები ვართ, ვიდრე ცივ, მოქუშულ და უკიდურესად არამეგობრულ რუსეთში”.
რატომ ამჯობინა მწერალმა და პოეტმა დმიტრი ბიკოვმა დაბადების დღის აღნიშვნა რიგის ნაცვლად თბილისში, რას ფიქრობს რუსეთის მომავალზე და როგორ წერს ის წიგნს ზელენსკიზე.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანასტასია სლოვინსკაია მას თბილისში ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: წინა კვირას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სირთულეებს წააწყდით, არ გიშვებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში გასვლაც კი მოასწარით, ივარაუდეთ, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ფრთხილ, პროპუტინურ პოლიტიკასთან, რომელსაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ატარებს. მოკლედ, რაში იყო საქმე?
დმიტრი ბიკოვი: უკომენტაროდ.
რადიო თავისუფლება: კეთილი. საიდან მოდიოდით, სად ცხოვრობთ ახლა?
დმიტრი ბიკოვი: უკომენტაროდ. რა მისამართი გაინტერესებთ? 911, ითაკა, ნიუ-იორკი, კორნელის უნივერსიტეტში ვასწავლი.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ ამ ადგილს სახლი უწოდოთ?
დმიტრი ბიკოვი: ჩემი სახლი იქ არის, სადაც კარგად ვგრძნობ თავს. ეს არ ნიშნავს, რომ სადაც კარგია, იქაა სამშობლო. სახლი იქ არის, სადაც მყუდროება და ოჯახია, იქ კი ჩემთანაა ჩემი ოჯახი, ჩემი წიგნები, ჩემი კომპიუტერი, იქ ძალიან კარგად მეწერება, ძალიან მომწონს იქაურობა.
რადიო თავისუფლება: კიდევ კარგი, რომ ეს კითხვაც უკომენტაროდ არ დარჩა...
დმიტრი ბიკოვი: გულახდილი რომ ვიყო, არ ვისურვებდი არანაირი სკანდალის გაღვივებას. დიახ, ოთხი საათი დამაყოვნეს ბათუმში ისე, რომ არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ხომ შემომიშვეს? საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა, დამეხმარნენ კოლეგა-ჟურნალისტები, ლაშა ბუღაძე გამოვიდა ქართველი მწერლების სახელით. აღარ არის საჭირო მეტის ქექვა. ისედაც რუსები მთელ მსოფლიოში მეტისმეტად მოწყვლადები არიან, რაღა საჭიროა ხმაურის ატეხა ამ მტკივნეულ თემაზე?!
რადიო თავისუფლება: 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, ფეისბუკში გამოაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც უკრაინელების მხარდაჭერა გამოხატეთ...
დმიტრი ბიკოვი: მე არაფერს ვაქვეყნებ ფეისბუკში, ეს არ იყო ჩემი ფეისბუკი. ვწერდი გაზეთ „სობესედნიკში“, ვიდრე გამოდიოდა მისი ელექტრონული ვერსია. ჩემი საგაზეთო სვეტი სწორედ იქ დაიბეჭდა. ვცდილობ, სოციალურ ქსელებში დიდად არ გამოვჩნდე ხოლმე. ყველაფერი, რაც იბეჭდება ფეისბუკში, ესაა ჩემი კომენტარები რაღაც საკითხებზე, პასუხები კითხვებზე და ა.შ. ან კიდევ გადაბეჭდილია ჩემი პუბლიკაციებიდან - „ნოვაია გაზეტადან“, „რასსკაზ-გაზეტადან“ - მოკლედ იმ იშვიათი მედიასაშუალებებიდან, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილია ოპოზიციის ადგილი.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს თქვენი სიტყვებია, თუ სწორად გავიგეთ...
დმიტრი ბიკოვი: ყველა სიტყვა, რაც იქ არის, ჩემია!
რადიო თავისუფლება: კეთილი. თქვენ მხარი დაუჭირეთ უკრაინელებს და მდგომარეობა, რომელშიც რუსეთი იმყოფება, შეადარეთ სიმსივნურ წარმონაქმნს, კიბოს. გავიდა ათ თვეზე მეტი, როგორ ფიქრობთ, დაავადების რომელ სტადიაში იმყოფება ახლა რუსეთი?
დმიტრი ბიკოვი: სირთულე ისაა, რომ ამ კიბოთი - ფაშიზმით, სხვადასხვა ერი განსხვავებულად ავადმყოფობს. ხანდახან, თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს გულწრფელად სჯერა ეროვნული განსაკუთრებულობის იდეალების, ომის და იმისა, რომ გარშემორტყმულია მტრებით, მაშინ საქმე ცუდად არის.
რეაბილიტაციას შეიძლება დასჭირდეს მრავალი წელი, მაგრამ არსებობს განსხვავებული ვითარებაც, დაახლოებით ისეთი, როგორიც რუსულ საზოგადოებაშია, სადაც აქტიური 5% პუტინის წინააღმდეგაა, აქტიური 5% პუტინის მომხრეა, ხოლო 90% იმყოფება ინერტულ მდგომარეობასა და იმის მოლოდინში, თუ საით დაუბერავს ქარი. როგორ გითხრათ, რუსული საზოგადოება ჰგავს ფრთებიან საფენს. გვაქვს უზარმაზარი, სქელი საფენი მარცხენა და მარჯვენა ფრთებით, რომელთა ზომა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია. რით აიხსნება საზოგადოების უმეტესი ნაწილის ეს ინერცია, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
გამაჩნია რაღაც მოსაზრებები, მიგნებები, შესაძლოა ეს დაკავშირებულია უზარმაზარ ტერიტორიასთან, რომელიც იმართება ვერტიკალურად, რომელმაც არ იცის თვითმმართველობა... შესაძლოა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ყოველი მცდელობა შეცვლილიყო რამე, ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. რევოლუციამ მხოლოდ გააუარესა ვითარება. მოკლედ, ძნელი სათქმელია. ცალკე სოციოლოგიური კვლევის საგანია. თუმცა რუსეთი არაპოლიტიზებული ქვეყანაა, ამიტომ, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ის სარგებლობს მეტ-ნაკლები მხარდაჭერით, ისევ და ისევ ინერციული მხარდაჭერით, რამე უარესი არ გამოვიდესო. როგორც კი პუტინი წავა ხელისუფლებიდან, მაშინვე დაიწყება მისი თრევა. ასეთია რუსული ტაქტიკა. მთელი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვევა ხოლმე, ყველაფერშია დამნაშავე. ეს ძალიან მოხერხებული ტაქტიკაა მოსახლეობისათვის, რომელსაც შეუძლია არანაირი მონაწილეობა არ მიიღოს მიმდინარე პროცესებში.
რადიო თავისუფლება: იყო აპოლიტიკური, ალბათ, ფუფუნებაა, რომლის უფლება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 'საბჭოთა კავშირში" მცხოვრებმა ადამიანებმა მისცენ თავიანთ თავს.
დმიტრი ბიკოვი: რატომ? საბჭოთა კავშირი აბსოლუტურად აპოლიტიკური ქვეყანა იყო. იქაც იყო იგივე 5% ურყევი, აბსოლუტურად პრიმიტიული, იდეური კომუნისტებისა, დოგმატიკოსები, როგორც მათ სლუცკიმ უწოდა. იყო დისიდენტების 5% - აქტიური ოპოზიცია, 90% კი ცხოვრობდა რუსული ჩასტუშკის პრინციპით: „რაც არის, ეგ არის, გლეხისთვის მაინც არავინ არის!“ ეს არის ნორმალური ვითარება. რუსული ჩასტუშკა, რუსული ანეკდოტი - ამგვარი იატაკქვეშა, ინერტული წინააღმდეგობის ფორმებია. როგორც არსებობს თამბაქოს პასიური წევა, ასევე არსებობს პასიური წინააღმდეგობა.
რუსეთს არასოდეს სჯეროდა ხელისუფლებების, ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, თუმცა გარეგნულად ყოველთვის აღმერთებდა მათ, არადა, შინაგანად ყოველთვის აბუჩად იგდებდა. შემდეგ ხელისუფლება იცვლებოდა, ნადგურდებოდა მათი ძეგლები, იშლებოდა სახელები. სტალინს ჯერ განადიდებდნენ, შემდეგ კი მის მონუმენტებს ამხობდნენ... ეს ერთგვარი რუსული ნოუ-ჰაუა - მე ვიტყოდი, საშუალება ისტორიისგან თავის შეკავებისა, რადგან ისტორია იწყება იქ, სადაც ხალხი იქცევა მის სუბიექტად; სადაც ხალხი აღარ არის ისტორიის ზემოქმედების ობიექტი და სადაც, როგორც სუბიექტი, თავად იწყებს გადაწყვეტილების მიღებას.
სწორედ ასეთი სუბიექტურობა არ არის ახლა რუსეთში. მან შეიძლება კვლავ იჩინოს თავი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მესამე რაიხის დროს გერმანელების დაახლოებით 90%-ს სჯეროდა რაიხის იდეალებისა. იყო მცირე პროცენტი მოწინააღმდეგეებისა. „თეთრი ვარდები“ და სხვა იატაკქვეშა ორგანიზაციები, უზარმაზარ რაოდენობას კი სჯეროდა, ამიტომ გერმანიამ 1945 წელი ვერ გადაიტანა. ეს, რაც ახლა გვაქვს, გერმანია არ არის. ეს სხვა ქვეყანაა, შეიძლება მეტად ევროპული, მაგრამ ეს არ არის არც ვაგნერის, არც ნიბელუნგების და არც თომას მანის გერმანია. რუსეთში, რუსულ საზოგადოებაში კი არსებობს ურწმუნოების დიდი პრეზუმფცია, ამიტომ იმის თქმა, რომ რუსეთი ვერ გადაიტანს იმას, რაც ხდება, ძნელია. ხდება კი ნამდვილი ფაშიზმი... მაგრამ უმრავლესობის ფაშიზმია ეს თუ სათავეში მდგომთა, ჯერ არ შემიძლია ამის თქმა. მაქვს განცდა, რომ მოსახლეობის უზარმაზარი პროცენტი არ არის ამაში ჩართული და ცხოვრობს პრინციპით, უარესად არ იქნებოდეს.
რადიო თავისუფლება: ზელენსკის შესახებ წერთ წიგნს. შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ?
დმიტრი ბიკოვი: ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: ტრაგედია, კომედია, მისტერია და იგი მიზნად ისახავს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამოცანის გადაჭრას. ზელენსკიმ მოახდინა შემოქმედებითი ინტელიგენციის ცნების რეაბილიტაცია მთელ მსოფლიოში. ვცდილობ გავარკვიო, როგორ მოხდა ეს. ერმა თავისი ისტორიის კრიტიკულ მომენტში რატომ დადო ფსონი მსახიობზე, პროდიუსერზე, სცენარისტზე, ადამიანზე, რომელიც მიეკუთვნება კრეატიულ კლასს, შემოქმედებით ინტელიგენციას, როგორ და რატომ აღმოჩნდა ლუციფერის წინააღმდეგ ბრძოლაში მასხარა - ამ სიტყვის უმაღლესი, საუკეთესო გაგებით.
სიტყვა „მასხარას“ ბევრისთვის აქვს ნეგატიური, დამამცირებელი კონტექსტი, არადა „მასხარა“ მითის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ესაა პერსონაჟი, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია, რომელიც დასცინის და ამასხარავებს ხელისუფლებას და, როდესაც ეს ადამიანი თვითონ აღმოჩნდება ხელისუფლებაში, ვიღებთ ძალიან საინტერესო პარადოქსს.
დარწმუნებული ვარ, ზელენსკის ადგილზე ნებისმიერი სისტემური პოლიტიკოსი გაიქცეოდა. და როგორც კი გაიქცეოდა, ისევ და ისევ, 90%-იანი ალბათობით ყველაფერი მარცხით დასრულდებოდა. ზელენსკიმ თქვა წლის მთავარი ფრაზა: „მჭირდება არა ტაქსი, არამედ ჭურვები, მჭირდება საბრძოლო მასალები“. და ეს ითქვა 24 თებერვალსვე. ბევრი მიდიოდა მასთან ემიგრირების შეთავაზებით, მაგრამ მან სავსებით კატეგორიულად თქვა, მე ამას ვისმენ უკანასკნელადო. მეტად მასთან ამ საკითხზე აღარავის ულაპარაკია.
ზელენსკი ძალიან შეიცვალა. მარტში მას ჯერ კიდევ აინტერესებდა რატომ არ უნდა [პუტინს] ნორმალურ, არა გრძელ, არამედ ნორმალური ზომის მაგიდასთან დაჯდომა და კაცურად დალაპარაკებაო, ბუჩის შემდეგ კი აზრადაც არ მოსვლია მოლაპარაკებაზე საუბრის წამოწყება, თითქოს ერთბაშად გაჭაღარავდა, ეს უკვე აღარ იყო ძველი ზელენსკი, თვალებიდან ნაპერწკლებს რომ აფრქვევდა, მაგრამ ის მსახიობია, რომელმაც გენიალურად ითამაშა გმირის როლი და, რომელმაც დაიჯერა, რომ მართლა გმირია. თუ მსახიობს არ სჯერა იმის, რასაც ლაპარაკობს, ვერავის დაარწმუნებს თავის სიტყვებში. ზელენსკი ერთადერთი ადამიანია დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც თავისი სიტყვების, თავის ნათქვამის სჯერა, რადგან მისთვის ეს ნამდვილად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
და კიდევ, ზელენსკიზე წიგნის წერა საინტერესოა ჩემთვის იმის გამო, რომ ვცდილობ ჩავწვდე ამ არჩევანის მექანიზმს, როგორ აქცია სერიალ „ხალხის მსახურმა“ ზელენსკი პრეზიდენტად. რატომ მოხდა ასეთი რამ? ალბათ იმიტომ, რომ უკიდურესად დაიღალა ხალხი პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც ზუსტადაც რომ არ სჯერათ თავიანთი სიტყვებისა. ამას მივყავართ იმ აზრამდე, რომ გამოჩნდა ახალი ფიგურა, პირობითად რომ ვთქვათ, „ნარატივის მეფე“, „მეფე მთხრობელი“ - ადამიანი, რომელიც ერს აძლევს სიუჟეტს. ეკონომიკით დაკავდნენ პროფესიონალები. მრეწველობით, სამხედრო საქმითაც - პროფესიონალები, ხოლო პრეზიდენტად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ერს აძლევს არსებობის სიუჟეტს.
რადიო თავისუფლება: რამდენადაც ცნობილია, წიგნზე მუშაობის პროცესში ესტუმრეთ უკრაინას. როგორ შეიცვალა, შესაძლოა არც შეიცვალა, ომის დაწყების შემდეგ თქვენი ურთიერთობა უკრაინელ ნაცნობებთან, უცნობებთან...
დმიტრი ბიკოვი: ეს ხომ დინამიკური პროცესია, დამოკიდებულება განაგრძობს ცვლილებას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სავსებით საფუძვლიანად იტყვიან, კარგი რუსები არიან ისეთი რუსები, რომლებიც არ ჩანან სითბოვიზორებშიო [რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელეარხები - რ.თ.]. ასეთი ბევრია, თუმცა ასევე დიდია პრიგოჟინის ტროლების წილიც, რადგან უკრაინაში ვხედავ ბევრად ნაკლებ მტრულ განწყობას ჩემ მიმართ, ვიდრე ევროპაში ან უფრო დიდი სტაჟის მქონე ემიგრანტებს შორის. რატომღაც რუსული ემიგრაცია თავისებური „დედოვშჩინის“ პირობებში ცხოვრობს, მას ძალიან მოსწონს ახალბედების ჩაწიხვლა და თავის დაფასება ნამსახურები წლების შესაბამისად.
არცერთ უკრაინელ მეგობართან არ გამფუჭებია ურთიერთობა. და არა იმიტომ, რომ ვცდილობ ვინმეს დავეხმარო ან ვინმეზე ვწერ. არა! მათ ესმით, რომ მეც მათ მხარეს ვარ ამ ომში და, რომ რუსეთიც დაპყრობილი, ოკუპირებული ქვეყანაა.
კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, რომ სუსტი… [მაგრამ] რაღაც წინააღმდეგობა რუსეთში არსებობს. დღევანდელ რუსეთში არიან ნავალნი, იაშინი, კარა-მურზა... რუსეთში არის უზარმაზარი რაოდენობის ჩუმი, ფარული წინააღმდეგობა, მაგრამ ეს მაინც წინააღმდეგობაა. ეს ის ხალხია, ვინც მობილიზაციისგან იცავს თავიანთ ნათესავებს, ვინც არ უშვებს შვილებს ე.წ. „საკლასო საათებზე“ და ა.შ.
ყველა შემთხვევაში წინააღმდეგობა იზრდება, მოწონება, თუ ასეთი რამ იყო, მცირდება ოფიციალურადაც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ოფიციალური სოციოლოგია. არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვა დღევანდელ რუსეთში ვერ აიძულებს ადამიანებს სიმართლის თქმას. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება, მაგრამ რაღაც ფარული წინააღმდეგობა მაინც არსებობს. გარდა ამისა, როცა ვუყურებ დღევანდელ რუსეთს, რატომღაც სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ ან დიდი ხნითაა, რომ ეს იქნება დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმული ჩრდილოეთი კორეა და ა.შ. ჩემთვის ამის მოსმენა საწყენია, რადგან ადამიანები, რომლებიც ყველაზე ნეგატიურ პროგნოზს აკეთებენ ხოლმე, როგორც წესი, რუსეთში ჭკვიანებად მიიჩნევიან. რაც უფრო უარესად ფიქრობ საკუთარ თავზე, ხალხზე, მომავალზე, მოსახლეობაზე, ქვეყანაზე, მით უფრო მეტი შანსია, რომ ადეკვატურად მიგიჩნიონ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე და დასრულდება, რა თქმა უნდა, ორი ცნების - პირველ რიგში ცენტრალიზაციის, მეორე რიგში კი ნაციონალიზმის კატასტროფული კომპრომეტირებით.
რადიო თავისუფლება: თქვენ გააუქმეთ კონცერტი რიგაში მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „დოჟდს“ ჩამოართვეს ლიცენზია. რატომ გააკეთეთ ეს?
დმიტრი ბიკოვი: ვერ ხვდებით? გინდათ რომ სიძულვილის ახალი ტალღა გამოიწვიოთ გარკვეულ წრეებში? იმიტომ მოვიქეცი ასე, რომ არ მსურს გამოვიდე იმ ქვეყანაში, რომელმაც ლიცენზია წაართვა „დოჟდს“. სულ ეს არის. მწერდნენ, ვინ დასაჯეთ ამით? არავის დასჯა არ მინდოდა. საერთოდაც არ ვარ დამსჯელი. ასე მოვიქეცი სინდეევას პროფესიონალური სოლიდარობის, „დოჟდის“ სოლიდარობის გამო და კიდევ, ჩემი დაბადების დღის გამო. ხომ გესმით, არ მინდა ჩემი დაბადების დღის იქ გადახდა, სადაც არ სურთ ჩემი დანახვა. გამოჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია, შესაძლოა დაფინანსებული, შესაძლოა უანგარო, სადაც ნათქვამი იყო, რაში გვინდა ეს „იმპერეცი“ (имперец - იმპერიის მხარდამჭერი), რომელიც ჩვენთან მოდისო. არ გინდათ, ნუ გინდათ, კი ბატონო. დევიდ ლინჩის ფილმისა არ იყოს, არასოდეს მივალ იქ, სადაც არ მიხმობენ.
ბოლოს და ბოლოს, სულ სხვაზე ხომ არ იფიქრებს ადამიანი, საკუთარ თავზეც საჭიროა ფიქრი. მინდა, დაბადების დღის გატარება თბილ, მეგობრულ ვითარებაში. ამიტომ ჩემი პოეტური საღამო გაიმართება კლუბ აუდიტორიაში თბილისის დროით 10 საათზე, 23-24 დეკემბერს, ორი საღამო მიყოლებით თბილისში. ჯერ პოეზიის საღამო, შემდეგ კი იქნება ლექცია გასული საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეტურ რენესანსზე. ამ ლექციას შემდეგ გავიმეორებ ბათუმში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს. თანაც ნახევრად მრგვალი თარიღია, 55 წელი მისრულდება, საკმაოდ სერიოზული ამბავია. მგონია... შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ 55 წლისას, 85 წიგნის გამოცემის შემდეგ, მაქვს უფლება, თვითონ გადავწყვიტო, სად შევხვდე საკუთარ დაბადების დღეს.
რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით, „იმპერეც“ მიწოდესო. გულზე გხვდებათ ეს?
დმიტრი ბიკოვი: ასე მიწოდებენ ხოლმე ხანდახან, მაგრამ არ ვიცი, რას ნიშნავს. ადამიანი რომელიც იმათ აჩვენებს წიწაკას (им перец)? [იცინის] რაზე ვლაპარაკობთ, რანაირი იმპერეცი ვარ! ეს ძალიან ჰგავს რუსოფობის იარლიყს, რომელსაც ყველას აკრავენ. თუ თქვენ აღფრთოვანებული არ ხართ ყოველივე იმით, რასაც რუსეთი აკეთებს, რუსოფობი ხართ. ასევე, თუ მუდმივად არ იმეორებთ, რომ ჩვენ უნდა მოვინანიოთ, ჩვენ უნდა მოვკეტოთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთ მაგიდასთან ვისხდეთ ცივილიზებულ ადამიანებთან, მაშინ თქვენ „იმპერეცი“ ხართ! არა, მე არ მიყვარს, როცა სახეში მაფურთხებენ თან ელოდებიან კმაყოფილებას, სწორია, კიდევ ერთხელ თუ შეიძლება, თორემ საკმარისად კარგად ვერ მიწვდით ჩემში ჩაბუდებულ „იმპერეცს“.
რუსეთში ჩემი ანტიიმპერიული პოზიციის გამო დავკარგე სამსახურები, პედაგოგობის და, საბოლოო ჯამში, რუსეთში ცხოვრების უფლება. მგონია, დავიმსახურე, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ვამტკიცო, რომ კარგი რუსი ვარ. თვითონ ეს ცნება „კარგი რუსებისა“ მიმაჩნია აბსოლუტურად არაკორექტულად და უხეიროდ. და ძალიან არ მომწონს როცა, ძირითადად ადრეული ემიგრაციის წარმომადგენლები წერენ, რომ რუსებს აქვთ მონობის გენი, რომ მათ უნდა მოინანიონ, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები დაწყევლილები ვართ კიდევ მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში. ჩემი შვილები არანაირად არ არიან „წყეულნი“ მით უფრო, რომ ორი ვაჟი ახლა თბილისშია, გოგონა კი ინგლისში. საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ ვინმეს გამუდმებით ვუმტკიცო, რომ მე კარგი ვარ. მეტიც, როცა მთავაზობენ ყველაფერი რაც უკრაინის მხრიდან მოდის, აპრიორი მივიჩნიო მართებულად, მათ შორის ჩემი და ჩემი შვილების სიკვდილის სურვილი, ეს შემიძლია გავიგო, არ მეწყინება. როგორც ამბობენ, ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს. ამ ხალხს ბომბების ქვეშ უწევს ცხოვრება. მათ აქვთ ყველანაირი სიფიცხის უფლება, მაგრამ ვინც ბომბების ქვეშ არ იმყოფებიან, ისინი როგორღაც ცოტათი მაინც უნდა მოერგონ ობიექტურ რეალობას.
რადიო თავისუფლება: უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს მოაწყდა ემიგრანტების დიდი ტალღა რუსეთიდან და მას შემდეგ აქ სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე იმართება კონცერტები, ლექციები, შემოქმედებითი საღამოები. თავიდან ბევრს კარგად არ ესმოდა... ვიდრე უკრაინაში ომია, ხალხი თვითონ იმყოფება იძულებით ემიგრაციაში და აქ კიდევ ლექციებს ესწრებიან სამეცნიერო აღმოჩენებზე. ახლახან თბილისში წაკითხული ლექციის შესახებ კინომცოდნე ანტონ დოლინმა თქვა: როცა კითხვა-პასუხზე გადავედით, არცერთი კითხვა არ დასმულა კინოზე, მხოლოდ მიმდინარე ვითარებაზე მეკითხებოდნენო. რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც თქვენს წარმოდგენებზე მოდიან?
დმირტი ბიკოვი: ისე გამოვიდა, რომ, რადგან ლექციებს ვკითხულობ არა ერთი და ორი წლის განმავლობაში, ძირითადად მეკითხებიან, რა წაიკითხონ, მთხოვენ მივცე წასაკითხი წიგნების სიები ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის და ა.შ. ან, მეკითხებიან, რა ხდება თანამედროვე ლიტერატურაში, ვისზე აიღონ ორიენტაცია. ვიქეცი წიგნების ერთგვარ მეგზურად, რისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, უფრო სასიამოვნო იქნებოდა უფრო მეტს რომ მეკითხებოდნენ ლექსებზე, რომანებზე ადა ა.შ. მაგრამ ჩემი ლექსები, რბილად რომ ვთქვათ, ყველასთვის არ არის განკუთვნილი, რომანები - მითუმეტეს. ეს არის რთული, არ ვიტყვი ელიტური (არ მიყვარს ეს სიტყვა), ლიტერატურა, მაგრამ ეს არის advanced reader-ის, მომზადებული მკითხველის ლიტერატურა, არ შემიძლია ვაიძულო ყველა, წაიკითხოს ეს ლიტერატურა. ამიტომ თუ ადამიანებს სურვილი აქვთ, მკითხონ ლიტერატურის ისტორიის ან წასაკითხი წიგნების შესახებ, მე დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ ამაზე. რაც შეეხება პოლიტიკური შინაარსის კითხვებს, მე ძირითადად ასეთ კითხვებს არ მისვამენ, რადგან ცხადია, რომ ჩემგან ვერაფერს ხმაურიანსა და სკანდალურს ვერ მოისმენენ. მე არ ვამბობ: მეგობრებო, ეს [რაც ხდება] სამარადჟამოდ არის. პირიქით, მე საკმაოდ ჯიუტი ოპტიმისტი ვარ. რუსეთთან მიმართებით დღეს ოპტიმისტი იყო საკმაოდ რთული საქმეა, იოლი ამოცანები კი არასოდეს მაცდუნებდა. ასე რომ, უმჯობესია თუ ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ.
რადიო თავისუფლება: გასაგები მიზეზების გამო, საქართველოსა და ქართველების შესახებ, ბევრად მეტი იცით, ვიდრე რუსეთის სხვა მოქალაქეებმა. ალბათ, გსმენიათ იმ წყენისა და გაბრაზების შესახებ, რომელსაც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოხატავს, როცა დაუსრულებლად გრძელდება საუბარი საქართველოზე „ღვთაებრივი სამზარეულოს“ კონტექსტში, როგორც ხაჭაპურის, ხინკლის, ქინძმარაულის, ცეკვების, სიმღერების სამყაროზე... ბევრს გულწრფელად არ ესმის, რა არის ცუდი ამ ასოციაციებში. თქვენ როგორ აუხსნიდით მათ?
დმიტრი ბიკოვი: ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა თანამედროვე რეჟისორმა, რეზო გიგინეიშვილმა მითხრა, იმისათვის, რომ ქართველი უყვარდეთ მოსკოვში, ცოტა იდიოტად უნდა მოაჩვენოს თავიო. ოთარ იოსელიანმაც ერთხელ საუბრისას მითხრა, რომ ერის იმიჯის წასახდენად იმდენი არავის გაუკეთებია, რამდენიც ქართულმა კომედიოგრაფიამ გააკეთაო. იგულისხმება არა გიორგი დანელია, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი რეჟისორია, არამედ ის შესანიშნავი კომედიები, რომლებიც აგებულია ქართულ მასალაზე. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის დიდი კულტურული ავანგარდის ქვეყანა დიაპაზონით: ჭავჭავაძე-წერეთლიდან რომან „დათა თუთაშხიამდე“, რომელიც, ჩემი აზრით, შესადარია მარკესთან და ზოგადად ლათინური ამერიკის პროზასთან. აბსოლუტურად გენიალური წიგნია, რომელსაც ხშირად გადავიკითხავ ხოლმე. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს მისცა პაოლო იაშვილი. ამასთან, ერთია 30-იანი წლების იაშვილი, როცა მას ქართველ მაიაკოვსკის უწოდებდნენ და სულ სხვაა 20-იანი წლების იაშვილი - მძლავრი პოეტი ავანგარდისტი. უნდა გავიხსენოთ ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ჩემი აზრთ, გენიალური პოეტი... შეიძლება გავიხსენოთ ირაკლი აბაშიძე, ხუტა ბერულავა... ყველა ის, ვინც იცავდა ქართული პოეზიის ღირსებას ტოტალური საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში. საქართველო იყო ერთგვარი აყვავებული კუნძული, სადაც შესაძლებელი იყო „მონანიების“ გადაღება, თქვენ წარმოიდგინეთ, 1983 წელს შევარდნაძის პირადი პატრონაჟით.
აქვეა ქართული კინემატოგრაფი თავისი საუკეთესო ნიმუშებით. აქვეა ქართული ლიტერატურა, პირველ რიგში პროზა, რადგან პოეზიაში უფრო იოლია ზომიერების დაცვა ფორმალური შეზღუდვების არსებობის გამო, მაგრამ თუ ავიღებთ ქართულ პროზას დაწყებულს დუმბაძით, დამთავრებულს ფანჯიკიძით - ეს არის ქართული პროზისთვის დამახასიათებელი ფორმის რაღაცნაირი საოცრად ჯადოსნური შეგრძნება.
სხვათა შორის ქართული სამზარეულოც გამორჩეულია ფორმის ჯადოსნური შეგრძნებით, გემოს ინტენსივობის სიმკვეთრისა და ფორმის დახვეწილობას შორის ჰარმონიული შეხამებით. ამაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო პირადი გამოცდილებით როგორც ქართველი ქალის, კატია ქევხიშვილის მეუღლემ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ ფორმის კულტზე, რომელიც დამახასიათებელია ქართული ხელოვნებისათვის, მოხდენილობის კულტზე, პროზის რიტმის გამაოგნებელ გრძნობაზე - ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იძულებულს მხდის ვილაპარაკო როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, დახვეწილ და რთულ ევროპულ კულტურაზე.
ამიტომ, საქართველო ჩემთვის ყოველთვის იყო ესთეტიკური კატეგორია, კვირიკაძის, ჯორჯაძის ქვეყანა, ქვეყანა, სადაც გადაღებულია ჩემი საყვარელი ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“; ქვეყანა „გიორგობისთვისა“ და „პასტორალისა“, ფილმებისა, რომლებიც საქართველოს გარდა შეუძლებელია სადმე გადაეღოთ და რაც ყველაზე უცნაურია, საფრანგეთშიც იოსელიანი განაგრძობს ქართული კინოს გადაღებას. „და იქმნა ნათელი“, რომელიც გადაღებულია ფრანგული ჯგუფის მიერ აფრიკაში, აბსოლუტურად ქართული სურათია. იქ თუ გახსოვთ, პირველი რეპლიკაა, რომლითაც შამანი მიმართავს ღმერთებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება და შეწყვიტეთ ეს წვიმა, თუ შეიძლებაო. ეს არის ქართული კინემატოგრაფის კვინტესენცია.
რადიო თავისუფლება: ეს ყველაფერი თქვენთვის რომ აშკარაა, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა, მაგრამ ბევრისთვის...
დმიტრი ბიკოვი: მგონი ყველასთვის აშკარაა. არსად მსოფლიოში არ არის პოეტის ისეთი კულტი, როგორიც საქართველოშია. იტყვით, გალაკტიონიო და ყველაფერი გასაგებია, არ არის საჭირო დაზუსტება, რომ გალაკტიონ ტაბიძეზეა ლაპარაკი. იტყვით „ვალერიანი“ - ყველასთვის გასაგებია, რომ გაფრინდაშვილია. ჭადრაკის კულტი, კინემატოგრაფის, ნამდვილი, სერიოზული კინოს კულტი... ასეთი დამოკიდებულება მუსიკისადმი... ყანჩელს არ შეეძლო ქუჩაში გავლა, ყველასთვის მშობლიური იყო. როგორც ფელინი რიმინიში, ისე დადიოდა.
ყოველივე ეს ასახავს საქართველოს ესთეტიკურობის კულტს. ღმერთო მაპატიე, მაგრამ მართალი იყო ბერია, რომელიც ამბობდა, რომ ეს არის ერი, რომელშიც ყოველი მეორე თავადია, ხოლო ყოველ პირველს არ სურს მუშაობაო. არადა, მათ სურთ მუშაობა, შემოქმედებით შრომა. სხვაგვარი შრომა, როგორც წესი, მოსწონთ მოსაწყენ, მძიმე ადამიანებს. ამგვარი შრომის კულტი ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. საქართველო სულზე მზრუნველთა ქვეყანაა.
რა თქმა უნდა, მძიმეა ქართული მიწათმოქმედება, საქართველო მთიანი ქვეყანაა, ვაზის გასახარად ოფლით უნდა მორწყვა მიწა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ამის კოდირება არ ხდება, შრომა არ არის სათნოება. სათნოებაა სიყვარული, შემოქმედება. მოკლედ, საქართველო ერთგვარი ნატვრის ხეა. იყო ამგვარი ტოტებგართხმული, მსხმოიარე ნატვრის ხე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე პრიმიტიული, უდრტვინველი შრომა. საქართველოში სწორედ ურთიერთობის ამ მძლავრი ნაკადისთვის ჩამოვდიოდით. მეც კი, სასმელთან უკიდურესად მწყრალად მყოფი ადამიანი, ყოველთვის თავდავიწყებით ვეშვებოდი სუფრულ მხიარულებაში, უსაშველოდ გრძელ სადღეგრძელოებში... სუფრის კულტიც, უნდა ვთქვათ, რომ არცთუ ისე ცუდი რამ არის, რადგან ადამიანებს ამ დროს ერთმანეთი უყვართ.
და ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საჭიროდ მიიჩნევს იცოდეს კერძების მომზადება, ასევე არის მოყვასზე ზრუნვის ერთგვარი ფორმა და ესეც ქრისტიანული სათნოებაა: უპირველეს ყოვლისა დააპურე ის, ვინც შენს სახლში მოვიდა. ასეთია ხემსისა და ღვინოების ამბავი. ასე რომ, როცა საქართველოში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, უკეთესები ვართ, ვიდრე როცა ვცხოვრობთ ცივ, მოქუშულ და უკიდურესად არამეგობრულ რუსეთში.
რადიო თავისუფლება: გასულ კვირას ქართულ საზოგადოებაში მოულოდნელად დაიწყო დისკუსია პუშკინის შესახებ. თბილისში თავისუფლების მოედანთან დგას ქალაქის უძველესი ქანდაკება, პუშკინის ბიუსტი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკვერის რეაბილიტაციისას გადაწყვიტა გაელესა და შეეღება პოსტამენტი, რომელსაც ასევე აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. როცა ხმაური ატყდა, თბილისის მერიამ პირვანდელი სახე დაუბრუნა ძეგლს, რომელსაც ამ სამ დღეში იმაზე მეტი ამბავი გადახდა თავს, ვიდრე დანარჩენი ასი წლის განმავლობაში, მაგრამ მე სულ სხვა რამ მაინტერესებს. ამ შემთხვევამ გააჩნია კითხვა: საერთოდ რატომ უნდა იდგეს პუშკინი თბილისის ცენტრში. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამგვარი შინაარსის დისკუსიებისადმი?
დმიტრი ბიკოვი: ის უნდა იდგეს იქ, რადგან პუშკინმა დაწერა:
“საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია,
ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.
ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია -
შენის მშვენებით და შუქით სავსე.
აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა
და აღარავინ მიღვიძებს დარდებს,
და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან
არ შეუძლია, რომ არ უყვარდეს”.
მაჩვენეთ თუ ვინმეს დაუწერია მსგავსი რამ საქართველოზე და მერე ვილაპარაკოთ. პუშკინმა დაიმსახურა ძეგლი თუნდაც იმის გამო, რომ სხვებზე უკეთესად აღწერა გოგირდის აბანოები თავის „არზრუმში მოგზაურობა“-ში. თბილისი გოგირდის აბანოების სარეკლამო კამპანია პუშკინმა დაიწყო, ხოლო თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ძეგლებთან ბრძოლა საჩოთირო საქმეა, რადგანაც ძეგლებს პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, თუმცა პუშკინისთვის, სიმართლე რომ ვთქვათ, სულ ერთია, რადგან მან უკვე ყველაფერი თქვა:
“მხატვარო დინჯო, შრომა შენი მოგწონს, თუ არა?
მოგწონს? დაე, მაშ ბრბომ მქირდავის ენით,
შენს საკურთხეველს შეფურთხებით ირგვლივ უაროს,
ბალღურ სიცელქით აქანაოს სამფეხა შენი.”
მან ისეთი ძეგლი აიგო, რომ როგორღაც გადაიტანს მასხრად აგდების გარეგნულ გამოვლინებას. პუშკინის ძეგლი არ ექვემდებარება არანაირ დევალვაციასა თუ ინფლაციას, რადგან ეს არის აბსოლუტად მარადიული მოვლენა, ხოლო იმ ხალხს, ვინც ამაზე მსჯელობს, უბრალოდ, საქმე არაფერი აქვთ.
რადიო თავისუფლება: პროგნოზის კეთება უმადური საქმეა, რა თქმა უნდა, მაგრამ რა მოლოდინი გაქვთ? ახალი წელია კარზე მომდგარი, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ცუდი 2022 წელში დარჩება...
დმიტრი ბიკოვი: არა, არ დარჩება, კიდევ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი იქნება პუტინისგან, რომელიც საკმარისად არ ჩაფუშულა. გასაგებია, რომ მორალური თვალსაზრისით დამარცხდა, რომ ისტორიული თვალსაზრისით, დიდი ხანია უკან არის გადასროლილი, მაგრამ როგორც მარშაკთან არის, გახსოვთ?
ნაძირალას თვალში მოსდეს,
შუბლზეც ადევს ფარანი,
მაგრამ მაინც იმუქრება:
- მოდი, კიდევ დამარტყი!
პუტინი განწირული ისტორიული ფიგურაა, მაგრამ, ნათქვამია, მკვდრები ებღაუჭებიან ცოცხლებს და თან მიათრევენ. ასე რომ, პუტინი კიდევ ბევრ რამეს ჩაიდენს. ვიმედოვნებ, რომ არ ააფეთქებს თავის საყვარელ ბომბს, აქამდე არ მივა საქმე, მაგრამ ჭაობის მყრალი სუნები დიდხანს შეგვაწუხებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნელ-ნელა ხდება თავისუფალი სამყაროს ლიდერი, რადგან უკან დასახევი არც არის.
როგორც თავის დროზე ერთი შესანიშნავი მწერალი, რუბენ გალიეგო წერდა, გმირად ვიქეცი იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდაო. ჩვენ ახლა არჩევანი არ გვაქვს. და როდესაც სევდიანად ვამბობ, როგორ ვოცნებობდი მშვიდ სიბერეზე და ამის ნაცვლად უნდა ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში და მეტიც, კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში უნდა ვიწანწალო, უნდა ვასწავლო სტუდენტებს მაშინ, როცა ასე ძალიან მსურდა ხანდაზმულობაში დიდების გვირგვინების დადგმა... ამაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ არჩევანი მართლა არ არის. გვინდა თუ არა, უნდა ვიქცეთ გმირებად, წინააღმდეგობის გმირებად და არაფერი საჩოთირო ამაში არ არის თუ იძულებით, შენი ნების გარეშე იქეცი გმირად, ეს უკეთესია, ვიდრე შენი სურვილით, რომ იქცე ზარმაცად ან დოყლაპიად. ვერაფერს ვიზამთ, უნდა მოვითმინოთ. მახსენდება ჩემი საყვარელი სპექტაკლი „ღვთაებრივი კომედია“, რომელშიც ღმერთი ადამ და ევას სამოთხიდან განდევნისას, ევას ემუქრება, ტანჯვებით იმშობიარებო, რაზეც ევა უპასუხებს: „ავიტანთ!“ ამ დროს ყველა ქვეყანაში ყველა დარბაზი ფეთქდება აპლოდისმენტებად. არა უშავს, ავიტანთ!