დმანისის ნაქალაქარი და მისი ტურისტული პოტენციალი

დმანისი

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.

დმანისის ნაქალაქარი

დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა.

შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები

მე18 საუკუნეში, დიდი ლეკიანობის ჟამს, დმანისშიც უამრავი ხალხი გაწყდა. ვინც გადარჩა, თავს უშველა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდა. დმანისის ნაქალაქარი 13 ჰექტარს მოიცავს.

სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე

1999 და 2001 წელს, დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად, იპოვეს ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების - თავის ქალები და ყბის ძვლები, რომლებსაც მოგვიანებით ჰომოერექტუსი​ შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალა და ოთხი ქვედა ყბაა აღმოჩენილი - მათ შორის, მზიასა და ზეზვას სახელით ცნობილი ყველაზე ადრეული თავის ქალები. სპეციალისტების მტკიცებით, მათი ასაკი 1.8 ათასი წლით თარიღდება. მათი რეკონსტრუირებული მულაჟები ახლა დმანისის მუზეუმში ინახება.

ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში

არქეოლოგი და ისტორიკოსი ჯუმბერ კოპალიანი, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ნაქალაქარში ჩასულ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა.

ჯუმბერ კოპალიანი

„დმანისის ეს აღმოჩენები უნდა გამოიყენოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ხელშეწყობის შემთხვევაში, ნაქალაქარში ტურისტების ტევა არ იქნება“, - ამბობს ჯუმბერ კოპალიანი. - „გერმანელს, ესპანელს, ფრანგს თუ ამერიკელს, რომელსაც შემოვლილი აქვს მთელი მსოფლიო, ფიქრობს სად წავიდეს. როცა ისინი გებულობენ უძველესი ადამიანის ბინადრობის ადგილს, ალაგებენ ჩემოდნებს და მოდიან აქეთ. ჩინეთში არის ისტორიული ადგილი, სადაც აღმოჩენილია ნახევარი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნაშთები, ტურისტების საოცარი ბუმია იქ. ჩვენი აღმოჩენა კი იმაზე მილიონი წლით უფროსია. ტურისტებს ზღვით ვერ დავაინტერესებთ, დავაინტერესებთ ისტორიული ძეგლებით, ისეთით, როგორიც დმანისის ნაქალაქარი და იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებია“.

შუა საუკუნეების გალავნის ნანგრევები

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტატუაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. 2019 წლისთვის მოხდება დმანისის ქალაქ-ნაკრძალისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამწლიანი გეგმა ასევე მოიცავს ღამის გასათევი და სასტუმრო ობიექტების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას. გადაამზადებენ გიდებს:

დმანისის სიონი, მე-7 საუკუნე

„დმანისის პოპულარიზებას ახალი ფაზიდან ვიწყებთ და ამაში დიდი როლი მედიას ეკისრება. 2019 წლიდან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულებისთვის, რეკრეაციული ზონების, აგროტურიზმისა და ეთნოტურიზმის განვითარებისთვის. დაზუსტდება ტურისტული მარშრუტი“.