არ დაუშვათ კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება - ახალი დირექტივა ახალციხის სკოლებში

ახალციხის საჯარო სკოლებმა რესურს-ცენტრისგან რეკომენდაცია მიიღეს. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა სკოლებში წითელი ყელსახვევების გამოყენების ფაქტების შესწავლა ოთხი თვის შემდეგ დაასრულა.

აუდიტის დასკვნაში წერია: ,,საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთება იდენტიფიცირებული იყო, როგორც საბჭოთა კავშირში არსებული ბავშვთა პიონერული ორგანიზაციის სიმბოლიკა. არ დაუშვათ და აღმოფხვერით კომუნისტური, ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება და გაატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები".

ახალციხის სომხურენოვან მესამე და ქართულენოვან მეხუთე საჯარო სკოლებში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. "ანბანის გაცილებისთვის" მოწყობილ ზეიმზე, მოსწავლეებს წითელი ყელსახვევები გაუკეთეს.

სკოლის დირექტორები რადიო თავისუფლებასთან ახალი რეკომენდაციის მიღებას ადასტურებენ.

,,მივიღეთ რეკომენდაცია, თუმცა ახლა არ შემიძლია ლაპარაკი“, – ამბობს მესამე სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა.

,,გვითხრეს, რომ ეს არის საბჭოთა სიმბოლიკა და არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში“ – აცხადებს პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

საბჭოთა სიმბოლოების გამოყენების და ზოგადად რუსული გავლენების გაძლიერების შესახებ საუბრობენ რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებშიც.

,,სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ დგას ამ მიმართულებით თავის სიმაღლეზე. შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლება უფლებას აძლევს ამ ადამიანებს, ღიად აწარმოონ ფაქტობრივად როგორც ეკონომიური, ასევე ფიზიკური საფრთხის შემცველი ქვეყნის პროპაგანდა“ – აცხადებს ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

ქვეყანაში შეცვლილი ვითარება არასახარბიელოა, მაგრამ ყველაზე საგანგაშო მაინც მოსახლეობის დამოკიდებულებაა – მიაჩნია საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს. ცირა მესხიშვილი საქართველოში გაუარესებულ სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ხალხს პროტესტის გრძნობა აღარ აქვს. რეგიონები სხვა პრობლემებზეა გადართული. სოციალური პრობლემები წამოვიდა წინ. ეს ყველაფერი არის ძალიან მიზანმიმართული, რომ ადამიანმა იფიქროს ლუკმა-პურზე და ქვეყნის ბედი აღარ გაინტერესებდეს. ხვალ მე ბანკის ვალის გადახდის დრო მომივა, მე ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს ლარის კურსი, რომელიც დოლარზე უნდა გადავახურდაო. სოციალურ დისკრიმინაციას მოაქვს ადამიანების გადაგვარება. კუჭზე გადის ყველაფერი, ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ასეა“, – აცხადებს ცირა მესხიშვილი.

სკოლებში ყელსახვევების გამოყენება არაინფორმირებულობის შედეგია – ფიქრობს ახალციხის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა.

,,არ ვეთანხმები ამ საქციელს, ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული, რომ რამე გლახა არ გამოვიდეს და გლახა არ მოხდეს“ .

,,დიდი დანაშაული არ არის, ევროპაშიც უკეთიათ და ამერიკაშიც ზოგიერთ სკოლებში, ოღონდ სხვადასხვა ფერი“.

,,რუსული სიმღერები ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ ყელსახვევის წინააღმდეგი არ ვარ“.

,,მთავრობის ბრალია, თორემ ზვიადის ან მიშას დროს ვინ გაბედავდა მაგას, რომ რუსული სიმბოლოები, ვარსკვლავები და დროშები გამოეტანათ? ეგ არის მიზანმიმართული, რომ ევროპაში არ შევიდეთ“.

,,რუსეთმა ისევ დაიწყო ბერკეტების ამუშავება. ერთდროულად წკეპლისა და ნაზუქის მიცემა, ვითომ კარგია პუტინი და ბოლომდე სანქციებს არ დაგვადებს“.

ბოლო პერიოდში სამცხე-ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებისა და ზოგადად რუსული პროპაგანდის ელემენტები გახშირდა.

9 მაისს უკვდავი პოლკის მსვლელობა პირველად მოეწყო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, 26 მაისს ანბანი წითელი ყელსახვევებით პირველკლასელებმა ახალციხის ორ სკოლაში "გააცილეს", რეგიონში დაფუძნდა საქართველო – რუსეთის ურთიერთობების რეგულირებაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მეგობრობა და ერთობა“, რომლის გახსნაზეც რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ვლადიმერ ხომერიკი ჩამოვიდა. ასევე ბოლო ოთხ წელიწადში რეგიონში 80-ჯერ გაიზარდა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღება რუსულ უნივერსიტეტებში არჩიეს.