დიოსკურიის ციხე ჩაძირული ქალაქის პირას

დიოსკურიის ციხე

დიოსკურიის ციხე საფრთხეშია - „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის“ აცხადებს, რომ აფხაზეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია და ორგანიზაციამ მათი დაცვა ICOMOS-სა და „ლურჯ ფარს“ სთხოვა.

ორგანიზაციის აქტივისტებმა, რომელთა ვინაობა უსაფრთხოების გამო არ სახელდება, აფხაზეთში ნახეს და გადაიღეს ბედია, ილორი, მოქვი და სხვა ქართული ძეგლები. ბევრი მათგანი დაზიანებული აღმოჩნდა. საფრთხეშია დიოსკურიის უძველესი ციხეც, რომელიც რომაელებმა ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ქალაქ დიოსკურიის ნანგრევებზე ააშენეს.

„ციხე ნაწილობრივ დანგრეულია, მისი სამხრეთი ნაწილი მთლიანად ზღვაშია, კედლები იშლება. თუ დროზე არ გაკეთდა კონსერვაცია, ამ ციხეს დავკარგავთ“, - ამბობს მოძრაობის წარმომადგენელი ანა დუმბაძე.

ციხე ზღვის პირას

დიოსკურიის ციხე, რომელსაც სხვაგვარად სებასტოპოლისის ციხესაც უწოდებენ, სოხუმში, ზედ ზღვის ნაპირზე დგას. ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი დროთა განმავლობაში წყალმა დაფარა. ციხის ეზო დაახლოებით 12000 კვადრატული მეტრია. აშენებულია ყორექვით და კირის დუღაბით.

ოდესღაც ციხის კუთხეებში მოწყობილი გოდოლებიდან შედარებით უკეთ ჩრდილო ორი გოდოლი შემორჩა. საბჭოთა პერიოდში ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის გოდოლზე რესტორანი დააშენეს. მეოთხე გოდოლი დანგრეულია.

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ნოდარ ბერულავა ჰყვება, რომ ციხე რამდენჯერმე გადააკეთეს, მისი ყველაზე ძველი შრე რომაული კასტელუმია (რომაული მცირე ციხე) და სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეს განეკუთვნება.

„თავიდან იქ იყო რამდენიმე კასტელუმი, თითოეული ფართობით ასი მეტრი ას მეტრზე. ეს არის სტანდარტი რომაული ბანაკისთვის, რომელსაც ერთი კოჰორტის დასაბანაკებლად აგებდნენ. კოჰორტაში დაახლოებით 500 კაცი იგულისხმება. ამ ციხის გარშემო აუცილებლად იქნებოდა ე.წ. კანაბა - დასახლება სამოქალაქო პირებისთვის. ისინი სამხედროებს ემსახურებოდნენ. შეიძლება არც ყოფილიყვნენ ადგილობრივები და ჯართან ერთად ჩამოსულიყვნენ“, - ამბობს ნოდარ ბერულავა.

ისტორიული წყაროებით, მეექვსე საუკუნეში რომაელები სებასტოპოლისის (იგივე დიოსკურიის) ციხესა და ბიჭვინთის ციხეში იყვნენ განლაგებულები. სპარსელების შემოსევისას ორივე ციხე თავადვე დაანგრიეს, მიხვდნენ, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ციხის ერთ-ერთი ნანგრევი

1578 წელს დიოსკურიის ციხე თურქებმა დაიპყრეს, მოგვიანებით ის აფხაზეთის მთავრების რეზიდენცია გახდა. 1810 წელს აქ საპყრობილე მოეწყო.

„მე-19 საუკუნის დასაწყისამდე იქ თურქები ისხდნენ. ციხე ბოლოს აშენებულია რიყის ქვით, პრაქტიკულად ფუნდამენტის გარეშე. თურქებმა მშენებლობის ახალი მეთოდი გამოიგონეს, ზღვასთან სიახლოვის გამო ფუნდამენტს ვერ აკეთებდნენ, ამიტომ ყოველ ორ მეტრში, ქვის წყობაში ხის მორები შეტენეს. ეს კედელს ელასტიურს ხდიდა და რბილ გრუნტს უკეთ უძლებდა.

ვინც სოხუმში ცხოვრობდა, კარგად ეხსომება ციხის კედელში მრგვალი ღარები - ხე დალპა და ღარები დარჩა. ციხე ბოლოს, თუ არ ვცდები, ხრუშჩოვის ეპოქაში დაანგრიეს, როდესაც სოხუმში გზა გაჰყავდათ. მისი ნანგრევები დღემდე ჩანს წყალში“, - ამბობს ნოდარ ბერულავა და 80-იანი წლების გათხრებს იხსენებს, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, - „არქეოლოგ მიხაილ გუმბასთან ერთად დიოსკურიის ციხის წინ გათხრები გვქონდა. რამდენიმე კედლის ფრაგმენტი ვნახეთ, სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო. მაშინ გუმბამ თქვა, აქ ელინისტური ეპოქის კვალიაო, ანუ რომაელებამდე პერიოდის“.

ჩაძირული ქალაქი

ისტორიული წყაროებით, სოხუმის ადგილას ან იქვე ადრე ქალაქი დიოსკურია იყო. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ზღვის ზოლმა მდებარეობა შეიცვალა და ქალაქი ახლა წყლით არის დაფარული. დიოსკურია მაშინ დაახლოებით იმხელა უნდა ყოფილიყო, რამხელაც ახლანდელი დიდი სოფელია.

ასევე ნახეთ ქალაქი, რომელსაც წყალშიც ეძებენ და ხმელეთზეც

დიოსკურია რამდენჯერმე არის ნახსენები ძველ ბერძნულ წყაროებში. ის უკვე არსებობს ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეებში, შეიძლება უფრო გვიანაც. ქალაქში ასზე მეტი სხვადასხვა ტომის ადამიანი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად ვაჭრობით იყვნენ დაკავებული.

„დიოსკურიაში ჩასულებს ხან სამოცი, ხან ასოცი თარჯიმანი სჭირდებოდათ. დიოსკურია იყო რეგიონალური მნიშვნელობის ქალაქი. იქ იყიდებოდა მარილი, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოჰქონდათ. შესაძლოა, ამ მარილით მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ამარაგებდნენ“, - ჰყვება ნოდარ ბერულავა და იმასაც ამბობს, რომ ქართულ ფოლკლორში ამ ქალაქის შესახებ არაფერი შემორჩენილა, - „ქართულმა ტრადიციამ სახელი დიოსკურია არ შემოინახა. ყველაფერი, რაც კი კოლხეთს და იმ პერიოდს შეეხება, ბერძნებისგან ვიცით“,

„დიოსკური“ ბერძნულად ტყუპისცალს ნიშნავს. ბერძნული მითის თანახმად, ქალაქ დიოსკურიის დაარსება, ტყუპ ძმებს, დიოსკურებს -კასტორსა და პოლუქსის (პოლიდევკე) უკავშირდება, რომლებიც კოლხეთში არგონავტებს ჩამოჰყვნენ. კიდევ ერთი ვერსიით, ამ სიტყვას ქართული ფესვები აქვს.

„დია“ სვანურად დედას ნიშნავს, წყური - წყალს მეგრულად. გამოდის ადგილობრივ ტოპონიმებთან გვაქვს საქმე, „წყლის დედა“ ან რამე ამდაგვარი“.

1953 წელს, იქ სადაც, მეცნიერების აზრით, ჩაძირული ქალაქი უნდა მდებარეობდეს, იპოვეს სტელა - საფლავის ქვა, რომელიც ძვ. წ. 430-420 წწ.-ით თარიღდება. სტელაზე ორი ქალია გამოსახული. ის ახლა სოხუმის მუზეუმში ინახება. სადაც სტელა აღმოჩნდა, მოგვიანებით წყალქვეშა ექსპედიციაც მოაწყვეს. იმედი ჰქონდათ, ზღვის ფსკერზე დიოსკურიის ნაშთებს მიაგნებდნენ. მაშინ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვეს. დღეს კვლევების გაგრძელება უკვე პოლიტიკური ვითარების გამო ვერ ხერხდება.