სამხედრო უწყების ინფორმაციით, გეგმურ სწავლებაში ჩართულია 300-მდე გემი, კატერი და წყალქვეშა ნავი, 50-მდე საფრენი აპარატი, 200 ერთეულზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა და 20 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალი.
"რუსეთისთვის ეს არის ძალის დემონსტრირება, რომლითაც სურს დაუმტკიცოს პოტენციურ მოკავშირეებსაც და პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც, რომ ის კვლავაც ძლიერი საზღვაო სახელმწიფოა, რაც კრემლისთვის არც ისე იოლი საქმეა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო ექსპერტმა ოლეჰ ჟდანოვმა.
სამხედრო-საზღვაო ძალთა ასეთ მასშტაბურ დემონსტრირებაში არ მონაწილეობს შავი ზღვის ფლოტი, რომელმაც უკრაინასთან ომში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ამასთანავე, უკრაინული მხარე ფლობს ინფორმაციას, რომ შავი ზღვის აკვატორიაში სწავლების მიზნით ამჟამად სამი რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფება.
"შავი ზღვის ფლოტისგან პრაქტიკულად ფლოტილია დარჩა"
რუსეთის მასშტაბური საზღვაო წვრთნების დაწყებას წინ უძღოდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც 28 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა.
მისასალმებელ სიტყვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა შეაქო რუსი მეზღვაურები, რომლებიც მამაცურად იცავენ სევასტოპოლს და შავი და აზოვის ზღვების სხვა პორტებს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, მთავარი საზღვაო აღლუმის ეთერში, 28 ივლისს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მხოლოდ ორი გემი აჩვენეს რუს მაყურებელს. საერთო ჯამში, აღლუმში მონაწილეობდა 25 მცურავი ხომალდი, მაშინ როდესაც 2021 წელს რუსეთის საზღვაო ძალების დღის აღლუმზე ორჯერ მეტი იყო.
„ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა კი ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღლუმში არ მონაწილეობდა არცერთი ის ხომალდი, რომელთა განადგურების ან დაზიანების შესახებ უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებდა.
ასევე ნახეთ
როგორ იქცა ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "სასაფლაოდ"დანაკარგების თაობაზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ საუბრობს.
რუსეთი ასევე არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც შავი ზღვის ფლოტის გემები არ მონაწილეობენ 30 ივლისს დაწყებულ მანევრებში, რომელიც, ოფიციალური პრესრელიზის ცნობით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ისახავს მიზნად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნები მოიცავს სარაკეტო და საარტილერიო სროლას და პირობითი საზღვაო და საჰაერო სამიზნეების განადგურებას, ასევე ნავსაწინააღმდეგო შეიარაღების გამოყენებას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შავი ზღვის ფლოტი წვრთნებს ტოვებს იმის გამო, რომ უკრაინის ინტენსიური იერიშების შედეგად იგი ხელახლა დაკომპლექტებას საჭიროებს.
„იმიტომ არ მონაწილეობს, რომ მონაწილეობის მიმღები არავინაა. შავი ზღვის ფლაგმანი გემი ზღვის ფსკერზე წევს. ფლოტის საბრძოლო შემადგენლობის 20-ზე მეტი ხომალდი განადგურებულია ან გამოსულია მწყობრიდან, დღეისათვის არცერთი დაზიანებული ხომალდი მწყობრში არ დაბრუნებულა. ამიტომ არ იღებს ამ სწავლებაში მონაწილეობას შავი ზღვის ფლოტი, რომლისგანაც დღეს პრაქტიკულად ფლოტილია დარჩა“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ოლეჰ ჟდანოვი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ აკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას ან არ აქვს ზღვიდან იერიშების განხორციელების პოტენციალი.
ამას ადასტურებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობა, რომლის თანახმად, ივლისის ბოლოს შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა და იქ მანევრირებს 3 რუსული წყალქვეშა ნავი.
"ეს უფრო წააგავს პირადი შემადგენლობის წვრთნას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვარჯიშები ყოველთვის მთავრდება პრაქტიკული სროლით. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ველოდოთ საფრთხეს ამ დანაყოფებისგან და, შესაბამისად, ჩვენ ამას ველოდებით", - მოჰყავს გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალური წარმომადგენლის, დმიტრი პლეტენჩუკის სიტყვები.
"განიხილება ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენება"
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს სერიოზულად დაეზიანებინათ ან გაენადგურებინათ ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებული, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არაერთი ხომალდი. მათ შორის: ფლოტის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“, უახლესი კორვეტი „სერგეი კოტოვი“, დიდი სადესანტო ხომალდები - „სარატოვი“, „ნოვოჩერკასკი“, „ცეზარ კუნიკოვი“, ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღა.
ასევე ნახეთ
როდის და რამდენი სამხედრო გემი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში?უკრაინის მხრიდან შემდგომი დარტყმების მუქარის გამო, შავი ზღვის ფლოტის დარჩენილი მცურავი საშუალებები და ქონება სევასტოპოლიდან და ოკუპირებულ ყირიმიდან ნოვოროსიისკში (რუსეთი) გადავიდა. მაგრამ უკრაინული მხარის ინფორმაციით, ნოვოროსიისკში არსებული შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა ვერ იტევს ყველა ხომალდს, რის გამოც რუსეთის სარდლობა შავ ზღვაზე მათთვის ახალ, უსაფრთხო ნავსაყუდელს ეძებს.
„რუსეთს 2017 წლის შემდეგ უნდა აეშენებინა ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის ინფრასტრუქტურა ნოვოროსიისკში, რომელიც შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზას წარმოადგენს. მაგრამ არ აუშენებია. ახლა კი შეიქმნა სიტუაცია, როდესაც უკრაინამ ფაქტობრივად გააძევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან. მათ გაიყვანეს ყველა საბრძოლო ხომალდი, მათ შორის უზრუნველყოფის ხომალდებმაც დატოვეს ყირიმი. საწყობები, რომლებიც ხომალდების სარემონტო მარაგ-ნაწილებით და მოწყობილობით იყო სავსე, - ყველაფერი გატანილია ყირიმიდან. ამიტომ ნოვოროსიისკის ბაზა დღეს ვეღარ იტევს ამ რაოდენობის ხომალდებს. რუსებმა სცადეს მათი განთავსება აზოვის ზღვაში, სადაც ისინი ძირითადად დრეიფზე იმყოფებოდნენ. მაგრამ პორტ „კავკაზზე“ უკრაინის სარაკეტო იერიშის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია მიხვდა, რომ უკრაინელები მათ იქაც მისწვდებიან. ამიტომ სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი არის ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენება, იმ ხომალდების მისაღებად, რომლებსაც ადგილი არ ჰყოფნით ნოვოროსიისკის ძირითად ბაზაზე. მაგრამ დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად იქნება რეალიზებული ეს პროექტი და რამდენად მოახერხებს რუსეთი ომის პირობებში ასეთი ბაზის ასაშენებლად ფინანსების მოზიდვას. და მიუხედავად ამისა, ასეთი პროექტი არსებობს და ასეთი ვარიანტი განიხილება“, - უთხრა ოლეჰ ჟდანოვმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს,
მიმდინარე წლის დასაწყისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში აშენებს სამხედრო ფლოტის ბაზას, რომელიც, შამბას თქმით, უკვე 2024 წელს შეიძლება ამოქმედდეს.
სოხუმის წარმომადგენლის თანახმად, ამჟამად რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების ეტაპზეა და სამშენებლო სამუშაო ჯერ არ დაწყებულა. შამბა ვერ აკონკრეტებს, რა ტიპის ხომალდები განთავსდება ფლოტის არეალში.
ასევე ნახეთ
შამბა ადასტურებს, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში აშენებს საზღვაო ფლოტის ბაზას, რომელიც, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდესუკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს, ოლექსი ნეიჟპაპას გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ოჩამჩირის ბაზირების პუნქტი შენდება ანექსირებულ ყირიმში კონცენტრირებული ხომალდების გადანაწილების მიზნით.
ივნისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა თქვა, რომ რუსეთი მალავს დიდ ხომალდებს და "კალიბრის" რაკეტების მატარებლებს, მაგრამ "მათზე ნადირობა არ უნდა შეწყდეს".
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითად დამრტყმელ ძალას სწორედ ეს რაკეტმზიდი ხომალდები და ატომური წყალქვეშა ნავები წარმოადგენენ.
„ეს არის „ბორეის“ კლასის წყალქვეშა ხომალდები, რომლებიც „ბულავის“ რაკეტების გადასატანად შეიქმნა, მაგრამ ეს რაკეტები დღემდე არ დაფრინავენ. ამიტომ სასწრაფოდ დაიწყეს ამ ხომალდების აღჭურვა „კალიბრის“ რაკეტებით. შესაბამისად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ სწორედ ეს ატომური წყალქვეშა ნავები და რაკეტმზიდი ხომალდები. რადგან წყლისზედა ხომალდებიდან ყველაზე მძლავრად ითვლება „პეტრე დიდი“, მაგრამ ეს ძველი საბჭოთა ხომალდია. „ადმირალი კუზნეცოვი“ საერთოდ არ არის სათვალავში მისაღები, ვინაიდან მისგან მხოლოდ სახელიღა დარჩა, რადგან აღარც რემონტს ექვემდებარება და რუსეთს არც მისი რემონტის საშუალება გააჩნია“, - დასძენს ოლეჰ ჟდანოვი.
- 2019 წლის მონაცემებით, სარაკეტო კომპლექსი „კალიბრი“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში იმყოფება. ღია წყაროების თანახმად, ამ კომპლექსში შემავალი ფრთოსანი რაკეტა 3M14-ის მაქსიმალური სროლის დიაპაზონი, დაახლოებით, 2 ათას კმ-ს აღწევს.
- საზღვაო ბაზირების "კალიბრის" რაკეტებით რუსეთი ხშირად ბომბავს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ კრიტიკული მნიშვნელობის Პინფრასტრუქტურულ ობიექტებს.