ელჩების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მზად არის შეხვდეს ოპოზიციურ ერთობას. 30 ნოემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით მივლენ. ოპოზიცია ე.წ. "გერმანული მოდელის" გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებით აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი არ შეესაბამება კონსტიტუციას და მისი მიღება შეუძლებელი იქნება.
რას აპირებს ოპოზიცია?
ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. „გერმანული მოდელის“ შეჯერებულ პროექტს. პროექტი ახლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავნება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ:
- პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დაპირების არშესრულების შემდეგ, ე.წ. „გერმანული მოდელი“ ერთადერთი გამოსავალია ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად;
- ე.წ. „გერმანული მოდელი“ ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი და ხალხის ნების ამსახველი არჩევნების ჩასატარებლად;
- პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი დამტკიცება 76 ხმით, სწრაფად იქნება შესაძლებელი;
- როდესაც პროექტი ოდირის დადებით დასკვნას მიიღებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა გზა მოეჭრება და მისი უარი კიდევ უფრო მძიმედ იქნება აღქმული.
„შავზე თეთრის მტკიცებით თავიანთ სახეს კარგავენ („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები). ელემენტარულად, ცოტა სახე მაინც შეინარჩუნონ - ხომ გაირკვევა საბოლოო ჯამში ყველაფერი, რომ კონსტიტუციას შეესაბამება“, - ამბობს გიორგი ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა სრულად არის დაკარგული, ოპოზიცია მზად არის მივიდეს ელჩების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. თუმცა მათი მთავარი პირობაა, ძირეულად იმსჯელონ ე.წ. „გერმანული მოდელის" დამტკიცებაზე და იმოქმედონ ოდირის დასკვნის შესაბამისად.
ასევე ნახეთ ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტი წარადგინესპროექტის ავტორს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს კიდევ ერთი შეთავაზება აქვს: ქვეყანაში კრიზისის დაძლევის მიზნით, დამტკიცდეს „გერმანული მოდელი“ და შემდეგ მხარემ, რომელიც მას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ თვლის, საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიანდოს.
რას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
თუკი წინასწარი განცხადებების შინაარსით ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებაში“ არცკი განიხილავენ ე.წ. „გერმანული მოდელის“ დამტკიცების პერსპექტივას. განხილვა იქნება, მაგრამ უმრავლესობა ამ საკითხზე შეჩერებას არ აპირებს.
„გერმანული მოდელიც იქნება, ბუნებრივია, განხილვის ერთ-ერთი საგანი... აქ დიდხანს გაჩერებას ჩვენ ბუნებრივია არ ვაპირებთ... საკითხი არის ძალიან ნათელი - იმდენად ცხადია წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა“ და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ აქ ერთადერთი დამატებითი ახსნაა საჭირო და მეტი არაფერი“, - განაცხადა 29 ნოემბერს უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ უცხოელმა დიპლომატებმა დაიყოლიეს:
- „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან...“;
- „მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ისინიც ხედავენ ოპოზიციის მხრიდან, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის რაღაც ფორმატში...“;
- „კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ საბოლოო ჯამში ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს“.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არაერთხელ განაცხადა, რომ დისკუსია დამთავრებულია და 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. უმრავლესობა არ განიხილავდა „გერმანულ მოდელზე“ ან სხვა რაიმე პროექტზე შესაძლო შეთანხმების საკითხს. დიპლომატიურმა ძალისხმევამ ეს მსჯელობა შესაძლებელი გახადა, თუმცა ანალიტიკოსებს უჭირთ შედეგების პროგნოზირება.
პარტნიორების ძალისხმევა და მოლოდინი
29 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი ისევ მართავდა შეხვედრებს პარლამენტში და ის პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც შეხვდა. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს:
- მხარეებმა უნდა ილაპარაკონ ერთმანეთთან - აუცილებელია დიალოგი;
- შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იქნება ე.წ. „გერმანული მოდელი“;
- უნდა გამოინახოს ფორმატი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს;
- მოხდება ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა;
- მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებით შეშფოთებული უცხოელი პარტნიორების მოწოდება თავიდანვე დიალოგის აუცილებლობასა და კომპრომისული გამოსავლის ძიებას უკავშირდებოდა. მოწოდება ორივე მხარეს ეკუთვნოდა.
ასევე ნახეთ ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები: "სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას"მართალია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ელჩებს შეკითხვები არა აქვთ, ანალიტიკოსებისთვის ცხადი იყო, რომ - უცხოელი პარტნიორები საკითხს ამოწურულად არ თვლიდნენ.
„ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა 27 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართული დებატებიც. გამომსვლელები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ მხარეების მიერ მოძებნილი კომპრომისული გამოსავლით არის შესაძლებელი.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში შექმილი კრიზისის გამოანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს იტყვის კომპრომისული გამოსავლის ძიებაზე, ის საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე კრიტიკას დაიმსახურებს და ეს ფაქტი უკვალოდ არ ჩაივლის.
ამასთან, ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცევა.