საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა ძირითადად დაადგინა, რომ მსჯავრდებულს ნამდვილად აღენიშნება ჰორნერის სინდრომი, თუმცა რამ გამოიწვია იგი, ჯერჯერობით უცნობია.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ პენიტენციურ სამსახურს მათთვის მისაღები დიაგნოზის დოკუმენტურად „გაპრავება“ სურს, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილს პრაქტიკულად არ უტარდება მკურნალობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებით მოწვეულ კონსილიუმში, რომელიც „მედიქლაბჯორჯიაში“ სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული სამი ექიმი-ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტიც- მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათგან ერთ-ერთმა, ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ განმარტა, მისი აზრით, პაციენტი სრულად არის გამოკვლეული და საბოლოოდ ექიმები ორ ვერსიაზე ეჭვობენ.
„მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე...", - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.
სამედიცინო კონსილიუმმა სასჯელაღსრულების სამსახურს ვანო მერაბიშვილის დამატებითი კვლევების, კერძოდ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის არასოდეს ყოფილა ცნობილი, რა კვლევები უტარდება და როდის რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ ვანო მერაბიშვილი.
„მედიქლაბჯორჯიაში“ ვანო მერაბიშვილი 2 ოქტომბერს დილით გადაიყვანეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მსჯავრდებულის აღნიშნულ კლინიკაში მოთავსება ინტოქსიკაციის შესახებ ადვოკატების მიერ გამოთქმული ეჭვის გაბათილებას ისახავდა მიზნად. კლინიკაში ვანო მერაბიშვილს ძირითადად ამ მიმართულებით ჩაუტარდა კვლევები, თუმცა ადვოკატების სკეპტიციზმი ვერც ამ გარემოებამ შეცვალა. კერძოდ, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ კვლევა ძირითადად წარიმართა ვანო მერაბიშვილის სისხლში 8 მძიმე მეტალის - ტყვიის, თუთიის, მაგნიუმისა და ასე შემდეგ - აღმოჩენის მიმართულებით, რაც დაბინძურებულ გარემოში ბევრ ადამიანს სპეციალური ინტოქსიკაციის გარეშეც შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, ადვოკატები ფიქრობენ, რომ პენიტენციურ სამსახურს მათთვის მისაღები დიაგნოზის დოკუმენტურად „გაპრავება“ სურს, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილს პრაქტიკულად არ უტარდება მკურნალობა.
პენიტენციური სამსახურის მიერ 3 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით კი, პაციენტს, „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, დინამიკაში ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება აღენიშნება და ამას თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს. ამავე განცხადებით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს მისი სამედიცინო კვლევების შედეგების სრული ასლები გაეგზავნათ, მათ შორის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებიც. ამ განცხადების საპირისპიროდ, ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის არასოდეს ყოფილა ცნობილი, რა კვლევები უტარდება და როდის რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ ვანო მერაბიშვილი. ეს პრეტენზია 3 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თამარ სალაყაიამაც გამოთქვა. მოთხოვნის მიუხედავად, მას მსჯავრდებულის მონახულების საშუალება კლინიკაში არ მიეცა:
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესებას მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან უჩივის. თავიდან მას თვალის ანთებასა და სასუნთქი გზების პრობლემებზე მკურნალობდნენ სპეციალური წვეთებითა და აეროზოლებით. მკურნალობის კურსის არაეფექტურობის გამო, ადვოკატებმა გამოთქვეს ეჭვი მისი შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების დღიდან მოყოლებული, სპეციალური კვლევებისთვის ვანო მერაბიშვილი კლინიკაში ხუთჯერ გადაიყვანეს, მისი დიაგნოზი კი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თუმცა ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ნებართვის გარეშე, პენიტენციურმა სამსახურმა 24 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ ადვოკატები ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის სრულყოფილ გამოკვლევას ითხოვენუწყების წერილობითი განცხადების თანახმად, მსჯავრდებულს სპეციალური ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო კონიუნქტივიტი დაუდგინდა. რამ გამოიწვია კერძოდ, ჰორნერის სინდრომი, ჯერჯერობით მაინც უცნობია. თუმცა სამედიცინო კონსილიუმის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა, თერაპევტმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ კვლევების შედეგებით გამოირიცხა სიმსივნური პათოლოგია, სახის ნერვის დამბლა და ეგზოგენური ტოქსიკაცია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. იგი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის. საპატიმრო ვადა ვანო მერაბიშვილს 2020 წლის მარტში ეწურება.