დეტალები საქმიდან: დამნაშავეა თემირლან მაჩალიკაშვილი?

2017 წლის 26 დეკემბერს, როცა სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა, სახელმწიფომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტების და კერძოდ, საერთაშორისო ტერორისტის - ახმედ ჩატაევის მხარდამჭერად გამოაცხადა. მას შემდეგაც, ეტაპობრივად გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ყოველ ჯერზე ცდილობდა ამ ვერსიის განმტკიცებას. მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსი არასდროს ჰქონია, ხოლო იანვარში პროკურატურამ გამოაცხადა გადაწყვეტილება - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ადვოკატებს საგამოძიებო მასალებზე წვდომის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ, 2-წლიანი დაგვიანებით.

ეხმარებოდა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებს? არსებობს თუ არა მტკიცებულებები 19 წლის ბიჭის წინააღმდეგ? EMC-მ აღმოაჩინა, რომ გამოძიების ლოგიკა ძირითადად არასრულყოფილი, დაუსაბუთებელია და ის ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. სუსში და პროკურატურაში კი დამატებით შეკითხვებს არ პასუხობენ.

დაურეკა თუ არა ჩატაევმა თემირლან მაჩალიკაშვილს?

სუსის მტკიცებით, 2017 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსულმა საერთაშორისო ტერორისტმა, ახმედ ჩატაევმა მისთვის წინასწარ გაგზავნილი სატელეფონო ნომრიდან (XXX XXXX20) პირველად სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე (XXX XXXX29) დარეკა.

მედიაში და ძირითადად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით მრავალჯერ გამეორებულმა ამ ინფორმაციამ გააჩინა ლოგიკური აღქმა, რომ საუბარი ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილს შორის შედგა.

თუმცა EMC-ის მიერ შესწავლილი საგამოძიებო მასალებით ეს არ დგინდება - „საქმის მასალებში მოიპოვება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის თ. მაჩალიკაშვილის მიერ აღნიშნული ტელეფონის ნომრით სარგებლობას და მით უფრო ა. ჩატაევთან სატელეფონო კავშირის შესაძლებლობას“.

კერძოდ:

  • XXX XXXX29 - ეს ტელეფონის ნომერი მართლაც რეგისტრირებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე, თუმცა რეგისტრაციის მონაცემებში მისი პირადი ნომრის ნაცვლად, მითითებულია სხვა პირის პირადი ნომერი;
  • ამ ნომრიანი სიმბარათი სხვადასხვა დროს მოთავსებული იყო სხვადასხვა მობილურ ტელეფონში (ეს დგინდება მობილური ტელეფონის უნიკალური იმეი-კოდის (IMEI) საშუალებით);
  • 2017 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც ჩატაევმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სიმბარათი ნომრით XXX XXXX29 მოთავსებული იყო მობილურ ტელეფონში იმეი-კოდით 356100061510250;
  • ასეთი კოდი არ აღმოაჩნდა არც თემირლან მაჩალიკაშვილის და არც მისი ოჯახის წევრების მობილურ ტელეფონებს (რომლებიც 2017 წლის 26 დეკემბერს სუსმა თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო);
  • თემირლან მაჩალიკაშვილი სარგებლობდა სულ სხვა სატელეფონო ნომრით (XXX XXX X00) და არ დასტურდება, რომ ასეთ ნომრიანი სიმბარათი ოდესმე მოთავსებული იყო მობილურ ტელეფონში იმეი-კოდით 356100061510250.

ასევე ნახეთ მაჩალიკაშვილები: ტერორისტების მოკავშირის სახელი და სამართალი

EMC აცხადებს, რომ შესწავლილ მასალებში არ იძებნება ინფორმაცია ამ კონკრეტული იმეი-კოდის (356100061510250) მქონე მობილური ტელეფონის რეალური მფლობელის შესახებ - „გენერალურმა პროკურატურამ ჩვენი ორი მიმართვის მიუხედავად არ გაგვცა პასუხი - არის თუ არა გამოძიებით დადგენილი, თუ ვის მფლობელობაში იყო მობილური ტელეფონი აღნიშნული კოდით“.

პროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ შესაძლებელია თემირლან მაჩალიკაშვილმა შეიძინა მობილურის ნომერი და შემდეგ ის ჩატაევის გარემოცვის წევრებს გადასცა, რაც ტერორიზმის მხარდაჭერად უნდა შეფასდეს.

თუმცა EMC-ის ინფორმაციით, საქმეში არც ნომრის შეძენა-გადაცემის ფაქტი დასტურდება და ასეც რომ იყოს, ამ ფაქტის ტერორიზმის მხარდაჭერად შეფასებისთვის აუცილებელი იყო იმის დადასტურებაც, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა, რომ მობილურის ნომერი სწორედ ტერორიზმთან დაკავშირებულ პირს გადასცა.

ერიცხებოდა თუ არა ფული თემირლან მაჩალიკაშვილს?

სუსის მტკიცებით, უცხოეთიდან სისტემატიურად ირიცხებოდა თანხები ტერორიზმის მხარდაჭერაში მხილებული პირების და მათ შორის - თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშებზე.

„იმედის“ სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა, ხაზგასმულია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტებმა ფულის მიმღებ პირად „სუფთა წარსულის“ გამო შეარჩიეს. სიუჟეტში არ არის კონკრეტულად დასახელებული, თუ რა სიდიდის თანხა ან ვისგან მიიღო თემირლან მაჩალიკაშვილმა, თუმცა ნათქვამია, რომ - ფულადი გზავნილების სქემაში ჩართული იყვნენ „ტერორისტული დაჯგუფების წევრების ყოფილი და მოქმედი ცოლები“.

EMC კი, შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ:

  • TBC ბანკის 2018 წლის 8 იანვრის წერილის თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშზე (რომლის რეკვიზიტები, სუსის ინფორმაციით, აღმოჩენილ იქნა გაბრიელ სალოსის გამზირზე N49 ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა და ჩატაევმა თავი აიფეთქა), არ ფიქსირდება ტრანზაქციები და არ აღირიცხება ფულადი გზავნილები;
  • შესწავლილი საქმის მასალებით არ დასტურდება სუსის განცხადებები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირების მიერ.

ასევე ნახეთ პანკისის სპეცოპერაცია: რა (არ) თქვეს მაღალჩინოსნებმა?

EMC დაინტერესდა, არსებობს თუ არა დამატებითი ინფორმაცია ამ ერთი საბანკო ანგარიშის მიღმა, რომელიც დაადასტურებდა რაიმე სახის ფულადი გზავნილების არსებობას თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ პასუხის ნაცვლად მიიღო განმარტება, რომ - ინტენსიური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო.

რატომ ცხოვრობდა თემირლანი ტერორისტებთან ერთად?

სუსის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის ივნისში მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად. პირველი დაკავებულია, ხოლო მეორე - ლიკვიდირებულია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.

  • გავრცელდა ვიდეომასალაც, თუ როგორ ეხმარებოდა მათ თემირლან მაჩალიკაშვილი მობილური ტელეფონების შეძენაში, 2017 წლის 10 ნოემბერს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • ფიგურირებდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაქირავებ ბინაში უკაბელო ინტერნეტკავშირის (Wi-Fi ) პაროლად "Temirlani"-ი იყო მითითებული, ხოლო ბორზიევის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ინტერნეტმომსახურების ხელშეკრულების ფოტო.
  • ბორზიევთან და სოლტახმადოვთან მჭიდრო კავშირის დასტურად გამოქვეყნდა მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ერთობლივი ფოტოებიც.

EMC შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს ფაქტები ვერ ჩაითვლება ტერორიზმის მხარდაჭერად - აღნიშნული დანაშაულის დამტკიცების აუცილებელი პირობაა, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდეს - თავისი მოქმედებით ეხმარება ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს“.

საქმის მასალებზე დაყრდნობით EMC აცხადებს:

  • საერთოდ არ დგინდება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ბორზიევისა და სოლტახმადოვის ნამდვილი ვინაობისა და მიზნების შესახებ;
  • ბინის მეპატრონის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბინა არა თემირლან მაჩალიკაშვილმა, არამედ ამჟამად მსჯავრდებულმა რამაზ მარგოშვილმა იქირავა და ქირასაც ის იხდიდა (მხოლოდ ერთი-ორჯერ მარგოშვილმა ბინის მეპატრონეს ფული თემირლანის შუამავლობით გადასცა);
  • თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები არასოდეს უარყოფდნენ, რომ მათი შვილი რამაზ მარგოშვილის მიერ დაქირავებულ ბინაში მის ჩეჩენ სტუმრებთან ერთად ცხოვრობდა და შემოთავაზებასაც იმიტომ დათანხმდნენ, რომ ოჯახი თბილისში ბინის ცალკე დაქირავებას ვერ შესწვდებოდა;
  • მაჩალიკაშვილების ოჯახს ეჭვი არაფერში შეჰპარვია, რადგან ბორზიევი და სოლტახმადოვი თითქმის ორ წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში, ჩადიოდნენ პანკისის ხეობაში და თავისუფლად ურთიერთობდნენ იქაურებთან.

ვარკეთილში ნაქირავებ ბინაში თემირლან მაჩალიკაშვილმა მხოლოდ რამდენიმე თვე იცხოვრა და 2017 წლის სექტემბრიდან ის უკვე გადავიდა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის კლასელებთან ერთად.

„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე მდგარი შოაიფ ბორზიევის ფოტო თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში იქნა ნაპოვნი. გამოდგება თუ არა ეს ფაქტი საკმარის მტკიცებულებად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს გააზრებული ჰქონდა ბორზიევის კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“? ანუ - მიუთითებს თუ არა ეს თემირლან მაჩალიკაშვილის წინასწარი შეცნობით კავშირზე ტერორისტებთან?

EMC განმარტავს, რომ არა - რადგან ეს ფოტო თემირლან მაჩალიკაშვილმა ორი იდენტური ფოტო 2017 წლის 24 და 25 ნოემბერს ატვირთა, ანუ მას შემდეგ, რაც გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ბორზიევი დააკავეს და "გასაჯაროვდა მის შესახებ ინფორმაცია“.

„ისტიშხადი“ - რას ეუბნება მეგობარ გოგოს თემირლანი აფეთქებაზე?

2017 წლის 24 დეკემბრით არის დათარიღებული მიმოწერა მეგობარ გოგოსთან (ზ.ქ.) WhatsApp-ს საშუალებით. სუსის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან მიმოწერის ტექსტი ამერიკელმა ექსპერტებმა ამოიღეს, და ტელეკომპანია „იმედმა“ ის 2018 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა.

ქისტური დიალექტიდან ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი ვარიანტის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილი ახსენებს „ისტიშხადს“ - თავის აფეთქების პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ აპირებს თავის აფეთქებას თბილისში, სადგურის მოედანზე.

გამოძიების ინფორმაციით, მეგობარ გოგოს თემირლანმა მოუთხრო ბორზიევსა და სოლტახმადოვის შესახებაც - რომ პირადად იცნობდა მათ, ისინი სირიაში იბრძოდნენ და ქართველ სამართალდამცავებს უბრძოლველად არ ჩაბარდებოდნენ.

ასევე ნახეთ EMC: ხელყუმბარის ვერსია კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახდა

თუმცა EMC საგამოძიებო მასალებიდან ბევრ შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ზ.ქ.-სთან თუ სხვა პირებთან მიმოწერაში თემირლან მაჩალიკაშვილი არ ახსენებს ბორზიევსა და სოლტახმადოვს;
  • გამოძიებამ არ წარმოადგინა ზ.ქ.-სთან მიმოწერის დამატებითი ფრაგმენტი იმის დასტურად, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა მასთან მართლაც ილაპარაკა გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების შესახებ;
  • ზ.ქ.-სთან WhatsApp-ით მიმოწერა ქისტური დიალექტიდან ქართულ ენაზე არსებითი ხარვეზებით ითარგმნა სუს-ის თარჯიმნის მიერ;
  • სუსს არ მიუთითებია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სიტყვა ,,ისტიშხადს“ მეგობართან კონკრეტული ვიდეოს განხილვის კონტექსტში ახსენებდა;
  • ტექსტში იყო ერთგვარი ხუმრობისა და თვითირონიის ელემენტები და თავის აფეთქების კონტექსტში მაჩალიკაშვილი სერიოზულად არ ლაპარაკობდა.

დასტურდება თუ არა მასალებით ტერორიზმის მხარდაჭერა?

EMC-ის პასუხია - არა.

„დეტალური სამართლებრივი შეფასებით დგინდება, წარმოდგენილი მასალები ვერც დამოუკიდებლად და ვერც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ვერ ადასტურებს თ. მაჩალიკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, რამდენადაც საქმეში არსებული არცერთი მასალით არ დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილს გაცნობიერებული ჰქონდა შ. ბორზიევისა და ა. სოლტახმადოვის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან და კომუნიკაცია ჰქონდა ა. ჩატაევთან“ - აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს ადვოკატირებს.

  • საქმის მასალებით საერთოდ არ დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილმა იცოდა შ. ბორზიევის და ა. სოლტახმადოვის ვინაობა;
  • არ არსებობს მოწმე ან დაკავებული პირი, რომელიც ამბობს, რომ თ. მაჩალიკაშვილს რაიმე შეხება ან ცნობადობა ჰქონდა ა. ჩატაევთან;
  • საქმის მასალებით არ არის დადგენილი რომ თ. მაჩალიკაშვილს რაიმე ინფორმაცია ჰქონდა ა. ჩატაევის ქვეყანაში ჩამოსვლაზე;
  • საქმის მთავარი, ბრალდების მხარის მოწმეებიც კი არ მიუთითებენ, რომ თ. მაჩალიკაშვილს რაიმე შეხება ჰქონდა ა. ჩატაევთან ან როდესმე ნამყოფი იყო გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში.

ასევე ნახეთ არჩილ თალაკვაძე: მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განვიხილავთ

„თ. მაჩალიკაშვილის საქმეში არსებული არცერთი ინფორმაცია არ მიუთითებს, რომ მას რამე ფორმით გაცნობიერებული ჰქონდა და სურდა ტერორიზმის მხარდაჭერა“ - აცხადებს EMC.

ზოგიერთი ფაქტის გადასამოწმებლად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე უწყებაში გვითხრეს, რომ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ მივიღებთ. მანამდე ასევე უშედეგოდ დასრულდა ფაქტების გადამოწმების მცდელობა გენერალურ პროკურატურაში.

EMC-ის განცხადებით, პროკურატურამ თავი აარიდა ორგანიზაციის მიერ დასმულ ყველა კრიტიკულ კითხვას "რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, უწყების სუსტ პოზიციებზე და ამ საქმეში სამართლებრივი სტანდარტების უხეში დარღვევის ნიშნებზე“.