ნინოწმინდელმა ნარინე გინოსიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ენზელ მკოიანი სექსუალურ შევიწროებასა და ამ ნიშნით ზეწოლაში ღიად მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც, როგორც ნარინე ამბობს, მრავალჯერადი უარით გასტუმრებულმა მკოიანმა, ყველაფერი გააკეთა, რომ ნარინე მხოლოდ სამსახურიდან კი არა, საზოგადოებისგანაც ჩამოეშორებინა და ციხეში გაეშვა.
მკოიანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და „ბინძური კამპანიის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს.
დღეს ნარინეს ინტერესებს იცავს კავშირი „საფარი“, რომელიც ამ საქმეში სიმართლის დადგენას და რეაგირებას სახალხო დამცველისგანაც მოითხოვს.
ამ ამბის პარალელურად, ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას (როგორც საბავშვო ბაღის დირექტორს) თანხების (დაახლოებით 9000 ლარი) გაფლანგვასა და მითვისებას ედავება.
დღეს ნარინე და მისი ბუღალტერი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული. ნარინეს ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეს მკოიანის მხრიდან ნარინე გინოსიანის დევნის ნაწილად აფასებს.
ვინ არის ნარინე?
47 წლის ნარინე გინოსიანს ნინოწმინდაში ყველა იცნობს, როგორც ქალთა უფლებებისთვის აქტიურ მებრძოლს.
ის არის საბავშვო ბაღ „წიწერნაკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე ქალთა არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელი, თარჯიმანი და როგორც თავადაც ამბობს, უბრალოდ, აქტიური ქალი. ჰყავს ორი შვილი: 22 და 21 წლის ქალ-ვაჟი და მეუღლე, რომელიც ნინოწმინდის კულტურის ცენტრის დირექტორია.
ნარინე ყვება, რომ დეპუტატ მკოიანისგან წამოსული შანტაჟი და სექსუალური ხასიათის შევიწროება წლებია გრძელდება. იყო მუქარაც, რომ თუ ინტიმურ კავშირზე არ დათანხმდებოდა, „გაანადგურებდა“, რომ გააუპატიურებდა. დღემდე ხმამაღლა იმიტომ არ ლაპარაკობდა,რომ მაშინ მისი შვილებიც პატარები იყვნენ - თემა კი, განსაკუთრებით, პატარა ქალაქში, საკმაოდ საჩოთირო იყო. ნარინე ამბობს, რომ ის თავის საქმეს აგრძელებდა და მაქსიმალურად ცდილობდა დეპუტატს მორიდებოდა.
შეთავაზებებს „ერთად ყოფნაზე“, იმაზე, რომ „მისი ქალი გამხდარიყო“, როგორც 24 ივლისს, უკვე თბილისში გამართულ პრესკონფერენცაზე თქვა გინოსიანმა, მკოიანი ნარინეს მისი დაქალის პირით უთვლიდა.
„გვთავაზობდა, სამივეს ერთად გვქონოდა ჯგუფური სექსი. ხან მითვლიდა, რომ მანქანას მიყიდდა, საფრანგეთში ხუთვარსკვალიან სასტუმროში წამიყვანდა, ბინას გამირემონტებდა.. ცხადია, უარს იღებდა“.
ერთ-ერთ საერთო შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ნარინე ყვება, მკოინმა კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რატომ ამბობ უარს, მე შენთვის იმდენი რამის მოცემა შემიძლია, შენ კი მალე აღარავინ შემოგხედავსო.
„მომიახლოვდა. მე ვუთხარი, რომ ჯობდა პატივი გვეცა ერთამანეთისთვის და კაბინეტიდან გამოვიქეცი“.
როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ასევე ადგილობრივი ბიჯეტის ბალანსზე მყოფი ბაღის ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვა დაიწყეს, ნარინე მიხვდა, რომ მუქარა არც ისე უსაფუძვლო იყო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას „დასამალი არაფერი ჰქონდა“.
„ხან საკრებულოში მიბარებდნენ, ხან გამგეობაში. მეუბნებოდნენ, რომ სამსახური უნდა დამეტოვებინა, რაც მე არ გავაკეტე. ვიცოდი, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი“.
ნარინე ამბობს, რომ გზა უკან აღარ არსებობს. რადგან ხმამაღლა ალაპარაკდა და მკოიანს ხელი საჯაროდ დაადო, აღარ გაჩერდება და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
„უკან არ დავიხევ. მითუმეტეს, რომ უკვე ჩემს შვილებსაც ემუქრებიან. გაფრთხილებულები არიამ, რომ გვიან ღამით გარეთ არ გავიდნენ, - უთხრა ნარინემ რადიო თავისუფლებას.
მკოიანი ბრალდებას უარყოფს
დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ნარინე გინოსიანს სამი დღის წინ უპასუხა საგანგებო განცხადებით და ყველაფერს, რასაც ნარინე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგორებული ბინძური კამპანია უწოდა. მისი სიტყვებით, ეს კამპანია ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ 30 მდუმარე დეპუტატი 2018 წლის პარლამენტშიმკოიანი თავის განცხადებაში ვრცლად აღწერს, როგორ მისცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისმგებაში ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი და რომ მათ ბრალი სსკ-ის 182–ე მუხლით (მითვისებასა და გაფლანგვა) წარედგინათ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი წერს, რომ გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა:
„საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა“, - წერს მკოიანი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნარინე გინოსიანს ბრალს სდებს იმაში, რომ ის „საბიუჯეტო სახსრებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის იყენებს“, რომ ამის მტკიცებულება ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის სათვალთალო კამერამაც გადაიღო და მოუწოდებს მის ხელმძღვანელობას გაასაჯაროოს ეს კადრები.
ენზელ მკოიანი ასევე წერს, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდება, ის სასამართლოს მიმართავს მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო, ნარინეს და „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ლიდერის წინააღმდეგ, ვინც, მისი სიტყვებით, ამ კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობდა.
ნარინეს „საფარი“ დაიცავს
ნინოწმინდასა და ახალქალაქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის გამოაშკარავება და ნარინდეს დაცვა თავის თავზე აიღო ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საფარმა“. მისი ხელმძღვანელი ბაია პატარაია, ამ ფაქტზე სექსუალური შინაარსის შევიწროებისა და დევნის დადგენის მოთხოვნით მიმართავს სახალხო დამცველს.
„ნარინე, სავარაუდოდ, არ არის ერთადერთი, ვისაც ენზელ მკოიანი დევნიდა. ის შემჩნეულია თავის თანამშრომლებზე ზეწოლაში, თუმცა ყველას, სამწუხაროდ, არ შეუძლია ამაზე ხმამაღლა საუბარი. მაგრამ ჩვენ გვყავს მოწმეები, გვაქვს მტკიცებულებები და დავამტკიცებთ, რომ ნარინე მართალია“, - ამბობს ბაია.
ბაია პატარაიას იმედი აქვს,რომ ამ ამბავს რეაგირება მოჰყვება პარლამენტშიც, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ.
ასევე ნახეთ პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებმკოიანის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ჯერ საქმე აღძრული არ არის.
ნარინეს ადვოკატი: ეს დევნის ნაწილია
ნარინეს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში მის ინტერესებს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე იცავს. მისი განცხადებით, ნარინე გინოსიანს ბიუჯეტის ფული არ გაუფლანგავს - მან მხოლოდ უხელფასო შვებულებაში მყოფი თანამშრომლების ხელფასები გადაანაწილა მათზე, ვინც მათ მაგივრად ზეგანაკვეთურად ასრულებდა დამატებით სამუშაოს.
ადვოკატი ამბობს, რომ გენერალურ პროკურატურაში მან 2 წერილი შეიტანა - ფინანსური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის თაობაზე და მკოიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ. თუმცა ამ დრომდე არც ერთზე პასუხი არ მიუღია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნარინეს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არის დეპუტატ ენზელ მკოიანის მხრიდან ანგარიშსწორება ინტიმურ ურთიერთბაზე უარის გამო, რომელიც ნარინესგან მიიღო. ფინანსური პოლიციის შესვლაც ნარინეს სამუშაო ადგილზე დევნის ნაწილია“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.