„ქართული ოცნებას“ განზრახული აქვს, რომ უარი თქვას დაპირებაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა პროპორციული, არამედ ისევ შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით ჩაატაროს - ასეთი ეჭვები გაძლიერდა 13 ნოემბერს. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები პარტიის თავმჯდომარეს არ უჯერებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ვის აძლევს ხელს, რომ არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს?
რატომ ჭიანურდება კენჭისყრა?
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის (113 დეპუტატის) მხარდაჭერა სჭირდება. ხმები არ გროვდება და უცნაური ვითარებაა შექმნილი:
- ოპოზიცია, რომლის ალტერნატიული კანონპროექტი 12 ნოემბერს ჩავარდა, მაინც მზად არის მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს;
- წინააღმდეგობაა თავად „ქართული ოცნებაში“ - უარზეა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილი;
- მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ, მათ შორის - კანონპროექტის ინიციატორებად დასახელებული დეპუტატებიც (მაგალითად: დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია);
- 13 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა საფრთხეზე, რომლის მიხედვითაც კანონპროექტისთვის მხარი შესაძლოა არ დაეჭირა 30 დეპუტატს.
როგორც გარედან ჩანს, მაჟორიტარების დარწმუნება და მიმხრობა ვერც ბიძინა ივანიშვილმა შეძლო 13 ნოემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრის 14 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა და უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა დაგეგმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არსებობს საკმარისი რესურსი კანონპროექტის ჩასაგდებად და მოწინააღმდეგეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა 13 ნოემბერს.
რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?
ბევრისთვის სრულიად არადამაჯერებელია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აუმხედრდნენ და ახლა მისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ასეა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობო სექტორის რიგებში.
ასევე ნახეთ აკაკი ბობოხიძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში
- ოპოზიციური პარტიების 22 წარმომადგენელი 13 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა კანონპროექტის ჩავარდნის სცენარისთვის მზადების მიზნით;
- ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ და ქუჩის აქციებსაც მიიღებენ;
- საპროტესტო აქციებს უკვე მართავს მოძრაობა „სირცხვილია“, მათ შორის - პარლამენტის შენობის წინ.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა, ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი მმართველი პარტიის მიერ და 12 ნოემბერს თითქოს სპეციალურად ხდებოდა პარლამენტის სხდომის ჩაშლის პროვოცირება. საეჭვო პროცესი 13 ნოემბერსაც გაგრძელდა... ამასთან, საყოველთაო სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მანამდე არ გაგვიგია ჩვენ, რომ თვით ინიციატორი მაჟორიტარები უკმაყოფილო იყვნენ თავიანთი კანონპროექტით“.
ასევე ნახეთ დიმიტრი ხუნდაძე: როგორც მოთავემ, ბიძინა ივანიშვილისგან უკმაყოფილება მივიღე„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, თუკი კანონპროექტი ჩავარდება, „მმართველ პარტიას ძალიან გაუჭირდება საზოგადოების იმაში დარწმუნება, რომ ეს არ იყო მართული პროცესი“.
ნატროშვილის თქმით:
- „თუ ეს პროექტი ჩავარდა, მმართველ პარტიას ძვირად დაუჯდება - ძალიან იმედგაცრუებული დარჩება ხალხი საქართველოში და ასევე - საერთაშორისო საზოგადოება“;
- „ზოგადად, მაჟორიტარული წესის შენარჩუნება აწყობს მმართველ პარტიას, თუმცა, თუკი კანონპროექტი ჩავარდება და ხალხი ქუჩაში გამოვა, არ არსებობს გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს თუნდაც შერეული სისტემით“.
ბიძინა ივანიშვილის დაპირება „გავრილოვის ღამის“ შემდეგ
2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის 24 ივნისს დადო - რამდენიმე დღეში ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ფონზე ეს დაპირება საზოგადოებას თავად პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოუცხადა.
Your browser doesn’t support HTML5
საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს აღიქვა დათმობად - საზოგადოებრივი მღელვარების ჩაცხრობის მიზნით. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
ივანიშვილმა 24 ივნისს თქვა, რომ „შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში“, თუმცა ცვლილება გარდაუვალია:
- „დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს - ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა“;
- „უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ (ამ გადაწყვეტილებისკენ) გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა - აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“;
- „საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც - ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.
ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ 100-მდე წარმომადგენელმა მოამზადა კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და ოპოზიციური ძალების მიერ ცალკე მომზადებულ ვარიანტთან ერთად, საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესიც გამოიარა.
იყო დისკუსია და კამათი, მაგრამ, ერთი შეხედვით, ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - ზედმეტი ხმაურის გარეშე. მაჟორიტარების წინააღმდეგობა საზოგადოებისთვის სიურპრიზი იყო.
რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებები?
კენჭისყრას უკვე მეორე დღეა ელოდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ბოლო ვარიანტი, რომლის მიხედვითაც:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს (ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში 2024 წელია მითითებული);
- 2020 წელს ამომრჩეველი არჩევანს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის გააკეთებს;
- აღარ მოხდება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა დედაქალაქსა და რეგიონებში;
- პარტიები ვერ გაერთიანდებიან ბლოკებში და უკვე 2020 წლის არჩევნებში ერთობლივი ძალით ვერ მიიღებენ მონაწილეობას;
- ერთჯერადად დაწესდება ე.წ. ნულოვანი ბარიერი: პარლამენტში ერთი მანდატის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას დასჭირდება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 0, 67%.
წინა წლების არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ერთი მანდატის მოსაპოვებლად პარტიას 13-14 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა დასჭირდება. ეს რიცხვი გაიზრდება ან შემცირდება ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით 2020 წლის არჩევნებზე.
საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები ძირითადად თანხმდებიან, რომ პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში, არჩევნების შედეგებზე უკეთესად აისახება ამომრჩევლის რეალური ნება.