როგორ წარვმართოთ დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესები საქართველოში, როგორია მოქალაქეთა მიდგომები და რამდენად სწორად აღიქმება კავშირები დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციას შორის - ამ თემებზე იყო დისკუსია ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის ელენე ფანჩულიძის მოსაზრებით, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა საერთო აქვს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებს და რას მოიცავს თითოეული:
„დემოკრატიზაციის მახასიათებლებს - არჩევნებში მონაწილეობა, საზოგადოების ჩართულობა მართვაში, სიტყვის და მედიის თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპების ერთგულება, ადამიანის უფლებების დაცულობა და სხვა ამ ღირებულებებს იზიარებს ევროპეიზაციის პროცესიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი განსხვავებული პროცესია“.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ტენდენციების და პერსპექტივების შესახებ ორგანიზაციამ მაისში გამოკითხა ოცი ქართველი და უცხოელი ექსპერტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და დემოკრატიზაციის პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული და საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ამ ფონზე საყურადღებოა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რადგან საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულ მოქალაქეთა ნახევარი დემოკრატიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს:
„ბოლო კვლევების მიხედვით ჩანს, რომ მოსახლეობის 50 % -ზე მეტს მიაჩნია, რომ დემოკრატიზაცია მისთვის ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანია სოციალური და ყოფითი პრობლემები. ეს გარკვეულწილად გამოწვევაა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს გეზი აქვს აღებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ სწორედ გვაინტერესებს, თუ რა განაპირობებს საზოგადოების გადაღლას დემოკრატიით და იმ 50 %-ს რატომ მიაჩნია, რომ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია“.
კვლევა წარმომადგენლობითია, საქართველოს მასშტაბით 2 400 ადამიანი გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ეს ნიშნავს, რომ შედეგის განზოგადება შეიძლება ქვეყნის მოსახლეობაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამოკლებით...ლევან კახიშვილი
პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებითვე, გამოწვევად რჩება ევროკავშირის ინტერესის ნაკლებობა საქართველოსადმი, რადგან უცხოელი ექსპერტების მოსაზრებით, ევროკავშირი საქართველოს კვლავ ეპყრობა, როგორც წევრობისთვის შეუფერებელ კანდიდატს, რაც აისახება დემოკრატიული პროცესების შესუსტებაზე. პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის ლევან კახიშვილის განმარტებით, კვლევების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუარესდა დემოკრატიული მმართველობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების მაჩვენებელი, რადგან თუ 2011 წელს დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად მიიჩნევდა გამოკითხულთა 63 %, ამჟამად ეს მონაცემი 47 %-ია. ლევან კახიშვილის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი - ერთი ნაწილი მთავრობას აღიქვამს როგორც მშობელს და მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობა მისი დაქირავებულია და როცა უნდა დაითხოვს:
„საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი და ნახევარს მიაჩნია, რომ მთავრობა უნდა იყოს როგორც მშობელი. გამოდის რომ საზოგადოების ნახევარი მთავრობასთან ურთიერთობას აღიქვამს ისე, როგორც მშობლისა და შვილისას, სადაც შვილს, ქართული რეალობიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, ბევრი უფლება არ გააჩნია მშობელთან მიმართებით, ხან გაუბრაზდება მშობელი, ხან შეიძლება სცემოს კიდეც, 52 % ფიქრობს ასე, გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ არ იცის, როგორ აღიქვამს მთავრობას და რესპონდენტთა 40 % ამბობს, რომ მთავრობა დაქირავებული მუშახელია. კვლევა წარმომადგენლობითია, საქართველოს მასშტაბით 2 400 ადამიანი გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ეს ნიშნავს, რომ შედეგის განზოგადება შეიძლება ქვეყნის მოსახლეობაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამოკლებით“.
მოსახლეობის დამოკიდებულება ხელისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ბუნებრივად მიაჩნია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის - თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელს ნუგზარ კოხრეიძეს. მისი მოსაზრებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებაში არ შემდგარა ფართო კონსენსუსი დემოკრატიული განვითარებისა და ამ განვითარებისთვის საჭირო მექანიზმების შესამუშავებლად. ნუგზარ კოხრეიძის შეფასებითვე, ქართული საზოგადოება ერთი საუკუნის წინ უფრო მეტად იყო მომზადებული დემოკრატიული ღირებულებების განსავრცობად, ვიდრე 70 წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ:
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბევრმა ახლობელმა შეიძლება არ იცოდეს, რა არის დემოკრატია, ის ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ქვეყანაში განათლების პრობლემას...ლელა სებუა
„საზოგადოების 90 %-მა, რომელიც უცაბედად აღმოჩნდა დემოკრატიაში, დემოკრატია გააიგივა საბჭოთა კავშირში ნასწავლთან, საბჭოთა კავშირი ასეთი მოქალაქეებისთვის იყო სოციალური ფენომენი, სადაც უზრუნველყოფილი იყო და როდესაც შეადარა, რომ დაკარგა უფრო მეტი, ვიდრე მოიპოვა, განსაკუთრებით დაკარგა სოციალური უსაფრთხოება, ზოგადად უსაფრთხოება და არ აქვს სტაბილური მომავლის განჭვრეტის საშუალება, ამიტომ გვაძლევენ მსგავს პასუხებს“.
ნუგზარ კოხრეიძის მოსაზრებით, თუ საზოგადოებას სურს დემოკრატიული ქვეყნის შექმნა, საჭიროა ხალხმა ისწავლოს თუ რა არის დემოკრატია, რადგან იგი პირველ რიგში გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ არჩევანზე და გაკონტროლების შესაძლებლობაზე. განვითარების და მიგრაციის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ლელა სებუას თქმით, ხშირად არ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების განვითარება ისე, რომ სწორად გაიგონ დემოკრატიული პროცესის არსი და შეიქმნას დემოკრატიული საზოგადოება. ლელა სებუა დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვან ადგილს განათლების სისტემას ანიჭებს:
„ჩვენი საზოგადოების წევრებმა არ იციან, რა არის დემოკრატია. თუ არ მივაგნებთ მიზეზებს, რატომ გვაქვს ეს პრობლემა და ბერკეტებს, როგორ გადავჭრათ იგი, პრობლემად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბევრმა ახლობელმა შეიძლება არ იცოდეს, რა არის დემოკრატია, ის ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ქვეყანაში განათლების პრობლემას“.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის ზაირა ტყაბლაძის განცხადებით, ახალგაზრდებთან მუშაობისას პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ თეორიებით სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და დემოკრატიზაციის პროცესზე საუბარი შეუძლებელია და აუცილებელია პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება:
„დემოკრატიზაციას და ევროპეიზაციას ვერ ასწავლი მხოლოდ ტერმინებით, ქმედებაა საჭირო ამისთვის და მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორ მიახვედრებ მოსწავლეს, რომ ის იყოს პასუხისმგებელი, მის წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომ მან იგნორირება არ გაუკეთოს რაიმე პროცესს. მე ვეუბნები მოსწავლეებს, რომ მათ აქვთ ბერკეტი და შეუძლიათ. კიდევ მეტი მესიჯია საჭირო და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ“.
ქუთაისში გამართული დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, აუცილებელია ხშირად მსჯელობა თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესების მიმართ და რა უდევს საფუძვლად მოქალაქეთა უარყოფით, თუ დადებით განწყობებს.