„დელტა“ პირველადი რეაგირების სახანძრო-სამაშველო მანქანების სერიულად გამოშვებას დაიწყებს

სახანძრო მანქანების ტესტირება ლინცის ქუჩებში

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 2019 წლის ბოლოდან დაიწყებს სახანძრო-სამაშველო მანქანების სერიულად გამოშვებას. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ კვირაში, ავსტრიის ქალაქ ლინცში წარმატებით დასრულდა სპეცტექნიკის მწარმოებელ ავსტრიულ „როზენბაუერში“ აწყობილი ორი სახანძრო-სამაშველო მანქანის ტესტირება.

სპეცტექნიკა ქართული მხარის დაკვეთით დამზადდა და მის პროექტირებაში ჩართულნი იყვნენ „დელტას“ სპეციალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა მიშა ფეიქრიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გასულ კვირაში მისი სამსახურის და „დელტას“ წარმომადგენლები „როზენბაუერის“ ქარხანაში იმყოფებოდნენ და თავადაც მოსინჯეს ორივე მანქანა.

„ეს არის უნიკალური და ექსკლუზიური, ქართულ რეალობას მორგებული მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანები. ეს იქნება პირველი რეაგირების ტექნიკა, არა მხოლოდ ხანძრების დროს, არამედ სხვა გადაუდებელი სამაშველო ოპერაციებისთვის“ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი. მისი ინფორმაციით, ხუთკაციან ეკიპაჟზე გათვლილი ორივე მანქანა საქართველოში რამდენიმე კვირაში ჩამოვა და ფინალურ ტესტირებას გაივლის საქართველოს ყველა რეგიონის მთაში-ბარში და ტყის მასივებში.

იტალიური „ასტრა ივეკო“ საქართველოს მთებში

​მაღალი გამავლობის ახალი სპეცმანქანის სიჩქარე საათში 160 კილომეტრია. მასზე დამაგრებულია ავტომატური რეჟიმით მართვადი წყლის ჭავლის ლულა, რომელიც წყალს 60 მეტრზე აფრქვევს.

მანქანა აღჭურვილია ავტომატურად მართვადი პროჟექტორებითაც, რომელიც მეხანძრე-მაშველის სამოქმედო ტერიტორიას 360 გრადუსით ანათებს. სწრაფი და ეფექტური მოქმედებისთვის სპეცმანქანა აღიჭურვება 100-ზე მეტი სამაშველო მოწყობილობით.

„პირველ ეტაპზე „დელტას“ შევუკვეთავთ 15-20 სპეცმანქანას, სულ კი დაგეგმილია 140-ის გამოშვება, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს სახანძრო დეპოებში არსებულ, საბჭოთა წარმოების მანქანებს “ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 400-მდე სახანძრო მანქანა ჰყავს, საიდანაც 150 საბჭოთა წარმოებისაა. ფეიქრიშვილის თქმით, ძველი მოდელები ვერ პასუხობენ გამოწვევებს და არაეფექტურია, ამიტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2017 წლის ბოლოს შეიძინა იტალიური წარმოების, მაღალი გამავლობის „ასტრა ივეკო.“

„2017 წელს ბევრი და მასშტაბური ხანძარი გვქონდა, მაგალითად, ბორჯომსა და აბასთუმანში. ძველი, საბჭოთა მანქანებით ამ ხანძრებს ვერ ვუმკლავდებოდით, თუმცა უკვე 2018 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრები საკმაო რაოდენობით იყო, მასშტაბური სტიქია არ მომხდარა და ეს სწორედ იტალიური სპეცტექნიკის წყალობით შევძელით“ - თქვა მიშა ფეიქრიშვილმა.

მისი ინფორმაციით, „დელტას“ მიერ გამოშვებული სპეცტექნიკა, თავისი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მიწვდება ყველაზე მიუვალ ადგილებსაც კი და სწრაფად მოხდება ხანძრის კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა ეღირება ერთი ასეთი მანქანის „დელტაში“ აწყობა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ეს იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე უცხოური გიგანტებისგან სპეცმანქანების შეძენა.

„ზოგი ასეთი მანქანის ღირებულება 1 200 000 ათასი ევროა. ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა საჭირო რაოდენობის ამ ღირებულების ტექნიკის შესყიდვას“ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი. მისივე თქმით, ავსტრიულ „როზენბაუერთან,“ რომელიც "დელტას" ახალი სპეცმანქანის ნაწილებით მოამარაგებს, გრძელვადიანი თანამშრომლობა იქნება. შორეულ პერსპექტივაში ისიც კი განიხილება, რომ „დელტაში“ აწყობილი „ქართული მანქანა“ ექსპორტზე გავიდეს.