დეზინფორმაცია კლავს: კორონავირუსი და კრემლის პროპაგანდა

ახალი კორონავირუსის შესახებ რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას უპასუხებს EUvsDisinfo, ევროკავშირის საგარეო სამსახურის საგანგებო პროექტი, რომელიც 2015 წლიდან შეისწავლის რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიებს.

დღეს მხოლოდ ერთადერთი მიზანი არსებობს: ყველა ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო რესურსი მიმართულია ახალი კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად. ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ასიათასობით ადამიანი ავადაა, ათასობით ადამიანი კვდება. დროულ და სწორ ინფორმაციაზე ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, მიმდინარე კვირაში პრესკონფერენციაზე თქვა, „დეზინფორმაცია ადამიანთა სიცოცხლით თამაშობს. დეზინფორმაციას შეუძლია მოგკლას“.

ეს სახიფათო თამაში, უკვე ორი თვეა, გრძელდება. ევროკავშირის საგარეო სამსახურის დანაყოფმა, პროექტმა EuvsDisinfo-მ, კორონავირუსის შესახებ პირველი დეზინფორმაციული მასალა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკზე“ აღმოაჩინა 22 იანვარს, ანუ ეს ნარატივი თავიდანვე გაჩნდა, რომ ვირუსი ადამიანის მიერაა შექმნილი, ის ნატოს მიერ შექმნილი იარაღია. მცირე ვარიაციებით, მსგავსი განაცხადებები მას შემდეგ უწყვეტი ნაკადით მოდის: ვირუსი აშშ-მა გამოიმუშავა, პენტაგონმა შექმნა, მმართველმა ელიტებმა შექმნეს... რომ ამ ვერაგული გეგმის მიზანია მსოფლიოში ტირანიის დამყარება და ამერიკის ჰეგემონიის განმტკიცება. მესამე მსოფლიოს ქვეყნები - ანდა ყველა, ვინც მეორმოცე პარალელიდან სამხრეთით ცხოვრობს - ბოროტი დასავლეთის სამიზნეა.

უნდობლობის თესვა

კრემლის მომხრე სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ პანდემია ტყუილია; მეორე მხრივ კი, ავითარებენ აპოკალიპტურ სცენარებს - რომ, მაგალითად, პანდემიის გამო კოლაფსი განიცადა შენგენის სისტემამ, რომ ნატო დაიშლება, ევროკავშირი პარალიზებულია, ბალტიისპირეთის ქვეყნები განწირულები არიან, ლიეტუვაში ექიმები აღარ დარჩნენ და უკრაინა თავისუფალ ვარდნაშია. „გლობალიზაციის“ მთელი პროექტი დამთავრდა! კორონავირუსი ევროკავშირის ჩერნობილია. შემდეგ უცებ ისევ ეჭვები მოდის - ვირუსი საერთოდ არაა საშიში. მას მარილწყალი კურნავს ოთხ დღეში. რაშია პრობლემა?

პრობლემა იმაშია, რომ ამ ვირუსს მარილწყალი ნამდვილად არ კურნავს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ რჩევას გაიზიარებს, საფრთხეში აგდებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და, შესაძლოა, საერთოდ სიცოცხლესაც.

მიმდინარე კვირაში სადეზინფორმაციო მასალების თითქმის ნახევარი, ამა თუ იმ ფორმით, COVID-19-ის პანდემიას ეძღვნება. ამ კამპანიის მთავარი მიზანი უნდობლობის დათესვაა, სადაც კი ეს შესაძლებელია - იქნება ეს ჯანდაცვის სისტემა (მას გიგანტური ფარმაცევტული კომპანიები აკონტროლებენ სავალდებულო ვაქცინაციის შემოსაღებად), ეროვნული ინსტიტუტები (მაგალითად, შვედეთში ამ ინსტიტუტებს ოლიგარქები მართავენ), ევროკავშირი (რომელსაც, საერთოდ, ყველაფერში ჩავარდნა აქვს) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ის მთავრობის ინსტრუმენტია. რომელი მთავრობის, იკითხავთ? ჩრდილოვანი მთავრობის!).

პარალელურად, კრემლის მომხრე სადეზინფორმაციო სისტემა კითხვების დასმისა თუ დეტალების ახსნის გარეშე ავრცელებს ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ რუსეთში ვითარება „კონტროლს ექვემდებარება“. ამ ქვეყანაში არ დაუშვიათ შეცდომა, რომელიც „დემოკრატიის“ სახელითაა ცნობილი.

ჩვენ ერთად ვდგავართ

COVID-19-ის პანდემია არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც საზოგადოებამ ყველა დონეზე უნდა უპასუხოს - ყოველ ცალკეულ მოქალაქეს, ინდივიდს, გვეკისრება პასუხისმგებლობა, არ გავავრცელოთ ვირუსი და მოვუაროთ ერთმანეთს. მუნიციპალიტეტები, რეგიონები და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურება, მოუარონ ჩვენ შორის ყველაზე სუსტ და მოწყვლად ადამიანებს და შეინარჩუნონ საზოგადოებრივი წესრიგი. თავ-თავიანთი ვალდებულებები და ფუნქციები აქვთ აკადემიურ წრეებს და მკვლევართა ქსელებს, კერძო სექტორს, ევროკავშირს, გაეროს და სხვა რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. საბოლოო ანგარიშით, გლობალური პასუხის ეფექტიანობა სწორედ ნდობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

კრემლის სადეზინფორმაციო მანქანა ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ სოლიდარობას ისეთ დროს, როცა დეზინფორმაციას ნამდვილად შეუძლია ადამიანებს სიკვდილი მოუტანოს.