დევნილობაში შეცვლილი საოჯახო ფოტოალბომი

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. არაზუსტი მონაცემებით, აფხაზეთიდან დევნილი გახდა 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი. 2004 წლამდე დევნილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 2004 წელს ელექტრონული ბაზა შეიქმნა და ამ ბაზაში საქართველოში რეგისტრირებული 128 782 დევნილი პირი აღირიცხა. სოხუმის დაცემიდან 25-ე წლისთავზე, ანუ ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი 243 778 პირი ცხოვრობს. 2004 წლიდან დღემდე გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე 26 087 ადამიანი. დაიბადა - 93 477.

როგორ იცვლებოდა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შემადგენლობა, სად ცხოვრობდნენ მაშინ და ვისთან ერთად დატოვეს სახლები, ვისთან ერთად ცხოვრობენ ახლა. სახლში გადაღებული ფოტოები ყველაზე უკეთ ასახავს მათ დღევანდელობას. ვინ გამოაკლდათ და ვინ შეემატათ. როგორ სურათს გაუგზავნიდნენ მათი ოჯახის გასაცნობად აფხაზეთში დატოვებულ მეზობელს, ახლობელს, ნათესავს, თანამშრომელს, კლასელს. როგორ გაახსენებდნენ თავს, რას ეტყოდნენ, ხმის მიწვდენა რომ შესძლებოდათ.

Your browser doesn’t support HTML5

დიანა კერესელიძე

დიანა კერესელიძე, 70 წლის. ოჩამჩირე 1993 წლის 30 სექტემბერს დატოვა. ნათესავის სატვირთო მანქანით დედ-მამასთან ერთად ორსანტიაში ჩავიდა, იქ ნათესავებმა შეიფარეს. 21 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა ოჯახისთვის თავშესაფრის მოსაძებნად. ცხვარიჭამიაში, ტურბაზა „სიჭაბუკეში“, გაანაწილეს.

დიანა კერესელიძის მშობლების ფოტო

თოვლი და სიცივე, საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობა - პირველი ეს მოხვდა თვალში, მაგრამ დათანხმდა. მერე მშობლებიც ჩამოიყვანა, რომლებიც რამდენიმე ხანში ცხვარიჭამიაში გარდაიცვალნენ. დიანა თბილისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრში ცხოვრობს. მარტოა. ოჩამჩირეში პედიატრად მუშაობდა პოლიკლინიკაში. მამა, ნიკოლოზ კერესელიძე, პედაგოგი იყო; დედა, მარგარიტა კერესელიძე-ბერია, - ფიზიოთერაპიის კაბინეტის დირექტორი.

Your browser doesn’t support HTML5

ლალი აჭარაძე

ლალი აჭარაძის ოჯახი. ლალი გაგრელია. ამბობს, რომ ვაჭრობის სფეროში მუშაობდა. მეუღლე პოლიციელი იყო, ომში დაიჭრა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავზე იმალებოდნენ 12 დღის განმავლობაში. აფხაზეთი ნაცნობი აფხაზის დახმარებით დატოვა. ცხრანი მოდიოდნენ: ლალი, მისი მეუღლე - ნიკოლოზ ჯანაშია, ვაჟი - მამუკა ჯანაშია (ახლა ბერლინში ცხოვრობს, შვილსა და მეუღლესთან ერთად), ლალის და - ნანული მურუსიძე, მისი ვაჟი - დავით მურუსიძე (გარდაიცვალა თბილისში, უბედური შემთხვევის გამო), ლალის დისშვილი - ლევან აჭარაძე, ლალის მამა - თენგიზ აჭარაძე (გარდაიცვალა თბილისში 2006 წელს 80 წლის ასაკში), დედა - ჟენია აჭარაძე (გარდაიცვალა 76 წლის ასაკში თბილისში).

ლალი აჭარაძის ოჯახი

ლალის ქალიშვილი, მანანა ჯანაშია, ოჯახთან ერთად არ წამოსულა, ის მშობლებზე ადრე წამოვიდა თბილისში. მანანას ორი ვაჟი ჰყავს - ნიკოლოზ და დავით ბიძინაშვილები.

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა ჩიქოვანი

ზაზა ჩიქოვანი, 47 წლის. მარტო ცხოვრობს თბილისში. დედასთან, მერი სამუშიასთან ერთად სოხუმში გულიას 10 ნომერში ცხოვრობდა. იბრძოდა, მაგრამ ნანობს. ნანობს, რომ, როგორც ყოფილ მებრძოლს, ახლა სოხუმში აღარ ჩაესვლება. 22 წლის იყო, 27 სექტემბერს სოხუმი რომ დატოვა. გადმოვიდნენ ჭუბერით. მწყემსების სადგომს აფარებდნენ თავს. სადგომში ქალები და ბავშვები იყვნენო, კაცები გარეთ ვიდექითო.

ზაზა ჩიქოვანი

ჭუბერიდან დედასთან ერთად ზუგდიდში ჩავიდა, ორი თვე იქ იყო. დედა 76 წლისა გარდაიცვალა თბილისში. ზაზა უმუშევარია. დევნილთა შემწეობისა და მეგობრების მხარდაჭერით ცხოვრობს.

Your browser doesn’t support HTML5

ავთო გაგუა

ავთო გაგუას ოჯახი. ავთო - მშობლებთან, აბელ გაგუასა და დედასთან, ნელი პაპავასთან ერთად - სოხუმში, კარლ მარქსის 12 ნომერში, ცხოვრობდა. სამნი წამოვიდნენ. 2 წელი ნათესავთან ცხოვრობდნენ ფოთში. ახლა ოჯახში ცხრანი არიან.

ნელი პაპავას ახალგაზრდობის ფოტო უჭირავს

მუხიანში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, ცხოვრობენ. ავთო წლების განმავლობაში პეტერბურგში ცხოვრობდა. თბილისში დაბრუნებულმა ცოლად მანანა ჩილაჩავა შეირთო. მათ 5 ვაჟი ჰყავთ: 12 წლის გიორგი, 10 წლის ტყუპი - ალექსანდრე და ნიკოლოზი, 4 წლის დავითი და 1 წლის მირიანი.

Your browser doesn’t support HTML5

სალომე პაპავა

სალომე პაპავას ოჯახი. სალომე 33 წლისაა. 7 წლის იყო, 12 წლის დასთან, ნინოსა, და მშობლებთან, გიური პაპავასა და დედასთან, ლალი მალაზონიასთან ერთად სოხუმი რომ დატოვა აგუძერის გავლით, გემით. ჯერ ფოთში ცხოვრობდნენ, მერე პეტერბურგში. სკოლა იქ დაამთავრა. ახლა გლდანში საკუთარ ბინაში ცხოვრობს მშობლებსა და ქალიშვილთან, 10 წლის ნინო ცობეხიასთან ერთად.

სალომე პაპავას ოჯახის წევრების ფოტოები

შარშან სოხუმში იყო ჩასული. ამბობს, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, იქ ჩასვლის სურვილი არ ასვენებდა. ახლა სოხუმზე მისი მოგონებები მხოლოდ გემიდან დანახულ კვამლში გახვეულ ქალაქს კი არ ინახავს, არამედ ცოცხალ კადრებსაც ნაცნობი სახლის, ნაცნობი ქუჩის, ყოფილი მეზობლისა, რომელსაც სალომეს ოჯახი ისევ ახსოვს და მოკითხვასაც უთვლის.