ქუთაისსა და წყალტუბოში რამდენიმე წლის წინ რეკონსტრუირებულ შენობებში შესახლებული დევნილები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელთა მოგვარებისთვის ადგილობრივ თუ სახელწიფო უწყებებს არაერთხელ მიმართეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ფართსა და უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს ორი ათწლეული ელოდნენ, ამბობენ, რომ ასევე არასწორად მიაჩნიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციების სხვა სამინისტროებისთვის გადანაწილება, რადგან ფიქრობენ, რომ სხვადასხვა საკითხზე ერთ უწყებასთან კომუნიკაცია შედარებით მარტივი იყო.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატის შენობაში შესახლებული დევნილები მათი საცხოვრებლის მახლობლად მდებარე ამორტიზებული სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციას ან დანგრევას ითხოვენ. დევნილების თქმით, სახურავგადახდილი დარბაზი ნელ-ნელა იშლება და ადამიანებს - განსაკუთრებით, ბავშვებს - საფრთხეს უქმნის:
„აქ იყო კალათბურთის სათამაშო, მოდიოდნენ ახალგაზრდები და თამაშობდნენ. ერთხელ ქარმა დააზიანა სახურავი, გადახადა და ყველაფერი გაფუჭდა“.
„კედლები ინგრევა, ბავშვები არიან ეზოში, შემოდიან აქ, დამალობანას და სხვა თამაშებს თამაშობენ. ჩვენ გვეშინია თავზე არაფერი დაეცეთ და საფრთხე არ შეექმნათ და ვითხოვთ ყურადღებას“.
„თუ აღდგება შენობა და გაკეთდება დარბაზი, კარგი იქნება. ახლა ყველაფერი ცვივა, წყალი ჩადის და როცა წვიმაა, წყალი დგას“, - ამბობენ ლესელიძის ქუჩაზე ყოფილი ფიზიკა მათემატიკური სკოლა-ინტერნატის კორპუსებში მცხოვრები დევნილები.
პრობლემები აქვთ ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებ დევნილებსაც, რომლებსაც ბინები 2014 წელს გადაეცათ და დაუკანონდათ. ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის ოთხსართულიან შენობაში სხვადასხვა ფართის ბინა 68 ოჯახმა მიიღო, თუმცა მათი ნაწილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრომ მალევე სხვაგან გადაიყვანა. კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ეკატერინე პერტაია ამბობს, რომ ბინის მიღებიდან ერთ წელიწადში კედლებმა დაშლა დაიწყო, დაიწია იატაკმა და წვიმის დროს წყლით იფარება:
„თავიდან გაჩნდა პატარა ბზარები, შემდეგ გაფართოვდა და კედელი დასცილდა კედელს და გადაიხარა, საცხოვრებლად საშიშია. ბავშვები როცა ფოიეში თამაშობენ, ძალიან მეშინია. დევნილთა სამინისტრომ, მესამე წელია, გადამიყვანა ბინაში და მიხდის ქირას, მაგრამ როდემდე უნდა ვიყო ქირით?! ყველა უწყებას მივმართე, მხოლოდ სასამართლო დამრჩა და დაველოდები ორ კვირას, შემდეგ სარჩელს შევიტან სასამართლოში. მე საკუთრებაში გადმომცეს ერთოთახიანი ბინა 2014 წელს, მინდოდა მეცხოვრა ჩემს ბინაში. ასეთ დანგრეულ ბინაში, ვირთხები რომ დარბიან, როგორ ვიცხოვრო და ვამყოფო ჩემი შვილი?“
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობიდან გრუნტის წყლების მოსაცილებლად აუცილებელია მოეწყოს სადრენაჟე სისტემა, რომლისთვისაც სპეციალურად უნდა შემუშავდეს პროექტი, ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური კვლევის საფუძველზე. დევნილები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოებისას დაშვებული შეცდომები და ხარვეზები თავად მშენებელ კომპანიას უნდა გამოესწორებინა, რაც არ გააკეთა, თუმცა პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია. ამ შენობაში განსახლებული დევნილები დახმარებას ქუთაისის მერიისგან ითხოვენ. ქუთაისის თვითმმართველობის დახმარების იმედი აქვთ სოფელ ქვიტირში მცხოვრებ დევნილებსაც. 5 წლის წინ აშენებულ 35 კოტეჯში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათი დასახლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ექვემდებარება, თუმცა გაცილებით ახლოსაა ქუთაისთან და სურთ ქალაქის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობდნენ, მათ შორის ქუთაისის შიდასაქალაქო ტრანსპორტი ემსახურებოდეს დასახლებაში მცხოვრებ ათეულობით ოჯახს.
„პირველ რიგში გვინდა, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც ავტოქარხნის საავადმყოფოსთან მოდიან ბოლო გაჩერებაზე, მოვიდნენ ჩვენამდე, რადგან ამ სიცხეში გაჩერებამდე გავდივართ ფეხით კილომეტრზე მეტს. გვინდა ქუთაისს ვეკუთვნოდეთ სიახლოვის გამო. ამჟამად ვეკუთვნით წყალტუბოს და გამგეობაში რაიმესთვის როცა მივდივართ, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევს“, - გვითხრა კოტეჯების დასახლებაში მცხოვრებმა.
ზაფხულში გაუსაძლისი სიცხისა და ზამთარში სიცივის გამო დახმარებას ითხოვენ წყალტუბოში 2011 წელს აშენებულ ათ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრები დევნილები. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობების თბოიზოლაცია დღემდე ვერ მოხერხდა, არაერთი მიმართვის მიუხედავად. დევნილთა განცხადებით, მათ დახმარებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართეს:
„სახლები არასწორად იყო ნაშენები, ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეა და ზამთარში -სიცივე, გინდ გარეთ ყოფილხარ, გინდ სახლში. ანალოგიური ნაშენი რაც იყო სახლები, ყველა შეფუთეს, მხოლოდ ჩვენი კორპუსები დარჩა. გვპირდებოდნენ დღეს-ხვალ და 6 წელი გავიდა. ბოლოს წყალტუბოს გამგეობას მივმართეთ და დაგვპირდნენ, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია“.
„მწვავედ დგას კორპუსების შეფუთვის პრობლემა, წერილობით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშია ჩვენი კორპუსები. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მარტო არ შეუძლია ეს პრობლემა მოგვიგვაროს და დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა კორპუსების შეფუთვის საკითხი“.
ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრები დევნილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა სამინისტროებისთვის გადაცემის გამოც. დევნილები მიიჩნევენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყებასთან ურთიერთობა გაუჭირდებათ:
„სხვადასხვა სამინისტროს ფუნქციები რომ გადაუნაწილდა, ვის უნდა მივმართოთ, ისიც არ ვიცით წინასწარ. მე ვფიქრობ, სამინისტრომ ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებამდე უნდა იარსებოს. ზოგიერთ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართოთ, ზოგიერთზე - მდგრადი განვითარების სამინისტროს თუ ფინანსთა სამინისტოს, ხომ უნდა ვიცოდეთ. ვინაა ჩვენი პატრონი, გაურკვეველია“.
იმერეთის რეგიონში განსახლებული დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შესაქმნელად, რამდენიმე თვეა, სპეციალურ პროექტსა და ადვოკატირებას ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის განცხადებით, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებულ დევნილთა დასახლებებში შექმნილი პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და მერიებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს:
„ჩავატარეთ კვლევა, თუ რა პრობლემები არსებობს დასახლებებში, გამოიკვეთა პრობლემები. შემდეგ ჩვენ შევხვდით თვითმმართველობების წარმომადგენლებს საქართველოს ოთხ ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში, სადაც პროექტი მიმდინარეობს. თვითმმართველობები ინფორმირებულნი არიან დასახლებების პრობლემებზე. მე მიმაჩნია, რომ დევნილების, ჩვენი და თვითმმართველობების აქტიურობით ასეთი საკითხები მალე მოგვარებადია და მუნიციპალიტეტები დროულად მოახდენენ რეაგირებას“.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“, წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და მოკლე დროში მოგვარდება დევნილთა დასახლებების ის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც განსაკუთრებული ფინანსური ხარჯები არ სჭირდება.