დევნილთა ის ნაწილი, რომელმაც ზუგდიდში ბინა ვერ მიიღო, კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდში მცხოვრები დევნილთა ნაწილი ფიქრობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა მოქალაქეებმა ახალი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს შენობასთან. აქცია მოჰყვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იმ ოჯახების სიის გამოქვეყნებას, ვინც ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინა მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

დევნილთა ის ნაწილი, რომელმაც ზუგდიდში ბინა ვერ მიიღო, კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

მოქალაქეები, რომლებმაც სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს, მიიჩნევენ, რომ ამჯერადაც, ისევე როგორც წინა წლებში, ბინის გარეშე რჩებიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცხოვრებნი:

ბინა მინდა-მეთქი, ვუთხარი. აქ „სუმკებით“ ვარ მოსული-მეთქი, ვუთხარი. მე მაინც უნდა შევიდე იმ ბინაში. ასეა თუ ისე, მე მაინც უნდა გავაკეთო...
ნაზი ჯობავა

„შარშან უნდა მოეცათ ჩემთვის ბინა, 9 ქულა მქონდა და აგერ დღემდე მოვედით. კიდევ არ დამაკმაყოფილეს და ამის გამო მოვედი აქ“;

„ბინა მინდა, ჩემი საკუთარი ჭერი მინდა, საკუთარი ჭერი მენატრება“;

„ვითხოვ კომისია წამოვიდეს იქ, სადაც მე ვცხოვრობ, არაფრით ვარ უზრუნველყოფილი. არ მაქცევენ ყურადღებას მთავრობიდან. ყურადღება რომ მოგვაქციონ, ამას ვითხოვ“, - აცხადებენ რესპონდენტები.

აქციის მონაწილეებმა დღეს გზის გადაკეტვა, მოგვიანებით კი შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

აქციის მონაწილეები ზუგდიდი

ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური კომისია ინდივიდუალურად ესაუბრება უკმაყოფილო დევნილებს და მათ კითხვებს უპასუხებს. შეხვედრის მსურველთა რიგი დილიდან არ წყდება. მიუხედავად კომისიის წევრებთან ხანგრძლივი გასაუბრებისა, შეხვედრიდან გამოსულები კვლავ იმავე აზრზე რჩებიან და აცხადებენ, რომ კომისიის გადაწყვეტილება უსამართლოა:

„ბინა მინდა-მეთქი, ვუთხარი. აქ „სუმკებით“ ვარ მოსული-მეთქი, ვუთხარი. მე მაინც უნდა შევიდე იმ ბინაში. ასეა თუ ისე, მე მაინც უნდა გავაკეთო“, - ამბობს ნაზი ჯობავა.

აქციის მონაწილეები ზუგდიდში

„იატაკი მთლიანად დამპალია, ნესტია ოთახში და საშინელი სუნია, ისეთი, რომ შიგნით ვერ ვჩერდებით. ვუთხარი ეს მურად აბლოთიას და მითხრა, ვიციო შენ როგორ პირობებში ხარო. ახლა ქულა არ გყოფნის და ვერ დაგაკმაყოფილებო, შემდეგ ეტაპზე კიო, მაგრამ კიო, ამ სიტყვას ის ყველას ეუბნება“, - თქვა კომისიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გალის მკვიდრმა ცირა როსტობაიამ.

დევნილების პასუხად, დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობა ნგრევადი ობიექტებიდან გამოიყვანეს, შემდეგ კი ბინები ქულების სისტემით განაწილდა.

დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ ნებისმიერი ადამიანის პრეტენზია მოვისმინოთ, ინიდივიდუალურად ავუხსნათ. ვინც უკვე გამოქვეყნებულია და რაიმე ხარვეზია, გვინდა მათ შესახებაც ინფორმაცია მივიღოთ...
მურად აბლოთია

„9 ობიექტი, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და კიდევ ორი საბავშვო ბაღი იქნა დახურული და აქედან სრულად გაყვანილი ოჯახები. იცით, რომ განსახლება ხდება ორი ძირითადი მიმართულებით. ეს არის ქულების შეფასების სისტემა და ობიექტები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 101 ოჯახი იყო ასეთი ობიექტებიდან გაყვანილი და დანარჩენი 139 ოჯახი არის ქულების სისტემით შერჩეული. დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ ნებისმიერი ადამიანის პრეტენზია მოვისმინოთ, ინიდივიდუალურად ავუხსნათ. ვინც უკვე გამოქვეყნებულია და რაიმე ხარვეზია, გვინდა მათ შესახებაც ინფორმაცია მივიღოთ“, - განმარტა მურად აბლოთიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბინას 240 დევნილი ოჯახი მიიღებს, მომავალი წლისთვის კი საცხოვრებელი ფართი 360 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.