საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურის პროექტი წარმოადგინა. ბახტაძის განცხადებით, „მცირე მთავრობის კონცეფციის“ საფუძველზე შემუშავებული ახალი სტრუქტურა იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ახალი სტრუქტურის მიხედვით, იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცემა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის კომპონენტი - შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
Your browser doesn’t support HTML5
მამუკა კეკოშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი აზრით, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმება დევნილებისთვის ახალი თავსატეხი იქნება, რადგან ერთი უწყების ნაცვლად სამ უწყებაში მოუწევთ სირბილი. კეკოშვილის აზრით, დევნილთა საქმეების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რათა საკითხმა დაბნეულობა არ შექმნას.
ნიკოლოზ ოთინაშვილი ცხინვალიდან 27 წლის წინ გამოვიდა. იძულებით გადაადგილებული პირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დევნილების მიმართ ყურადღება და სოციალური შემწეობა უნდა გაზარდოს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების მოცულობას ზრდის და თუ საქართველოს ხელისუფლებაც ამ მიმართულებით ძალისხმევას არ მოუმატებს, შერიგებისა და რეინტეგრაციის პროცესი გართულდება.
Your browser doesn’t support HTML5
ნაზი ბერუაშვილი დევნილია დიდი ლიახვის ხეობიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ აჩაბეთში სახლი დატოვა და მას შემდეგ კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი აზრით, სამინისტროებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, პირველ რიგში, დევნილთა კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ბერუაშვილის აზრით, დროა მთავრობამ გაჭირვებული ადამიანებზე ზრუნვა დაიწყოს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არ იფიქროს.
იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს ჯერჯერობით მცირე ინფორმაცია აქვთ მთავრობის სტრუქტურული და საკადრო რეფორმების შესახებ. მათი აზრით, დევნილთა ინფორმირება აუცილებელია, რათა ამ ცვლილებებმა დაბნეულობა არ გამოიწვიოს.