საქართველოში იცნობენ ბათუმის „მედეას“. ის ძველი მეგობრების ნამუშევარია - დევი ხმალაძეს ეკუთვნის ქანდაკება, რელიეფები დათო ნათიძის ქმნილებაა. „შინ - უცხოეთში“ ახლა ჯერ დევიძეზე გიამბობთ, მომდევნო ეპიზოდი დათო ნათიძეს მიეძღვნება.
დევი ხმალაძე ანტვერპენში ცხოვრობს მეოთხედ საუკუნეზე მეტია. იქ აქვს სახელოვნო, იქ არის მისი სამსახური. ამ წლების მანძილზე არაერთი ფორმა შეუქმნია. კოვიდის პანდემიის დროს დევის საკუთარ თავზე მუშაობის მეტი დრო ჰქონდა სიმყუდროვეში. იმ პერიოდში შექმნილ ძეგლზე ვსაუბრობთ: ეს არის მუშტი, ხელის მტევანი, მაღლა აწვდილი ცერა თითით, რომელიც ანტვერპენში, მის ძველ უბან ბერხენში დაიდგა მაშინ - პანდემიის დროს. რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა „საზეიმო ცერემონიას“ და როცა ძეგლი გაიხსნა, ხალხი აივნებიდან ტაშს გვიკრავდაო, მითხრა დევი ხმალაძემ.
Your browser doesn’t support HTML5
დევი ხმალაძე სარესტავრაციო საქმიანობაზეც ჰყვება. ერთი მხრივ, ამ საქმეს არაპროფესიონალს, არახელოვანს ვერ მიანდობ, მეორე მხრივ კი, თავისუფალმა არტისტმა, ამ შემთხვევაში დევი ხმალაძემ, სარესტავრაციო თუ განახლების სამუშაო ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს, ისე, რომ თავისი გემოვნება თუ იდეა არ გამოაჩინოს სარესტავრაციო ობიექტში, თორემ ეს ცუდი რესტავრაცია იქნება.
დევი ხმალაძე მესაუბრა ასევე მასალაზე, სხვადასხვა სტიქიაზე ძერწვის თუ გამოქანდაკების დროს.
დევის ვთხოვე ეამბა ნიდერლანდში, კუნძულ ტექსელზე 1945 წელს გერმანელთა მხარეს გადასულ ქართველ მეომართა აჯანყების მონაწილეთა მემორიალის შესახებ, რომელზეც ერთი წელი იმუშავა და რომელიც შარშან გაიხსნა. მემორიალზე ამოტვიფრულია რამდენიმე ასეული ქართველი ვერმახტელის, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლის მონაწილეთა გვარები.
Your browser doesn’t support HTML5
დიდი მოვლენა იყო ბელგიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანებისთვის, 2023 წლის ევროპალია - ხელოვნების ფესტივალი, ბიენალე, რომელზეც წარმოდგენილია ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და რომელზეც შარშან საქართველომ თავისი კულტურა და ისტორია, ხელოვნება - მუსიკა და ქანდაკება გააცნო ევროპას. 2023 წლის ევროპალიის მონაწილე იყო დევი ხმალაძეც, რომელიც მოკლედ იხსენებს იმ დღეებს.