დედობა, ყველაფრის მიუხედავად - ორი ქალის ამბავი

ნათია და თიკო დედობას ზუსტად ისევე აღიქვამენ, როგორც ყველა სხვა ქალი: ბავშვთან გატარებული დროის სიხარული და პასუხისმგებლობა, კავშირი, რომელიც ჩვილის მუცელში ყოფნიდან დაიწყო. თუმცა საზოგადოება მათ დედებად ვერ ხედავს. ნათიას გონებრივი შეზღუდვა აქვს, თიკოს კი წლებია, რაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. ამ ქალებმა შეძლეს, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილზე ოცნების ახდენა, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან.


ნათია 16 წლის იყო, თავი შეუძლოდ რომ იგრძნო. ვერ მიხვდა, რა დაემართა. მხოლოდ საავადმყოფოში მისულმა აღმოაჩინა, რომ ორი თვის ორსული იყო. ექთანმა უთხრა, გოგო გეყოლებაო.

„რაც მე დავორსულდი გოგოზე, იქიდან ვიგრძენი სითბო და სიყვარული. მუცელზე ხელს ვიდებდი, თან ვიხედებოდი. მალე გაჩნდი, შვილო, მე ვუთხარი, მარი დაგარქვა სახელი, მე ვუთხარი“.

არ უყვარს იმის გახსენება, რაც 2013 წლამდე ხდებოდა მის ცხოვრებაში: სენაკის, თერჯოლის, დუშეთის პანსიონატები... ამ ადგილებში მან სხვადასხვა სიმძიმის ძალადობა გამოსცადა. მიყვება, რომ პირველი შვილები, ტყუპი ბიჭები, ხუთ თვეზე მოაცილეს. არ ახსოვს, ვისგან დაორსულდა. 15 წლის ბოდა ან 14-ის.

ნათია ბერძენიშვილი შვილების - მარიამის და ნიკოლოზის ფოტოებს მაჩვენებს

„აბორტი გამიკეთეს და ამაზე ძაან დიდი შეტევა და ნერვიანობა გავიარე. მოშორება არ მინდოდა. ბავშვებისთვის სახელებიც მქონდა შერჩეული”, - იხსენებს ნათია.

დუშეთში ერთ-ერთ ბენეფიციარზე, გოჩაზე, იქორწინა. მას მერე ერთად არიან. გოჩა ნათიას ორი შვილიდან თავის შვილად ხან ნიკოლოზს თვლის, ხან ორივეს, ხანაც არც ერთს, ნათია კი ზუსტად ვერ იხსენებს, ვინ არის ბავშვების მამა. მისთვის ამას მნიშვნელობაც არ აქვს.

გაეროს 2020 წლის კვლევის თანახმად, რომელიც შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულებას ასახავს საქართველოში, გამოკითხულთა 52.9 % თვლის, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ.

გონებრივი შეზღუდვის მქონე ქალების მიმართ საზოგადოებრივი აზრი თითქოსდა ოდნავ უფრო ლმობიერია. გაეროს იმავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის მისაღებია, ასეთ ქალს შვილი ჰყავდეს.

ერთი სიტყვით, კანონი არ უკრძალავს შშმ სტატუსის მქონე ქალებს დედობას, თუმცა პრაქტიკაში რამდენად ახერხებენ ამ უფლების განხორციელებას, სადავოა.

“დამოუკიდებელი როცა არ არის ადამიანი, თავის უფლებას ვერ გამოიყენებს. იმ უმცირესობას, ვინც არის დამოუკიდებელი, თვიდან თვემდე გააქვს თავი. აქედან გამომდინარე, დამატებითი ხარჯები მისთვის მძიმე ტვირთია. შედეგად, არიან ოთხ კედელში და დაკარგული მოქალაქეები სახელმწიფოსთვის. ეს ადამიანები განწირულები არიან მარტო სიბერეზე და თავისი მომავალი ბუნდოვნად ესახებათ”, ამბობს ლალი წულეისკირი, რომელიც თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სოცმუშაკია.

“მათ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მაშინ ეს არ იქნება სხვების გადასაწყვეტი საკითხი. ეს უნდა იყოს პროფესიონალების მხარდაჭერა და არა მხოლოდ მატერიალური დახმარება“.

თიკო შალამბერიძე

თიკო შალამბერიძეს კარგად ახსოვს, როგორ შეხვდა თავისი მომავალი შვილის, ოთოს, მამას. მაშინ ხანგრძლივი რემისიის პერიოდი ჰქონდა.
18 წლის იყო, როცა პირველი დეპრესიული ეპიზოდი გადაიტანა. 4 წელიწადში ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს. შემდეგ იყო შვიდწლიანი რემისია - ამ პერიოდში მან წარჩინებით დაასრულა სამედიცინო უნივერსიტეტი და გაიცნო მომავალი მეუღლე, ასევე პრაქტიკანტი ექიმი. დიაგნოზის შესახებ მეორე პაემანზევე უთხრა.


„მას არ ჰქონია პრობლემა, მაგრამ მითხრა, ჩემებს არ ვუთხრათო. ჩემი რემისია იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ ორსულობის დაგეგმვა ფსიქიატრის ჩარევის გარეშე მოხდა, რაც ახლა მგონია შეცდომა. ჩემი ოჯახიც ჩემ ცუდად ყოფნას მოთავებულ ამბად თვლიდა, რადგან იმ წლების მანძილზე ვიყავი ფრიადოსანი და არ ვავლენდი ფსიქიკური პრობლემების ნიშნებს“.

თიკო ახალშობილ ოთოსთან ერთად

ცოლობაზე მეტად თიკო დედობაზე ოცნებობდა:


„მეჩქარებოდა ბავშვი, ბავშვი. პირველი ორსულობა რომ შემიწყდა, მალევე დავორსულდი მეორედ. გავთხოვდი უფრო იმის გამო, რომ ბავშვი მინდოდა“.
როცა ოთო ხუთი თვის იყო, თიკოს ფსიქოზი დაეწყო. მოულოდნელად ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული გახდა. აფექტურ მდგომაროებაში მყოფი ღამით ვერ იძინებდა და თავის დასამშვიდებლად მღეროდა. ერთ ღამესაც მეუღლემ მანქანაში ჩასვა ისე, რომ არ უთხრა, სად მიდიოდნენ. ის ღამე თიკომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაათენა. მეორე დღეს, როცა მეუღლემ საავადმყოფოში მიაკითხა, თიკომ იგრძნო, რომ ის სრულიად გაციებული იყო ცოლის მიმართ.

სახლში და ინსტიტუციაში


მას მერე, რაც ქმრის ოჯახმა თიკოს დაავადების შესახებ შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრმა მათ ხაზგასმით უთხრა, რომ თიკო საფრთხეს არ წარმოადგენდა, გაყრა გარდაუვალი აღმოჩნდა. გაყრის შემდეგ ბავშვი თიკოსთან დარჩა. თიკოს დედა გარდაცვლილი ჰყავდა, შვილის აღზრდაში მამა დაეხმარა. ბავშვს ის აჭმევდა, ბანდა და საფენებს უცვლიდა, თიკოს განმარტოების, ფიქრებთან დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ ამ ცხოვრებას მეორე მხარეც ჰქონდა - მამას ეშინოდა, რომ რაიმე პრობლემა არ გამოჰპარვოდა და მუდმივად დაძაბული იყო.


“თავისუფლებას მიზღუდავდა. არ მაძლევდა დროს, რომ ბუნებრივად გამევლო ჩემი ტრანსფორმაციები. აბაზანაში დიდხანს თუ ვიყავი, მიკაკუნებდა, მიკრძალავდა სეირნობას. ჩვეულებრივზე ადრე თუ მეღვიძებოდა, ეგეც კი შიშს იწვევდა და ეს შიში იყო რეალურად პრობლემა. თითქოს ბევრს არაფერს მიკრძალავდა, მაგრამ ზემზრუნველობა ძალიან მიშლიდა“.


ასეთ დროს სახლში ყოფნას ისევ ფსიქიატრიულში წასვლა ერჩივნა. ჯდებოდა ავტობუსში და მიდიოდა - წელიწადში ორი-სამჯერ ათი წლის განმავლობაში.
„ზოგჯერ საჭიროა ოჯახის წევრებისგან დასვენება, როცა გამწვავების მომენტები გაქვს. მაგრამ იქ, სტაციონარშიც, მხვდებოდა აგრესია. როცა ისედაც გამწვავებული მივიდოდი და ჩემკენ აგრესიით გამოიწევდნენ, მე უკვე დასაბმელი ვხდებოდი. იყო შემოლაწუნებები, მუშტიც მომხვედრია თვალში“.

თიკოსგან განსხვავებით, ნათიას არჩევანიც არასდროს ჰქონია, ინსტიტუცია მისი სახლი იყო. ბავშვების დატოვებაზეც არავის უკითხავს აზრი.

ახალშობილი მარიამი ზესტაფონის მონასტერში წაიყვანეს. ნათია ცდილობდა ხშირ-ხშირად დაერეკა და შვილი მოეკითხა, მაგრამ ერთხელაც მარიამი ისე გადაიყვანეს კოჯრის სათემო სახლში, რომ დედას არაფერი უთხრეს.

თერჯოლის სათემო სახლში ნათიას მხოლოდ სრულწლოვნებამდე შეეძლო ცხოვრება. ამის მერე დუშეთის სათემო სახლში გადაიყვანეს. იქ აღმოჩნდა, რომ ისევ ორსულად იყო, ამჯერად უკვე ბიჭზე. მეორე შვილი, ნიკოლოზი, მალევე მიმღებ ოჯახში წაიყვანეს. ნათიას ის ოჯახი არ მოსწონდა:

“ღარიბულად ცხოვრობდნენ და მანის გარდა არაფერს აჭმევდნენ ბავშვს. მანი - ყოველდღე”.

მარიამმა და ნიკოლოზმა არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. მინდობით აღზრდის შესახებ კანონის მიხედვით, დედმამიშვილების დაშორება დაუშვებელია. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევაა, როცა ეს მათ საუკეთესო ინტერესებშია.

მხარდაჭერა


სტაციონარსა და სახლს შორის სირბილში, თიკოს შვილი გაიზარდა, მამა კი გარდაიცვალა. დღეს თიკოს 11 წლის ოთოს მოვლაში ძმა ეხმარება. ოთო უკვე დიდი ბიჭია, დამოუკიდებლად ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ თიკო პირდაპირ ამბობს, რომ ძმის ყოველდღიური თანადგომის გარეშე დამოუკიდებლად ბავშის გაზრდა გაუჭირდებოდა.


„შეიძლება, მაგალითად, ქვაბი დამეწვას, იმიტომ რომ მაგ დროს სხვა აზრები მაქვს მოზღვავებული. ეს აზრები ხელს მიშლის იმაში, რომ ამ დროს ვიყო პრაქტიკული ადამიანი. ბავშვი როცა პატარაა, შეიძლება დაგრჩეს დასაბანი, ან გამოსაცვლელი, შეიძლება ვერ აჭამო თავის დროზე. მე მჭირდება ხოლმე განმარტოება ჩემს თავთან, დამატებითი პასუხისმგებლობა მართმევს ძალებს და ხელს მიშლის ნორმაში ჩადგომაში.


მეორე მხრივ, სენსიტიურობა მეხმარება იმაში, რომ გავუგო შვილს უკეთ, ვიგრძნო მისი განწყობები, როდის არის ნაწყენი, გაბრაზებული და ასე შემდეგ, რასაც დაავადების გარეშე ვერ შევძლებდი.


ახლანდელი გადმოსახედიდან ვიაზრებ, რომ როცა ფსიქოსოციალური საჭიროება გაქვს ქალს და თან გყავს ჰიპერაქტიული ბავშვი, მინიმუმ შვიდ წლამდე გჭირდება მხარდაჭერა, უნდა გქონდეს საკუთარ თავთან განმარტოების დრო, შეგეძლოს მუსიკის მოსმენა, გასეირნება. დრო უნდა გამოეყოს ასეთ ადამიანს, რომ მოვიდეს თავის თავთან ჰარმონიაში და არ ასცდეს ნორმას. თუ ქალს აქვს ხანგრძლივი რემისია, საზოგადოება არ უნდა უწესებდეს შეზღუდვებს. მას უნდა ჰყავდეს კარგი მრჩეველი“.

ნათიასთვის მრჩეველი ორგანიზაცია “ხელი ხელს” გამოდგა, სადაც 8 წლის წინ გადავიდა გოჩასთან ერთად. ახალ სახლში გადავიდნენ თუ არა, მალევე უთხრა, რომ ბავშვებთან უნდოდა ყოფნა.

მარინა მოდებაძემ, სათემო სახლების მენეჯერმა, სოცსააგენტოს დახმარებით ორივე ბავშვი დედასთან წამოიყვანა. ნათიამ პირველად ნახა შვილები ერთად.

"ეს ჩემი საყვარელი ფოტოებია, სადაც ყველა ერთად ვართ" - მეუბნება ნათია


„აი, ჭიშკარი რომ გამიღეს, კარები, რომ ვნახე გოგო, ისე გამიხარდა, ისე, რომ ჩავეხუტე გოგოსა და ბიჭს. შენ გენაცვალე, შვილებო, დედა გენაცვალოს, ვუთხარი. რამდენი გაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული-მეთქი“.

ნათიას ბავშვები ერთად მიმღებ ოჯახში, მეზობელ სოფელ ზეგაანში, გააშვილეს. ორგანიზაციამ ვეღარ შეძლო ბავშვების რჩენა.

„რო წაიყვანეს, ვფიქრობდი, ვფიქრობდი.. და ამ ფიქრებმა მომკლა სულ. მერე მითხრა მარინამ, დაფიქრდი, ნათია, ასე ჯობიაო. მე კარგს გირჩევო. ნუ გეშინია, თუ არ დაგირეკავენო, მე მითხარიო. ნომერი ჩამაწერინეს ზეგანის. სკაიპი ჩამირთეს. ტელეფონი ვიყიდე, რომ კონტაქტი მქონოდა“.

ნათიამ ტელეფონი შვილებთან ხშირი კონტაქტისთვის შეიძინა


ხშირ-ხშირი ზარებით და ჩასვლით, ნათიას ახალი მიმღები ოჯახი მოეწონა, ბავშვები კარგად გრძნობდნენ თავს. ისიც გაიაზრა, რომ ქმართან ერთადაც კი ბავშვებისთვის საჭირო პირობები არ ჰქონდა.

„მირჩევნია იქ იყოს ბავშვები, ორივე იქ იყოს, მირჩევნია. ყურადღებას არ ვაკლებ. ცხოვრებაში არ დავაკლებ ყურადღებას. ყველა დედას თავის შვილი უყვარს, ვინც დედა არის. ჩემი ქმარი ფულს აგროვებს, რომ დამოუკიდებლად ვიყოთ შვილებთან. ოღონდ მე მინდა კიდე ასისტენტი გვერდში, რომ დამეხმაროს. არ მაქვს საშუალება. ღმერთო, მაპატიე, და მართლა არ მაქვს საშუალება. ყოფილა ეს ჩემთვის საჭირო, მარინამ რაც მითხრა“.

რატომ ვერ სარგებლობენ ქალები თავიანთი უფლებებით


ოლგა კალინა, ფსიქიატრიის სერვისმომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარე, რომელიც აქტიურად მუშაობს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალებთან, კარგად იცნობს მათ მიმართ საზოგადოების უნდობლობის მიზეზებს.

„როცა ხდება მკვლელობა და მძიმე დანაშაული, ყოველთვის ისმის კითხვა, ხომ არ იყო ის ადამიანი ფსიქიკური პრობლემების მქონე. ზოგ შემთხვევაში მართლაც ასეა და საზოგადოებას ეს უფრო ამახსოვრდება, ვიდრე საპირისპირო დამტკიცებული ფაქტი“.

ღრმად არის გამჯდარი მოსაზრება, რომ ასეთი ადამიანი ძალადობისკენაა მიდრეკილი და ბავშვი მასთან საფრთხეში იქნება.

„გარდა ამისა, თვლიან, რომ პრობლემა გენეტიკურია და, უბრალოდ, არ უნდა გამრავლდეს. თუმცა ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მივდივართ ევგენიკამდე. მაშინ სრულყოფილი ადამიანის გენომი უნდა შევქნათ“.

ასევე გავრცელებულია აზრი რომ მშობელი მენტალური პრობლემებით ბავშვს ვერ მოუვლის, რადგან მისთვის საკუთარი თავის მოვლაც ტვირთია. სწორედ ამიტომ შიშობდა თიკოს მამა დაავადების ყოველი მორიგი ეპიზოდის დროს, ნათია კი წლების განმავლობაში შვილებთან კონტაქტს იყო მოკლებული - ისინი აღქმულები იყვნენ ადამიანებად, ვისთვისაც საკუთარი თავიც ტვირთია.

„ფსიქიკური პრობლემები ისეთი რაღაცაა, რასაც ახასიათებს სტაბილურობის და გამწვავების ეპიზოდები. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ დროის შეგრძნება, მიზეზ-შედეგობრიობა ქრება თავიდან და თუ ქალი არ იღებს სერვისს ფსიქიკური ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით, ძალიან გაუჭირდება ამ დროს ბავშვის მოვლა. შეიძლება შეიქმნას სარისკო სიტუაცია, როცა ბავშვი უყურადღებოდაა. მაგალითად, ვიღაც უნდა მოვიდეს სახლში და დედას დაეხმაროს, ან შეეძლოს ბავშვი დატოვოს სადმე. ჯერჯერობით ასეთი სქემა არ გვაქვს. ამის ნაცვლად, პირიქით, არის დასჯის მექანიზმი - გაკიცხვა საზოგადოების მხრიდან“, - ამბობს ოლგა.

ოცნებები


„საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო ფსიქიატრიულში. მე კი აღარ მინდა ვიყო „კარგი გოგო“. ჩემი თავი მივიღე ისეთად, როგორიც ვარ“, - მეუბნება 39 წლის თიკო შალამბერიძე. თიკო შვილმაც სრულიად მიიღო.11 წლის ოთო ანტროპოსოფიულ სკოლაში დადის, სადაც მიმღებლური გარემოა და არც თიკოს, არც ოთოს სტიგმატიზაცია არ განუცდია. გაუცხოებას ყოფილი მეგობრებისგან გრძნობს.

"აღარაფრის მეშინია" - ამბობს თიკო შალამბერიძე


“როცა ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვწერ აგრესიული ტონით პოსტებს, ამით ვიცავ ჩემს სივრცეს და ვავლენ ჩემს თავს, თუმცა ეს აღიქმება როგორც ჩემი პიროვნული აგრესია. „ნუ უბერავ ახლა, დააყენე ერთი ადგილი“, - ამას ვგრძნობ პირველ რიგში ყოფილი კლასელებისგან, რომლებთანაც ახლოს ვიყავი, რომლებიც მიცნობდნენ, სანამ დაავადება გამოვლინდებოდა. ახლა, როცა ასეთი გამიცნეს, უარყოფა ვიგრძენი. თითქოს უნდა ვიყო სადღაც, სადაც ხელს არ შევუშლი არავის. საზოგადოებისთვის ვარ ყველაზე დაბალი დონის არსება - შშმ პირი“.


მაგრამ შიშით უკვე აღარაფრის ეშინია, არც ამ სტატუსის. ისიც გადაწყვეტილი აქვს, დედა მეორედ გახდეს. „არანაირი შიში აღარ მაქვს. თუ არ გამოჩნდა ადამიანი, მე გამოვიყენებ სპერმის ბანკს. ამ ჯერზე უფრო მეტად ვიზრუნებ ჩემს ჯანმრთელობაზე და ვიქნები უფრო მომზადებული.. უნდა ჩავდგე ფორმაში და წამლებს დავანებო თავი - წამლების ფონზე არ გავაჩენ. ამიტომ ეს არის მომავალი სამი წლის ამბავი”.

ბავშვებთან შეხვედრის მოლოდინში, ნათია საჩუქრებს აგროვებს


პანდემიის გამო ნათიას ბავშვები ერთი წელია, რაც არ უნახავს. დაავადების მიმართ უფრო მოწყვლადად ნათია ითვლება, მაგრამ მეუბნება, რომ თავად არ უნდა “ბავშვებს დამართოს რამე”. შეხვედრისთვის კი მოუთმენლად ემზადება - პენსიის ფულით საჩუქრებს ყიდულობს.

მარიამისთვის გამზადებული საჩუქარი

მაგრად მენატრებიან. ამაზე მეტი რა არის, ბავშვი რო ჩაიკრა გულში. სულ ჭიშკარს ვუყურებ. ბავშვი რომ მოდიოდეს, ერთი სული მაქვს. ძალიან დიდი ბედნიერებაა დედობა და ძალიან მინდოდა გამომეცადა. გამოვცადე კიდეც“.

რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი