დედა, მე ნაშვილები ვარ? - ბიოლოგიური ოჯახის ძიებაში

ათობით ადამიანი ფეისბუკის ღია ჯგუფში ეძებს ბიოლოგიურ მშობლებსა და ჩვილობის ასაკში დაკარგულ ნათესავებს. ჯგუფის წევრები ყევბიან სამშობიაროდან უკანონო გაშვილებისა და ახლობლებთან პირველად შეხვედრის ამბებს.

თათა გოგოლაძე 2 თვის იყო როდესაც გააშვილეს. 1985 წელს ეს ასე ხდებოდა: როცა სამშობიაროში მშობლებისთვის შესაფერისი “ვარიანტი” გამოჩნდებოდა, ბებიაქალი შუამავალს აგებინებდა. როგორც კი შუამავალი ოჯახის საბოლოო თანხმობას მიიღებდა, იწყებოდა ფორმალური პროცესი - საბუთების გაფორმება, რასაც შეიძლება ერთი დღიდან ორიოდე თვემდე წაეღო. როცა ყველაფერი დასრულდებოდა, შუამავალი საკომისიოს იღებდა.

ნაშვილობის დამადასტურებელ ფურცლებს გამზრდელი მშობლები თვალისგან შორს, რომელიმე კარადის თავზე შემოდებდნენ, სანამ ერთ დღესაც ბავშვი მათ შემთხვევით აღმოაჩენდა. ამ მომენტში წლების განმავლობაში უფროსების გადაჩურჩულება, ეზოს ბავშვების ორაზროვანი შეძახილები უცბად აზრს იძენდა. ეჭვის საბოლოოდ დასადასტურებლად მხოლოდ ერთი კითხვის დასმა იყო საკმარისი - დედა, მე ნაშვილები ვარ?

თათასაც ზუსტად ასე დაემართა.

“ბევრი საბუთი ვიპოვე - აყვანის, გაშვილების, დაბადების მოწმობები. გაშვილება ბიოლოგიურ დედას უნდოდა, რადგან მამის ოჯახმა [რძალი] არ მიიღო. რუსი ქალი იყო და მალევე წავიდა რუსეთში”.

მე გამზრდელ მშობლებს აღვიქვამ ჩემს მშობლებად და მათ ვერავინ შემიცვლის. მე, უბრალოდ, მინდოდა მცოდნოდა ვინ ვარ“.

ძველ საბუთებში თათამ აღმოაჩინა, რომ დაბადებისას მას კრისტინა დაარქვეს. დაბადების თარიღიც ორი დღით იყო გადაწეული. - „ახალგაზრდა ვიყავი და ამ ასაკში რთული იყო ასე უცბად ყველაფრის აღქმა, თუნდაც იმის, რომ დაბადების თარიღი მარიამობაზე გადამიწიეს“.

მამა საბუთების აღმოჩენის დღესვე მოძებნა, აი, დედის პოვნას კი 16 წელი დასჭირდა. მამამ დედის ფოტოები აჩვენა, თუმცა ამაზე მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა: მშობლებს შორის კავშირი წლების წინ გაწყდა. თათას რუსული სოციალური ქსელები და ემიგრანტი ქართველები დაეხმარნენ. მან დედა წელს, შობა დღეს იპოვა - გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ დედა არასდროს ჰყავდა ნანახი, ამის გაგებამ ერთდროულად გულიც ატკინა და შვებაც მოუტანა.

„მინდოდა, უბრალოდ, თვალებში ჩამეხედა, მაგრამ სადღაც მქონდა ეგ დაშვებაც, რომ ცოცხალი არ დამხვდებოდა. მთავარია, გავიგე და ვიცი. თითქოს დავმშვიდდი“.

თათა გოგოლაძე და მისი ბიოლოგიური მშობლები

თათას ბიოლოგიური მშობლების ძიების გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოვნა არათუ შესაძლებელი, არამედ საჭიროცაა - განსაკუთრებით, სანამ გამზრდელები ცოცხლები არიან და ჯერ კიდევ შეუძლიათ დახმარება.

პირველი ადამიანი, ვისაც თავად დაეხმარა, თათას „არშემდგარი“ და, თამუნა მუსერიძე იყო.

„თამუნას ბებია და ჩემი ბებია იყვნენ ძალიან ახლო მეგობრები მეორე მსოფლიო ომიდან და მათი “ბრიგადა” ყოველთვის ჩვენთან იკრიბებოდა. თამუნას აყვანიდან ერთი წლის თავზე გამოვჩნდი მე და თამუნას ოჯახს შესთავაზეს ჩემი თავი. ჩვენ ავიყვანეთ უკვეო, მაგრამ თამუნას ბებიამ იცოდა, რომ მეგობრის ოჯახსაც უნდოდა ბავშვი. მან მომნათლა კიდეც - ასე გადაება ჩემი და თამუნას ბედი. წლებმა დაგვშალა, მაგრამ ახლა ისევ ერთად ვართ. ჩემს გაშვილებას რომ ვიკვლევდი, ვიმედოვნებდი, რომ შუამავალი მაინც გამოგვიჩნდებოდა ერთი და თამუნას დავეხმარებოდი“.

თამუნა და თათა ერთმანეთს დიდი ხანია, რაც იცნობენ. თამუნას ოჯახის მოძიება აქამდეც უცდიათ. თამუნა მუსერიძეს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა ვებგვერდი, სადაც ეცადა მაძიებელი ადამიანები შეეკრიბა, თუმცა მაშინ იდეამ ფეხი ვერ მოიკიდა. აი, 2021 წლის იანვარში შექმნილი ფეისბუქგვერდი “ვეძებ” კი არსებობის პირველი დღიდან ამუშავდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პანდემიაა. ახლა ბევრი ადამიანია სახლში გამოკეტილი და, როგორც ჩანს, აქვთ დრო ამაზე საფიქრალად. ამასთანავე, ძალიან ბევრ დედას სჭირდებოდა ბიძგი. აქამდე არ იყვნენ მზად ამაზე საჯაროდ სალაპარაკოდ“.

„ვეძებ“ ჯგუფის დამაარსებლები


გოგოებმა ფეისბუქით მომავალი თანადამფუძნებლები - მარიამ ჯიბლაძე და ია ყველაშვილი - გაიცნეს. ოთხივეს მსგავსი ბედისწერა აქვთ. ია, სამი წელია, ეძებს დას, რომლის დაბადება ან სიკვდილი არსად დარეგისტრირებულა. მარიამს დედა ახლახან, ნოემბერში გარდაეცვალა და გარდაცვალების წინ უთხრა, რომ აყვანილი იყო. მარიამმა სცადა საკუთარი პერსონალური ინფორმაციისთვის საჯარო რეესტრში მიეკვლია, თუნდაც ის სამშობიარო გაეგო, სადაც დაიბადა, მაგრამ მოკლე პასუხი მიიღო - იუსტიციის სამინისტროს ბაზებში მის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

„ჩემი საქმე ისეთი უკვალოა, თითქოს ვცდილობ სხვების დახმარებით ავინაზღაურო ის, რაც მე არ მაქვს. ძალიან სტრესულია, როცა თვითიდენტიფიკაციის პრობლემა გაქვს. საერთოდ, გადამიტრიალდა ყველაფერი, როცა ეს გავიგე“.

სიმართლის წიგნი და ცრუ საბუთი

„ვეძებ“, თვეზე ნაკლებია, არსებობს, მაგრამ უკვე რამდენიმე ოჯახი დააკავშირა და 16 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ყოველდღიურად ქვეყნდება ამბები - მშობლების, რომლებსაც გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი არასდროს უნახავთ, და ბავშვების, რომლებიც გაიზარდნენ ისე, რომ საკუთარი დაბადების შესახებ ბევრი არაფერი იციან.

ნატო (სახელი შეცვლილია) მიყვება, რომ მისი შვილად აყვანა ოფიციალურად არსად დარეგისტრირებულა: „[გამზრდელი] დედაჩემის დედა იყო მეხუთე სამშობიაროში ექთანი, იქ მუშაობდა. დედაჩემს და მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და უნდოდათ ბავშვის აყვანა. მე გამოვჩნდი “ვარიანტი” და ბებიაჩემს უთხრეს. დედაჩემი შევიდა სამშობიაროში, “იმშობიარა” და გამომიყვანეს მე, ანუ გამაფორმეს გამზრდელი დედის შვილად. ბიოლოგიურ მშობლად არიან მითითებული ჩემი მშობლები, ანუ საბუთი, რომ მე ვარ აყვანილი, არ არსებობს. რატომ არ მოხდა ჩემი შვილება ოფიციალურად, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ბებიამაც აბსოლუტურად არაფერი იცოდა მშობლების შესახებ. ამ სიტუაციაში მონაწილეობდა შუამავალი ქალი, რომელმაც მოუყვანა დედაჩემს ჩემი თავი. უთხრა, რომ ცოლ-ქმარი არიან, ოჯახია და ჰყავთ გოგო და ბიჭი, რაც მოგვიანებით ტყუილი აღმოჩნდა - უბრალოდ, მიაწოდეს ასეთი ინფორმაცია, რომ “ოჯახის” შვილი ვიყავი და ოჯახიდან გამოსული“.

იმ დროს „ოჯახის შვილები” ყველაზე სასურველი ახალშობილები იყვნენ. ითვლებოდა, რომ ბავშვთა სახლებში „ცუდი სისხლის“ ბავშვები იყვნენ, უცნობი და სახიფათო გენეტიკით. ხშირად ახალბედა მშობლებისთვის ბიოლოგიური მშობლების ვინაობა უცნობი რჩებოდა, მაგრამ ნატოს გამზრდელმა დედამ ორივე მშობლის გვარის გაგება დაიჟინა. არ უნდოდა შვილი მომავალში მოგვარეზე გათხოვილიყო. გამზრდელმა ნატოს ბიოლოგიური მშობლების ძებნაც დაიწყო, როცა ფეისბუქზე ჯგუფი გამოჩნდა. აკვირდებოდა, ხომ არ გამოჩნდებოდა ნაცნობი სახელ-გვარი მათ რიცხვში, ვინც დაკარგულ შვილს ეძებდა.

„ეშინოდა რომ ვინმეს, მაგალითად, მკვდარი ბავშვი შეატენეს [ჩემ მაგივრად] ან რაღაც მსგავსი“. ნატოსთვის კი ჯგუფი შუამავალი აღმოჩნდა, რომ ბიოლოგიურ მშობლებს დაკავშირებოდა. მამის მხრიდან ძმებიც იპოვა.

ნინო ბერიშვილი. ახლა და ბავშვობაში.


ნინო ბერიშვილი წლებია, ტყუპისცალ დას ეძებს. სჯერა, რომ ის ცოცხალია და სამშობიაროდან მოიპარეს.

„დედაჩემმა გურჯაანში იმშობიარა. სახლში იყო მასთან მხოლოდ ბიცოლა. დაიბადა ორი ბავშვი. მე ვიყავი სუსტი, ორკილოიანი, და ოდნავ ვიკნავლე. მეორე ბავშვი ტიროდა ერთი ოცი წუთი, როგორც დედაჩემი ამბობს. ძალიან ვგავდით ერთმანეთს და ბიცოლამ ისიც თქვა, სახლში როგორ გავარჩიოთ ეს ბავშვებიო. მე და ჩემი და მალევე დაგვაცილეს“.

ნინოს ბიცოლამ სამშობიაროში პედიატრი მიიყვანა, რომელმაც ბავშვი გასინჯა და თქვა, ჯანმრთელიაო. საღამოს ბიცოლას უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა. ნინოს დედა ცუდად იყო, მამა კი - სხვა სოფელში. ოჯახი რამდენიმე დღე ითხოვდა ბავშვის ცხედარს. საბოლოოდ სამშობიაროში მისულ მამას უთხრეს, რომ ბავშვი სამშობიაროს ეზოშია დასაფლავებული. ზუსტი ადგილი არ უჩვენებიათ.

წლების შემდეგ ნინომ გადაწყვიტა, რომ ოჯახში ტაბუდადებულ თემაზე დაიწყოს საუბარი.

ნინო ბერიშვილი

„ახლა, როგორც არასდროს, ადვილია ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, თუნდაც გულისტკივილის ფასად”, - მეუბნება ნინო.

„გადავწყვიტე, რომ ვიმოქმედო ღიად, ანონიმურობის გარეშე. ვფიქრობ, რომ შედეგს მხოლოდ ასე მივაღწევ“.

განცხადების დაწერის წესი ფეისბუკჯგუფში ამოიკითხა. დედა დაითანხმა, რომ იუსტიციის სახლში ერთად წასულიყვნენ და დაეწერა: „გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია ჩემი ყველა გაჩენილი შვილის შესახებ“.

„დედას უთხრეს: ქალბატონო, თქვენ ტყუპები არ გაგიჩენიათ. არ არსებობს ჩანაწერი იმ ბავშვზე, არც დაბადება, არც გარდაცვალება“.

ორი ბავშვი მხოლოდ ნინოს დედას და ბიცოლას ჰყავს ნანახი. ექიმები გარდაიცვალნენ, ხოლო ერთადერთი სანიტარი, რომელიც ამჟამად ცოცხალია, ამბობს, რომ საერთოდ ვერაფერს იხსენებს ამ შემთხვევაზე. ნინოს დაზე ჩანაწერი მხოლოდ სამშობიაროს სიმართლის წიგნში თუ იქნება დარჩენილი - დოკუმენტში, სადაც ბავშვის დაბადება ფიქსირდება. სიმართლის წიგნის პოვნა, თუკი სამშობიარო დაიკეტა, თითქმის შეუძლებელია. ნინომ ჯერ გურჯაანის არქივს მიმართა, შემდეგ მთავარ არქივს, იქიდან კი ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნეს.

„წერილი მივწერე, სადაც დეტალურად აღვწერე ჩემი ამბავი. მომივიდა პასუხი, რომ ეს დოკუმენტაცია ჩვენთან არ არის. არავინ არ იცის, სად არის. ანუ ისეთი სიტუაციაა, გიჟი შენ რომ გამოდიხარ. უნდა შეიტანო განცხადება სასამართლოში და მოსამართლე თუ ჩათვლის საჭიროდ, მოგცემს ამ განჩინებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაიგოს სიმართლე. ეს მისი უფლებაა“.

ნინო ბერიშვილის ალბომიდან


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ანდრანიკ მინასიანი, რომელიც რამდენჯერმე დახმარებია გაშვილებულებს ინფორმაციის მოძიებაში, ამბობს, რომ სიმართლის წიგნის შინაარსზე წვდომა კანონმდებლობით შეზღუდულია. წიგნში შეტანილ მონაცემებს ოჯახი ბავშვის აყვანამდე თუ შეიტყობს. გაშვილებულის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოს გამზრდელი მშობლის ხელმოწერა (ან მისი გარდაცვალების მოწმობა), მზრუნველობისა და მეურვეობის სააგენტო იკვლევს ნაშვილების ბიოლოგიური მშობლების ვინაობასა და ადგილსამყოფელს და თუკი ვერ მოხერხდა მათი მოძებნა, აძლევს ინფორმაციას მხოლოდ მისი პირვანდელი სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის - ზოგ შემთხვევაში დაბადების ადგილის -შესახებ. თუ ბიოლოგიური მშობელი ცოცხალია და მისი ვინაობა დადგენილია, მაშინ განცხადება მას ეგზავნება და სააგენტო არკვევს, სურთ თუ არა გამჟღავნდეს მათი ვინაობა. თუ ბიოლოგიურმა მშობლებმა წინასწარ განაცხადეს, რომ არ სურთ მომავალში შვილებმა გაიგონ ეს ინფორმაცია, მაშინ განცხადება არ გაიგზავნება. გაშვილების საიდუმლოების გათქმა მხოლოდ მშვილებელს შეუძლია. სხვა შემთხვევაში ეს ისჯება ჯარიმიდან დაწყებული თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთით დამთავრებული. გააჩნია დამამძიმებელ გარემოებას.

ნინოს შემთხვევაზე ანდრანიკ მინასიანი ამბობს, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი ბავშვის შესახებ ინფორმაცია შევიდა წიგნაკში, ან გაიხსნა სხვა წიგნაკი და იქ მშვილებელს გაუფორმეს ბავშვი. „გაშვილება კანონის დაცვით რომ მომხდარიყო, არ იქნებოდა პრობლემა მეორე ბავშვის შესახებ ინფორმაციის მოძიება“.

ახლა ნინოსთვის ერთადერთი გამოსავალია, საკუთარი ამბავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს.

„[ჩემმა დამ] ალბათ, არ იცის თავისი დაბადების დღე, თითქოს მე უნდა ვიზეიმო ორის მაგივრად.“


“ამ ჯგუფმა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი იმედი. ამიტომ ძალიან სხვანაირი დაბადების დღე მაქვს წელს. იმიტომ რომ ახლა ვფიქრობ, რომ გიჟი არ ვარ. გადავწყვიტე, რომ მშვიდად, ჩემს ფიქრებთან ერთად გავატარო ეს დღე“.

სამშობიაროში ჩადენილი დანაშაული


საბჭოთა პერიოდში, 1990 წლამდე, ბავშვის გაშვილების საკითხებს სასამართლოს მაგივრად რაიონული საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი წყვეტდა. გაშვილება უნდა მომხდარიყო ბავშვის საუკეთესო ინტერესთა დაცვით - არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, უბრალოდ, გარიგება.

„ამ კომიტეტისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობის გარეშე გაშვილება საბჭოთა პერიოდშიც დაუშვებელი იყო. თუ სამშობიაროდან მოხდა პირდაპირ, აქ, დიდი ალბათობით, აქვს ადგილი კორუფციულ გარიგებას. ასევე, შეიძლებოდა ე.წ. სიმართლის წიგნში პირდაპირ მშვილებელი მშობლების მითითებაც“.

34 წლის რიტა (სახელი შეცვლილია) სამშობიაროდან, ფაქტობრივად, მოიტაცეს. ეჭვი, რომ აყვანილი იყო, ყოველთვის ჰქონდა. თანაც, დედა მეორე სამშობიაროში ბებიაქალად მუშაობდა. 17 წლისამ გაბედა და დედას ჰკითხა, აყვანილი თუ იყო.

„დედას და მამას შვილი არ უჩნდებოდათ და გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა გოგო, უკრაინელი სტუდენტი, რომელიც იყო ორსულად ქართველი ბიჭისგან. როცა იმშობიარა, მოცვივდნენ ორივე მხრიდან საკმაოდ შეძლებული ოჯახები და ატეხეს ერთი ამბავი. და, აი, ამ ამბავში ვიხელთე დროო და გადავწყვიტე, რომ წამომეყვანე ჩემთვის. ეს თავისი პირით აქვს ნათქვამი”, -იხსენებს რიტა. “ოჯახებს უთხრეს, რომ გარდავიცვალე, მაგრამ ბიოლოგიური დედა ძალიან თხოულობდა ბავშვს. მოდიოდა, კიბეზე იჯდა და ტიროდა. ჩემი გამზრდელი დედა ძალიან შეშინდა და მზრდიდა მამაჩემის სოფელში სამ წლამდე. სულ ცდილობდა, რომ ავერიდებინე ქალაქს. ამ საუბრის დროსაც ძალიან ნერვიულობდა და მეხვეწა, რომ გავჩუმებულიყავი. მითხრა, ეს ამბავი რომ გასკდეს, ძალიან ბევრი ციხეში ჩაჯდებაო. დედა ამ ამბის შემდეგ მალევე დაიღუპა. მე საზღვარგარეთ წავედი. რამდენიმე წლის წინ მინდოდა სიმართლის წიგნის ნახვა. დავრეკე სამშობიაროში და ვუხსენე ჩემი გამზრდელი დედის სახელი და გვარი. მითხრეს, რომ საზღვარგარეთ ვერ დამეხმარებოდნენ და რომ ეს “ასე ხელის მონასმით” არ კეთდებოდა. ბოლოს ისიც მითხრეს, იქნებ თქვენი გამზრდელი დედა არ გეძებთ და რატომ უნდა გამოჩნდეთ ვინმეს ცხოვრებაშიო. არადა, აბსოლუტურად არაფერი არ მინდა, უბრალოდ - ნამდვილი დაბადების თარიღი და წარმომავლობა“.

სამშობიაროდან მოპარული და გაყიდული ბავშვების საქმეების გადამოწმება საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, გამზრდელ მშობლებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, რისი გამჟღავნებისგანაც აყვანილი შვილები თავს იკავებენ.

არასდროს იცი, რას იპოვი


ნინიმ (სახელი შეცვლილია) ჯგუფის მეშვეობით დედა იპოვა, მაგრამ დედამ მას „ახალგაზრდობის შეცდომა“ უწოდა და, ოღონდ მისი ცხოვრებიდან გაუჩინარებულიყო, ფულის გადახდა შესთავაზა.

„ეს ადამიანი ახლა საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ჩვენ მოვიშველიეთ ფსიქოლოგი, რომ დახმარებოდა. ახლა მხოლოდ ის უნდა, კიდევ ერთხელ მივიდეს, რომ მამის სახელი მაინც გაიგოს”, - გვეუბნება მარიამ ჯიბლაძე, რომელმაც ნინი ჯგუფში გაიცნო და მას ფსიქოლოგიური ტრავმის მოშუშებაში დაეხმარა.

მარიამ რუაძე

რას ნიშნავს, ეძებო და დიდი ხნის შემდეგ გული დაგწყდეს, კარგად იცის მარინა რუაძემ, რომელმაც 2009 წელს დედა, მარინა ჯანიაშვილი, იპოვა. მაშინ ეს გაცილებით უფრო რთული პროცესი იყო - მარიამს ტელევიზია დაეხმარა.

ტელეკამერების წინ შეხვედრამ თბილად ჩაიარა, მაგრამ, საბოლოოდ, დედამ მარიამი არ მიიღო.

„დედამ უარმყო, მეორედ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უნდოდა ჩემი ნახვა და ამბობდა ,რომ მისი შვილი არ ვიყავი. მისმა მეუღლემ დამირეკა და შეურაცხყოფა მომაყენა. ძალიან მტკივნეული იყო. მერე, როცა ჩავდიოდი, სახლში არ მიშვებდა. მე რაც მინდოდა, ის გავიგე - დედაჩემის მთელი სანათესაო [დავადგინე]. მაშინ მე უკვე ორი გოგონა მყავდა და არ მინდოდა, რამე მომხდარიყო სისხლის არევის ამბავში. დედისგან გავიგე მამის სახელიც, მაგრამ აღარ ჩავსულვარ. არ მინდოდა გულის კიდევ ერთხელ გატეხა და იმედგაცრუება“

თუმცა წლების შემდეგ მარინას შვილებმა დაჟინებით სთხოვეს ჯგუფში პოსტი დაედო.

„დავწერე, რომ ჩემი შვილების თხოვნით ვეძებ ბიოლოგიურ მამას და დედმამიშვილებს. 15 წუთი იყო გასული, რომ დამირეკეს და მითხრეს ჩემი დის სახელი და გვარი, ისიც, რომ ბათუმში ცხოვრობდა. მამის სახელით მიხვდნენ - ნადარეიშვილი გულია ერთი იყო ონტოფოში და დამაკავშირეს ჩემს დას. უკვე იცოდა და ძალიან სიხარულით მომეგება და მომეფერა. გაუხარდათ ჩემს დისშვილებსაც. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან და ყოველდღე ელაპარაკებიან დეიდაშვილებს. მე კი ძალიან მიხარია, მაგრამ დედის მხრიდან მაშინდელმა იმედგაცრუებამ ცოტა გამინელა”.

მარიამ რუაძე და მისი და

ახლა მარინას უნდა, რომ სხვა ადამიანებს დაეხმაროს ოჯახის მოძებნაში და ერთ-ერთისთვის შუამავლობაც კი იკისრა. საკუთარ თავს ამ საქმის სპეციალისტს უწოდებს მიღებული გამოცდილების გამო.

„მე ამ ჯგუფში თითქოს ყველა ადამიანის ტკივილს ვგრძნობ. არავინ არ უნდა მოეშვას, ვინც ეძებს. პირველ რიგში, ყველა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. იქ მიიღებენ გულისტკენასაც, შეურაცხყოფასაც და ძალიან დიდ სიყვარულსაც. ვისაც სურვილი აქვს, რომ მოძებნოს, უნდა იბრძოლოს ბოლომდე და არ უნდა დანებდნენ“.

თათა გოგოლაძე, რომელმაც დედა დაგვიანებით, მაგრამ მაინც იპოვა, ფიქრობს, რომ სიმართლის ცოდნა აუცილებელია, თუნდაც ეს გულისტკივილთან იყოს დაკავშირებული. მაძიებლების უდიდესი ნაწილი 1980-სა და 1990-ს წლებს შორისაა დაბადებული და ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა ან თავად უნდა შექმნან ოჯახი, ან ჰყავთ შვილები, რომლებმაც საკუთარი წარსული ჯერ არ იციან.

„ფაქტობრივად, ამ ბავშვების თაობა ახლა ცდილობს, რომ თავისი ნამდვილი ისტორია დაწეროს“, - ამბობს თათა.