დები, რომლებიც თბილისმა მოიმწყვდია

ხუთწლიანი მცდელობის შემდეგ ვაფას და მაჰას პირველად მიეცათ გაქცევის შესაძლებლობა. ყველაფერი სისწრაფეში გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდხანს ფიქრობდნენ. 2019 წლის პირველ აპრილს ჯერ თურქეთში, სტამბოლში გადაფრინდნენ, შემდეგ ტრაბზონში და იქიდან სარფის საზღვარი ტაქსით გადაკვეთეს. ასე მოხვდნენ საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თბილისში, ქალაქში რომელმაც ისინი მოიმწყვდია.

ვაფა ალ-სუბაიე და მისი და მაჰა, თბილისში მესამე, მათივე თქმით, უსაფრთხო ქვეყანაში თავშესაფრის სათხოვნელად ჩამოვიდნენ.

“პირველი, რაც გავაკეთეთ, თბილისში საფრანგეთის საელჩოში წავედით და დახმარება ვთხოვეთ. გვითხრეს, მოიცადეთო. იქ მოგვცეს გაეროს მეილი. მათ რომ მივწერეთ, გვიპასუხეს, ჩვენ დახმარებას მხოლოდ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში შეძლებდნენ და ვერ გადაგვიყვანდნენ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად. მაგრამ არ გვინდა თავშესაფარი საქართველოში, არც ეს ქვეყანაა უსაფრთხო ჩვენთვის. აქ შეიძლება ჩემმა ოჯახმა ან ხელისუფლებამ დაგვიჭიროს. არ ვიცით, რა იქნება”, -,ამბობს ვაფა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ამის შემდეგ დებმა გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის დახმარება ტვიტერით ეთხოვათ; შექმნეს ანგარიში #Georgiasisters და ვიდეომიმართვა გაავრცელეს სადაც დები საერთაშორისო ორგანიზაციებს თავშესაფრის მიღებაში დახმარებას სთხოვდნენ.

დები ყურადღების ცენტრში მოექცნენ, თუმცა კონკრეტული დახმარების გაწევა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო;

ვაფას და მაჰას საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისი არ ყოფილა. საქართველო, როგორც უვიზო მიმოსვლის ქვეყანა მათ ერთადერთ გზად რჩებოდა თავისუფლებისკენ მიმავალ მარშრუტში.

გოგოებს საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ეშინოდათ, რომ ოჯახი მათ თბილისში ადვილად იპოვიდა. ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთის საელჩოს გავლით ოჯახმა საქართველოს მთავრობისგან შვილების დაბრუნებაში დახმარება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ითხოვა.

რატომ გამოიქცნენ დები სამშობლოდან?

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ჰყვებიან, რომ მათ ქვეყანაში მონებივით ექცეოდნენ. კითხვაზე, რა ელით, თუ მათ ოჯახი იპოვის, პასუხობენ რომ მოკლავენ, რადგან ახლა მაჰა და ვაფა ოჯახის შემარცხვენლებად ითვლებიან.

“ძალიან დიდ რაღაცას ვაკეთებთ ახლა ჩვენი ქვეყნის სტანდარტების კვალობაზე, აქ ვსხედვართ სახის დაუფარავად, ვიმოგზაურეთ კაცებისა და მათი ნებართვის გარეშე და ახლა მედიის ყურადღების ცენტრშიც ვართ, ახალ ამბებში ვტრიალებთ ჩვენს ქვეყანაში”, - გვითხრა ვაფამ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დებმა თქვეს, რომ საუდის არაბეთი მათ ოჯახს უცილებლად დაეხმარება. ამის მაგალითად ისიც მოჰყავთ, რომ საუდის არაბეთმა მაჰას და ვაფას პასპორტები გაუუქმა.

კონკრეტულად რას გამოექცნენ დები? მაჰა ალ-სუბაიე პასუხისას აღელვებულია: “მივეჩვიეთ ძალადობასა და დევნას. პატარებიც აღარ ვართ, უკვე ზრდასრული ქალები ვართ. ყოველდღიურად განვიცდიდით ძალადობას, სიცოცხლის ხალისი წაგვერთვა".

საუდის არაბეთში ქალებზე ძალადობა და მათ მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ხშირია. ამიტომ არაერთი ქალი ეძებს თავშესაფარს სხვა ქვეყანაში. ამ თემაზე საუდის არაბეთიდან გაქცეულ უფლებადამცველს თალებ ალ აბდულმოჰსენს ვესაუბრეთ.

აბდულმოჰსენი: თბილისში უამრავი გაქცეული ქალი ხვდება

თალებ ალ აბდულმოჰსენი გერმანიას აფარებს თავს. ის არაერთ გაქცეულ ქალს დახმარებია სოციალური ქსელებით თავშესაფრის ძიებაში. რამდენიმე წელია აქვს ვებპლატფორმა wearesaudis.net, რაც საინფორმაციო რესურსს წარმოადგენს მათთვის, ვინ თავშესაფრის ძიების პროცესშია.

დღემდე მოქმედებს ე.წ ღირსების მკვლელობა. თეორიულად ის 5 წლით ისჯება, მაშინ როცა სხვა მკვლელობებზე სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. რეალურად კი, ღირსების მკვლელობა თითქმის არასდროს ისჯება საუდის არაბეთში. საკმარისია მხოლოდ კარგი ურთიერთობა გქონდეს მთავრობასთან...
თალებ ალ აბდულმოჰსენი

“თბილისში ბევრი ქალი ჩადის საუდის არაბეთიდან, რომლებსაც არ შეუძლიათ ვიზა სხვა ქვეყანაში, აშშ-ში ან კანადაში მიიღონ. საქართველოში შემდგომ ნაბიჯებს გეგმავენ. მაჰა და ვაფა თბილისში ჩასვლისთანავე დამიკავშირდნენ. მე საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა, მხოლოდ უნდა გამეცნო მათთვის შესაძლო გზები. გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღოთ”.

თალებ ალ აბდულმოჰსენი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საუდის არაბეთში შარიათის კანონების სიმძიმე ბევრისთვის იქ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. მისი თქმით, ქალებს ქმრის, მამის ან ძმის ნებართვის გარეშე არაფრის უფლება აქვთ:

“გარდა ამისა დღემდე მოქმედებს ე.წ ღირსების მკვლელობა. თეორიულად ის 5 წლით ისჯება, მაშინ როცა სხვა მკვლელობებზე სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. რეალურად კი, ღირსების მკვლელობა თითქმის არასდროს ისჯება საუდის არაბეთში. საკმარისია მხოლოდ კარგი ურთიერთობა გქონდეს მთავრობასთან”.

როგორც უფლებადამცველი და აქტივისტი ის საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებსაც მოუწოდებს დაეხმარონ საუდის არაბეთიდან გამოქცეულ ქალებს და მათ შეუქმნან უსაფრთხოების შეგრძნება, რადგან გამოქცეული ქალებისთვის დაბრკოლებები ძალიან დიდია თბილისშიც.

“ასეთი ქალები ხშირად ყიდულობენ თვითმფრინავის ტრანზიტულ ბილეთებს. მაგალითად, თბილისი-მიუნხენი-აგადირი. ასეთ დროს ისინი თავშესაფრის ქვეყანას, ანუ ევროკავშირს უმიზნებენ. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავში ასვლაზე ეუბნებიან უარს. ასეთი შემთხვევები ჰქონიათ "საქართველოს ავიახაზებისა" და "ლუფთანზას" რეისებზე. მაგალითად, 2017 წელს თბილისში ერთ-ერთ გოგოს უარი უთხრეს გაფრენაზე. მე მას ტელეფონით ვესაუბრებოდი და მან ტელეფონი გადააწოდა აეროპორტის თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, რომ ბორტზე არშეშვება პილოტის გადაწყვეტილება იყო. ეს იყო "ლუფთანზას" რეისი”, - ამბობს უფლებადამცველი საუდის არაბეთიდან.

უსაფრთხოების მიზნით დებმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვეს. ხვალ კონსპირაციული ბინიდან ისინი თავშესაფარში გადასახლდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტეს. ვაფა ალ-სუბაიე და მისი და მაჰა კვლავ მიმართავენ საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებს დაეხმარონ საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასვლაში.