დებატები ევროპარლამენტში: წერილები თბილისიდან, კომპრომისისა და ოპონენტთა დევნის შეწყვეტისკენ მოწოდება ბრიუსელიდან

9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს პოლიტიკური კრიზისის შესახებ გამართული დებატები მთავარი მოხსენებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გახსნა.

ბრიუსელში დებატების დაწყებამდე სპეციალურად ჩასული საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“, მაკა ბოჭორიშვილი, მედიასთან აცხადებდა, რომ მოხსენებლები ძირითადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, თბილისში ვიზიტს შეაფასებდნენ. თბილისში ოპოზიციას კი ევროპარლამენტის კედლებში მსჯელობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების ფაქტსა და ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაზე ყურადღების გამახვილების მოლოდინი ჰქონდა.

შარლ მიშელის ჩართულობას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გამოცდილი შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის, დანიშვნას საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერილ პოლიტიკური დიალოგის მედიაციის პროცესში, მართლაც, თითქმის ყველა გამომსვლელმა დაუჭირა მხარი. 9 მარტის დებატებში ევროპარლამენტარებმა, ამავე დროს, ყურადღება გაამახვილეს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის დაღმასვლაზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, შარშანდელი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ პირობებზე და, სულ ბოლოს, თებერვალში ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ოფისში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრებაზე, რამაც, ევროპელი დეპუტატების შეფასებითაც, ღრმა ჩიხში შეიყვანა ისედაც რთული პოლიტიკური პროცესი.

ევროპარლამენტის წევრმა, ირლანდიელმა დეპუტატმა კლერ დეილიმ, რომელიც ერთ-ერთი იყო 9 მარტის დებატებში მონაწილე 20 გამომსვლელიდან, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე დუმილის გამო უსაყვედურა კიდეც.

ჟოზეპ ბორელის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები, ნაცვლად წინასწარ გამოცხადებული 15:00 საათისა, ევროპარლამენტში ბრიუსელის დროით სამი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი იყო ანგარიშების მოსმენა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ხასიათის სირთულეების დაძლევასა და ჯანდაცვის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების თაობაზე, რაც ევროკავშირის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

ჟოზეპ ბორელი

ამ, გლობალური საკითხების გარდა, ევროპარლამენტისათვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში, როგორც ჟოზეპ ბორელმა უწოდა, „ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ“ ქვეყანაში, შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება, რომელიც „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ვითარება შეიცავს საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა და ყველა მხარეს მოუწოდა, „თავი შეიკავონ“ პროვოკაციული მოქმედებებისგან.

ამ ვითარებაში, როგორც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის, საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე, არის უპირველესი მნიშვნელობის წინაპირობა საქართველოსთვის, რათა, ბორელის თქმით, კიდევ უფრო გაღრმავდეს პარტნიორობა და ინტეგრაცია ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

„გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი შევაფასოთ უახლოეს პერიოდში, როდესაც შევხვდებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს 16 მარტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება პროგრესზე საუბარი“, - განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში ჟოზეპ ბორელმა.

6-წუთიან შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს არ ულაპარაკია კონკრეტულ შემთხვევებზე, არაფერი უთქვამს არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში პოლიციის მიერ განხორციელებულ შტურმსა და პარტიის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, რასაც პოლიტიკური კონფრონტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მელიას საქმე მან დასკვნითი სიტყვისას ახსენა.

ოპოზიციისა და მმართველი ძალის ეპისტოლეები ბრიუსელს

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის თაობაზე დაგეგმილი დებატების წინ ევროპარლამენტს წერილები გაუგზავნეს როგორც საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ.

წერილები, რომელთა შინაარსს რადიო თავისუფლება გაეცნო, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღრმა და ფუნდამენტურ უთანხმოებასა და უნდობლობას, რომელიც ერთმანეთის მიმართ აქვთ სხვადასხვა მხარეს მდგომ პოლიტიკურ ძალებს.

ერთ-ერთი მიმართვის ავტორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ევროპარლამენტარების ყურადღებას 6 მარტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე მიაპყრობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, ავალებს ანზორ ჩუბინიძეს (2014 წლიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს), რომ დაამციროს და დასაჯოს ის ახალგაზრდები, რომლებმაც ივანიშვილის ოჯახის შეურაცხმყოფელი პოსტები ინტერნეტში განათავსეს. ამ საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული პირი.

„დღეს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ შეისწავლონ კომპანია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი, მაგრამ გამოძიების ყურადღების ცენტრში იქნება არა საუბრის შინაარსი, არამედ ჩანაწერის მოპოვება და მისი ტრანსლირება, რამაც, შესაძლოა, პოტენციურ სამიზნედ აქციოს ამ ჩანაწერის გამავრცელებელი დამოუკიდებელი ტელეარხი“, - წერს ევროპარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში სალომე სამადაშვილი.

საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც კარგად იცნობენ ევროკავშირში, როგორც 2005-2013 წლებში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, თავის წერილში აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერების გაკეთება საქართველოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე გავრცელებული სახეა, და იხსენებს იმას, რომ ასეთი გავრცელებული დანაშაულის ერთ-ერთი მსხვერპლი თავად გახდა 2020 წლის ნოემბერში, როდესაც ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს, სავარაუდოდ, მის საცხოვრებელ სახლში გაკეთებული პირადი საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას გამოძიება არ დაუწყია.

9 მარტის დებატების წინ ევროპარლამენტის კულუარებში ასევე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია. საქართველოს მმართველი პარტია დეპუტატებისადმი გაგზავნილ განცხადებაში ოპოზიციის ლიდერებს ადანაშაულებს, რომ ისინი კრიტიკულად ეკიდებიან OSCE/ODIHR-ის შეფასებას და საერთაშორისო დამკვირვებლებს საჯაროდ ადანაშაულებენ კორუფციაში.

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები, 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, როგორსაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში. სამარცხვინოა“, – „ქართულმა ოცნების“ მიხედვით, ეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, განცხადების ციტატაა.

ევროპარლამენტარებმა დებატებამდე შალვა ნათელაშვილისგანაც მიიღეს ელექტრონული გზავნილი. ქართველ ლეიბორისტთა ლიდერმა ევროპარლამენტს გაუგზავნა წერილი, ვრცელი სახელწოდებით: „კრიმინალური პორტფოლიო ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოს დე ფაქტო მმართველზე, პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვის წევრზე, „გაზპრომის“ აქციონერზე, რომელიც ჩართულია ფულის გარეცხვასა და რუსული იარაღის უკანონო ვაჭრობაში“.

წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ქართველ ლეიბორისტთა ლიდერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რომ ის არის ოლიგარქი, რომელსაც რუსეთის ყველაზე რეაქციული ძალები, რუსი გენერლები და სპეცსამსახურები უჭერენ მხარს. „90-იან წლებში ივანიშვილი საბჭოთა იარაღის კონტრაბანდით იყო დაკავებული აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. იარაღის ექსპორტიორ „როსვოორუჟენიასთან“ თანამშრომლობით მან (ივანიშვილმა) კონტრაბანდის გზით 870 მილიონი დოლარის იარაღი, მათ შორის საჰაერო ბომბდამშენები გადაიტანა სამოქალაქო ომში ჩაფლულ ანგოლაში. ძირითადი ბანკი, რომლითაც ამ ოპერაციების მართვა ხორციელდებოდა, ივანიშვილის კუთვნილი „როსკრედიტბანკი“ იყო. საფრანგეთში სამი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (ანგოლაგეიტი) და ამ დანაშაულისათვის სასამართლოს წინაშე წარდგნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის, შვილი, კრისტოფერ მიტერანი, რუსი ოლიგარქი არკადი ჰაიდამაკი, ფრანგი ბიზნესმენი პიერ ფალკონე და სხვები. გამოძიება კვლავ გრძელდება პარიზში. ივანიშვილმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა და საქართველოს პოლიტიკაში შემოსვლით საკუთარი თავისთვის სასჯელისაგან იმუნიტეტის მიღება უზრუნველყო“, - წერს ნათელაშვილი.

ამ და კიდევ სხვა ბრალდებებით სავსე წერილის ბოლოს ქართველ ლეიბორისტთა ლიდერი მოუწოდებს ევროპარლამენტს, რომ, როდესაც დაწვრილებით ანგარიშს წარუდგენს სპეციალურ კომიტეტს რუსი ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების შესახებ, ამ სიაში შეიყვანონ ბიძინა ივანიშვილიც, გაიყინოს მისი საბანკო ანგარიშები და შეწყდეს მისი კომპანიების საქმიანობა ევროპის ქვეყნებში.

„ეს არის ქართველი ხალხის თხოვნა, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ არ ძალგვიძს კრემლის და რუსული მილიარდებით ზურგგამაგრებული ამ დიქტატორის გაუვნებელყოფა“, - აღნიშავს წერილის ბოლოს ნათელაშვილი.

მკაცრი, პირუთვნელი, მეგობრული რჩევები

ევროპარლამენტში გამართული დღის წესრიგით, კამათში თავდაპირველად 16 ევროპელი დეპუტატი იყო ჩაწერილი, მაგრამ, საბოლოოდ, სიტყვა 20-მა ევროპარლამენტარმა ითხოვა. მათი უმრავლესობის სახელები კარგად იციან საქართველოში, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანისადმი მათი მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერის გამო.

ესენი არიან: დევიდ მაკალისტერი, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატი, სვენ მიკსერი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, ესტონეთის ყოფილი საგრეო საქმეთა მინისტრი, პეტრას აუშტრევიჩიუსი, ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან, ჩეხი მარკეტა გრეგოროვა, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ირლანდიელი კლერ დეილი, გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები (GUE/NG), გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ესტონელი მარინა კალიურანდი და ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი, რომლის გამოსვლის წინ ევროპარლამენტში ჯერ მიკროფონები გაითიშა, ხოლო შემდეგ სინათლეც ჩაქრა, რის გამოც დებატები, დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ განახლდა.

გამომსვლელთა გზავნილები მსგავსი იყო: საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განიცადა მნიშვნელოვანი რეგრესი დემოკრატიის გზაზე, პოლიტიკურმა ძალებმა კონფრონტაციის ნაცვლად უნდა აირჩიონ კონსენსუსი, ხოლო ევროპა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგებაში. დღეს შექმნილ კრიზისს საქართველოს მიმართ ევროკავშირისა და ნატოს არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი უწოდა პოლონელმა ევროპარლამენტარმა ზდისლავ კრასნოდებსკიმ, რომელსაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეუსრულებელი დაპირება ჰქონდა მხედველობაში.

კიდევ რამდენიმე ციტატა გამოსვლებიდან:

ფაბიო მასიმო კასტალდო, იტალია:

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია“.

ნიკოლაე სტეფანუტა, რუმინეთი:

„ქართველები ვეღარ გააგრძელებენ ნამდვილ დემოკრატიასა და იმიტირებულ დემოკრატიას შორის დგომას. ძალადობრივი შეტაკებები, გადაჭარბებული ძალის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება მიუღებელია“.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, გერმანია:

„ეს ქაოსი ორივე ბანაკის პოლიტიკოსების ბრალია. ისინი საკუთარ „ეგოს“ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას თანამშრომლობასთან შედარებით... ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილოვანმა მოქმედმა პირმა - სააკაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა - უნდა შეწყვიტოს ჩარევა“.

ბორელის დასკვნითი სიტყვა ნიკა მელიასა და ვადამდელ არჩევნებზე

9 მარტის დებატებში გამოსული ევროპარლამენტარების უმრავლესობა ხაზს უსვამდა იმ ექვსი პუნქტის გარშემო საქართველოს ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, შეიტანა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.

რამდენიმე ევროპარლამენტარმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ კი ევროკავშირს უსაყვედურა ნიკა მელიას დაჭერის თაობაზე დუმილის გამო.

„თუ არ ვცდები, კლერ დეილიმ ახსენა ნიკა მელიას საქმე და გამოთქვა მოსაზრება, თითქოს ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდან დუმილი ყოფილიყოს. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ გითხრათ, რომ დუმილი არ ყოფილა. 18 თებერვალს ჩემმა პრესმდივანმა გამოაქვეყნა განცხადება წინა დღით, 17-ში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბატონ მელიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ. ამ განცხადებაში ჩვენ მოვუწოდეთ ორივე მხარეს, შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოეჩინათ მოთმინება და პასუხისმგებლობა, რა დროსაც სპეციალურად იყო ნახსენები ბატონ მელიას საქმე“.

9 მარტს დასკვნით კომენტარში ჟოზეპ ბორელმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ როგორია ევროკავშირის პოზიცია საქართველოში შექმნილი რთული ვითარების გადაჭრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, ჩვენ ვართ საქართველოს უმსხვილესი დონორები, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად. და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელმძღვანელობით დაწყებული მედიაციის პროცესით ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გადავჭრათ პრობლემები და მივაღწიოთ წინსვლას პოლიტიკური შეთანხმების მიმართულებით“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, თუმცა ერთი დათქმაც გააკეთა, რომ შარლ მიშელის მიერ შემუშავებული ექვსი პუნქტიდან ყველაზე ძნელად მისაღწევად ეჩვენება საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ამავე საკითხზე სავარაუდო პლებისციტის გამართვა.

ევროპული მედიაცია

1 მარტს საქართველოში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სასწრაფოდ გადასაჭრელია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„დღეს ვამაყობ, რომ კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა. ეს არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს რთული საკითხები. როცა დავუსვი მკაფიო კითხვა ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ ერთად მოიძებნოს გამოსავალი, პასუხი იყო მკაფიო: კი. ეს იყო კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ განვაგრძობთ დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა მიშელმა მისივე ინიციატივით თბილისში გამართული ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი: ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით

ამ შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე და 9 მარტის დებატებამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით, შვედ დიპლომატს, კრისტიან დანიელსონს, შესთავაზა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი პირად წარმომადგენელს გზავნის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის

კრისტიან დანიელსონი ამ კვირაშივე გამართავს შეხვედრებს თბილისში, პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან.

16 მარტს კი, როგორც ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, ასოცირების საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სადაც დიალოგში მიღწეული პროგრესის განხილვასაც აპირებენ.