დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება როკის გამშვებ პუნქტზე საანკეტო ინფორმაციას შეაგროვებს

ცხინვალი (ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან)

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს დე ფაქტო რესპუბლიკაში დაბრუნებული მოქალაქეების კარანტინში განთავსებით და საქართველოსთან ე.წ. საზღვრების ჩაკეტვით ატარებენ.

ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევის, განცხადებით, ისინი ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ საქართველოს. გაირკვა, რომ ერთ ქალს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები. შინ დაბრუნების შემდეგ 14 დღის განმავლობაში მოხდა მისი იზოლირება. ქალის ოჯახი ასევე იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევ ერთი საეჭვო შემთხვევა, ეს მოქალაქე ასევე დარჩება ინფექციურ საავადმყოფოში 14 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე ნახეთ ახალი კორონავირუსი და ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

კოჩიევა ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიით ყოველდღე გამოდის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქალაქეები საქართველოდან ზემო ლარსისა და როკის გამშვები პუნქტების მეშვეობით ბრუნდებიან, რაც საფრთხეს ქმნის. ის მოსახლეობას მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

ცხინვალი რუსეთის ფედერაციასთან ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო და საბაჟო გამშვებ პუნქტს როკში არ კეტავს, თუმცა 16 მარტიდან იწყებს საანკეტო მონაცემების შეგროვებას. მარინა კოჩიევას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკაში შემსვლელები შეავსებენ სპეციალურ ანკეტას, სადაც მიუთითებენ, სად იმყოფებოდნენ ბოლო პერიოდში და რა მისამართზე გაჩერდებიან ცხინვალის რეგიონში.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე რეჟიმი უფრო გაამკაცრა. ჩაკეტილი ახალგორის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, მიზეზად კი კორონავირუსის მიერ შექმნილი საფრთხე და მისი პრევენცია დაასახელა. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები პროდუქტისა და მედიკამენტებისთვის პერევში გადადიოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები - მათ შორის გადასასვლელების დახურვა - მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ე.წ. საზღვრის გახსნის დრო არაა დაზუსტებული.

უკვე ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის გამოვლენის საშუალებები არ არსებობს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში კორინავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს. შესაბამისად, საეჭვო შემთხვევები ლაბორატორიულად ვერ გამოვლინდება.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე შესთავაზა დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაავადების დიაგნოსტირებასა და სათანადო მკურნალობაში.

ამირან გამყრელიძე


„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია... ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და, თუ საჭირო გახდა, მერე ავადმყოფის გადმოყვანასა და მკურნალობაში. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში, იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ“, - განაცხადა 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

ამასობაში გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების ორსართულიანი შენობა მთლიანად გათავისუფლდა და საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მომზადდა. ბოქსირებული განყოფილება 40 პაციენტის მიღებას შეძლებს. ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის თქმით, სამედიცინო დაწესებულება სწრაფად მომზადდა.

16 მარტის მონაცემებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 27 ადამიანი, მათ შორის - 11 სამხედრო.

დღის ბოლომდე საკარანტინო სივრცეს დატოვებს 11 პაციენტი. გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით COVID-19 დაავადების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.