სოფიო ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქართულენოვანი ფეისბუკ ჯგუფის, „რემონტის“, მოდერატორია. ჯგუფმა 2013 წლიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოიკრიბა რემონტსა და მშენებლობაზე სასაუბროდ. ამ ყოფითი საკითხით დაინტერესებულმა მოდერატორებმა აღმოაჩინეს, რომ ვირტუალურ გაერთიანებაში ერთეულებს შეუძლიათ ათიათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალონ უკეთესობისკენ.
სოფიო ამბიბს, რომ „რემონტმა“ სამშენებლო კომპანიები უფრო პასუხისმგებლობიანი გახადა. ისინი უკვე ითვალისწინებენ მომხმარებლის შენიშვნებს და მოსაზრებებს. ჯგუფმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც კი წამოსწია, როგორიცაა, მაგალითად, საშენი მასალების უვნებლობა და უსაფრთხო მშენებლობა. ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრია ქვეყანაში ანგარიშს უწევს მომხმარებლებს, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევის გაერთიანება ფეისბუკის ჯგუფის დახმარებით მოახერხეს.
2018 წლის მონაცემებით, 1,4 მილიარდი ფეისბუკმომხმარებელი იყო გაწევრიანებული ერთ ჯგუფში მაინც. - სულ 200 მილიონზე მეტი თემატური ჯგუფია. ახლა ისინი ფეისბუკის აქტიურ ეკოსისტემას ქმნიან. დახურულ ჯგუფებს აქვთ მკაცრი წესდება, სწრაფი მოდერაცია და თემაზე ორიენტირებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. თემები კი სხვადასხვაა: ბავშვთა აღზრდა, მოყვარული მიკოლოგები, შინაური ცხოველები, თავის მოვლა, მეთევზეობა და ასე შემდეგ.
ფეისბუკგაერთიანებები მარკ ზაკერბერგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2017 წელს ფეისბუკმომხმარებლებისადმი მიმართვაში მან 117-ჯერ ახსენა სიტყვა “community” (გაერთიანება). მისი კონცეფცია ასეთია: პატარა გაერთიანებებისა და სივრცეების წახალისება, სადაც ადამიანები საკუთარ ადგილს იპოვიან, ერთად გააკეთებენ იმას, რასაც ცალ-ცალკე ვერ ახერხებდნენ, და შეცვლიან გარემოს უკეთესობისკენ.
ფეისბუკი ახლა სწორედ ამ პატარა გაერთიანებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. დახურულ ჯგუფებში ხალხი იწყებს საუბარს ისეთ პრობლემებზე, რაზეც ჯგუფს გარეთ საუბრის წამოწყებას ვერ გაბედავდა.
მალალი ბაშირი რადიო თავისუფლების ავღანური ბიუროს ჟურნალისტია. 2016 წელს მან ავღანელი ქალებისთვის შექმნა ჯგუფი „ბანდარ“ , რაც ავღანურად კაცების თავყრილობას ნიშნავს.
და მასში გენდერული უთანასწორობითა და ოჯახში ძალადობით გაბრაზებული ავღანელი ქალები შეკრიბა. სოციალურ ქსელებში აქტივობა პატრიარქალურ საზოგადოებაში ბევრს არ მოეწონა, ამიტომ ჯგუფს ბევრი ანონიმი წევრი ჰყავს, თუმცა ისინი მკაცრ ვერიფიკაციას გადიან. ამის მერე კი ხმამაღლა საუბრობენ ადრეულ ქორწინებაზე, ქალების განათლებაზე, სექსუალურ შევიწროებასა და სხვა ტაბუდადებულ თემებზე. ეხმარებიან ერთმანეთს ახალი უნარების შეძენაში.
ძნელია იმის თქმა, ზუსტად რამდენი ფეისბუკჯგუფია ქართულ ენაზე, თუმცა რამდენიმე მათგანი ათასობით აქტიურ წევრს აერთიანებს და განხილვის სივრცეს ქმნის. ჩვენ რამდენიმე ჯგუფის "ადმინს" გავესაუბრეთ იმაზე, თუ რა შეცვალეს მათმა გაერთიანებებმა ადამიანების ცხოვრებაში.