დახეულ ჯინსებს გადაყოლებული პატიმრების უფლებები

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოახერხა აქცენტი სხვა საკითხებზე გადაეტანა და ყურადღების მიღმა დაეტოვებინა პატიმრებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებზეც 21 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში ილაპარაკა.

თეა წულუკიანმა კომიტეტზე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიუღებელი ქცევაა ასახული, კერძოდ, ის ციხეში მისულია დახეული ჯინსებით, მიირთმევს პატიმრის შოკოლადს, ყავას და ასე შემდეგ...

- ბატონო გიორგი, რა არის ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც გინდოდათ, რომ საზოგადოებამდე მისულიყო?

- ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემაა, რაზეც სახალხო დამცველი 2015 წლიდან ლაპარაკობს. მას შემდეგ, რაც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და დეტალურად აღწერა ეს პრობლემა, გადავწყვიტეთ უფრო სიღრმისეული კვლევა ჩაგვეტარებინა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის მიმართულებით საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არიან ე.წ. მაყურებლები, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ციხის მართვაში. ეს იყო მთავარი მიგნება, რომელიც დეტალურად წარმოვადგინეთ ანგარიშში. იქ აღნიშნულია, თუ რა პრობლემებს აწყდება პატიმარი. მაგალითად მოვიყვანეთ 2013-2014 წლებში მომხდარი ფაქტები, როდესაც პატიმრები გარდაიცვალნენ. ასევე 2015 წელს მომხდარი, როცა პატიმარმა სხვა პატიმარი აწამა... თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, არსებობს რისკი, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.

- ხომ არ გადაიტანა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობაზე მსჯელობამ აქცენტი იმისგან, რაც მთავარი სათქმელი იყო?

- გუშენდელ კომიტეტის სხდომაზე, სამწუხაროდ, პრობლემებზე ფოკუსირება არ მოხდა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით კვლავ გამოვიყენოთ სხვადასხვა მექანიზმი, რომ ჩვენი რეკომენდაციები შესრულდეს. აუცილებელია არსებული დიდი დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად გადაკეთება, პერსონალის გადამზადება და მათი რაოდენობის გაზრდა, სარეაბილიტაცი აქტივობები, რათა ციხის გარემო უსაფრთხო იყოს.

- რამდენად სწორი პოლემიკა და დისკუსია მოჰყვა გუშინდელ გამოსვლას საზოგადოებასა და მედიაში?

- კომიტეტზე იუსტიციის მინისტრმა აქცენტი სხვა თემებზე გადაიტანა და ის შესაბამისადაც გაშუქდა.

ჩვენი აზრით, ის ვიდეოჩანაწერები ზოგიერთ შემთხვევაში უკანონოდ არის მოპოვებული, შენახული და გავრცელებული. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და საკითხის შესწავლა მოითხოვა.

- როდესაც მინისტრმა ვიდეოჩანაწერი ჩართო, რა იფიქრეთ, რა შეიძლებოდა მას ეჩვენებინა?

ის, თუ რა ეცმევა ჩვენს მონიტორს და მონიტორინგის რა მეთოდს გამოიყენებს, აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასების საგანი არ არის.
გიორგი ბურჯანაძე


- არც არაფერი. თუკი რამე უკანონო ქმედებას ჩაიდენს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, იუსტიციის სამინისტროს ყოველთვის შეუძლია მოგვმართოს. ასეთი მომართვა არ ყოფილი. ამიტომაც, გულახდილად გითხრათ, მოლოდინი არ მქონდა, რომ იქ რამე უკანონობა იქნებოდა. ეს აქცენტის გადატანის მცდელობა იყო. ის, თუ რა ეცმევა ჩვენს მონიტორს და მონიტორინგის რა მეთოდს გამოიყენებს, აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასების საგანი არ არის. გარდა ამისა, ეს ადამიანი იქ მონიტორინგს კი არ ახორციელებდა, არამედ კონკრეტულად იმ პირთან იყო მისული, ვინც სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

- არის თუ არა რამე შინაგანაწესი ან რამე ნორმა, რომელიც არეგულირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესული პირის ჩაცმას ან ქცევას?

მსგავს რეგულაციებზე მე ინფორმაცია არ მაქვს, სახალხო დამცველის აპარატში უნიფორმის ტარების მოვალეობა არ გვაქვს. ამ კუთხით მე ხარვეზს ვერ ვხედავ.