თუ ასე გაგრძელდა, ეს სოფლებიც გაქრება: ცახი, გოგოლათი, ზემო და ქვემო ღვარდია... რაჭაში, ცახის თემში, რომელშიც ეს ოთხი სოფელი შედის, 2013 წლის შემდეგ 50 ადამიანი გარდაიცვალა. ათ წელზე მეტია იქ ბავშვი არ დაბადებულა. სოფელ გოგოლათში, სულ 2 ადამიანი შემორჩა. სოფელ ცახში 20-მდე გლეხი ცხოვრობს, მათ შორის, 6-7 ახალგაზრდა, უცოლო კაცია. იქაურობას არ ტოვებენ, მაგრამ ვერც ოჯახებს ქმნიან - სოფელში ახალგაზრდა გოგო არავინ დარჩა. ვინც იყო, ყველამ გზა იპოვა და იქედან წავიდა. ან გათხოვდნენ, ან სასწავლებლად ქალაქს მიაშურეს და აღარ დაბრუნდნენ. დრო გადის. სოფელი ბერდება. ცახი, რაჭაში დაცლის პირად მყოფი სოფლების მხოლოდ ერთი მაგალითია. ასეთი სოფლების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
Your browser doesn’t support HTML5
ისევ გათენდა. დილის რუტინა წინა დღისას ჰგავს. გარეთ ყინავს. თოვლი თითქმის დადნა, მაგრამ დილაობით მაინც სუსხია. ადგომის დროა, ბევრი საქმეც. სოფელში სულ არის საქმე. საქონელია გასადენი, შეშა დასაჩეხი, შემოსატანი. ბარი, თოხი. თუ თოვს, ხან გზაა გასაკვალი, ხან სახურავი გადმოსათოვლი. ჯერ ღუმელი უნდა დაანთონ. თბილი ქურთუკი ზურგზე მოიგდონ და გარეთ გავიდნენ.
36 წლის მამია მეტონიძე საქმეს თავის ორ ძმასთან, უჩასთან და ხვიჩასთან ერთად ინაწილებს. სამივე ერთ სახლში, დედასთან ერთად ცხოვრობს. სამივე უცოლოა. მამა ცოცხალი აღარ არის.
სოფელია, რა უნდა გააკეთო. დილას მოუვლი საქონელს -საღამოს დაამწყვდევ. მეზობელთან თუ გადახვალ. ტელევიზორს ჩართავ. ტელევიზორი ყველას აქვს სოფელში -ეს არის მთავარი გასართობი. ინტერნეტი არა აქვთ. არც სოციალური ქსელები. ტელეფონიც ყველგან კარგად ვერც იჭერს.
„გვერდზე სოფელში მესიჯებით გოუცვნია ერთ ბიჭს ერთი გოგო“, - მეუბნება მამია.
- და შენ?
- რა ვიცი, თუ არევინ გეიცანი, ისე ვინ შეგხვდება? ამ სოფელში არევინ არის ქალიშვილი და. ჩვენ კიდევ, დიდად არ მივდი-მოვდივართ.
- აბა, რით ერთობით? თან ზამთრში.
- დეილაპარიკებ რაღაცას. მიხვალ-მოხვალ. რავიცი. ადრე სკოლაც იყო სოფელში, ახლა აღარ არის. წისქვილიც იყო, ეგეც აღარ არის. კაი ბიბლიოთეკა იყო, ეგეც დაანგრიეს.
- ანუ სოფელში არაფერია
- ხო. ჩვენ და არაფერი.
მამია ხანდახან ქუთაისში ჩადის ხოლმე, ბიძაშვილთან. ორი დღე, სამი. ახალი ნაცნობობისთვის მოკლე დროა. თან მალე ისევ სოფელში უნდა დაბრუნდეს. არ გამოდის ასე ადვილად ურთიერთობის დაწყება. ფულიც ხომ გინდა? ქალაქში რომ წახვიდე - სახლი გინდა. სამსახური გინდა. წლები კი გადის.
გზისპირებზე თოვლი ჯერ კიდევ შემორჩენილია. სოფლის გზაზე უკვე ვიღაც ძროხებს მოდენის. ჭიშკრის გაღების ხმა ისმის. საქონლის ზარების წკარუნი. პირველი კვამლიც ავარდა ჯერ ერთი სახურავიდან. მერე მეორიდან. ნესტიანი თივის სუნი დადგა. ცახი ჯერ ცოცხალია. ჯერ სუნთქავს.
Your browser doesn’t support HTML5
„მაგრამ გოგოლათში მყავს მხოლოდ ორი ადამიანი. ასე თუ გაგრძელდა, ჩემი სოფელი ხუთ-ექვს წელიწადში აღარ იქნება“,- სოფლის გამგებელი, ფრიდონ სოხაძე გვიყვება.
ოჯახებიც იშვიათად იქმნება. მიზეზი? პირველ რიგში, ალბათ მაინც სოფლის მკაცრი პირობები, - ამბობს.
„მიდის ხალხი. თუ ვინმე გოგოა დარჩენილი, ან ბიძაშვილ-ნათესავებად ეკუთვნიან ამ ბიჭებს, ან გათხოვილები არიან. ვისაც წასასვლელი ჰქონდა ქალაქში, წავიდა. აქ ისინი დარჩნენ, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა. აქ თავიანთი შრომით მოპოვებული სასმელ-საჭმელი მაინც აქვთ“.
ზოგს მშობლების პენსია. ზოგს სოციალური დახმარება.
გოგოები მაინც უფრო თამამები აღმოჩნდნენ.
„დათხოვდნენ და წავიდნენ. მერე ერთმა მეორეს უშოვა სამსახური და ასე... ამბროლაურშიც რომ გადმოვიდეს საცხოვრებლად და იქ შექმნან ოჯახი, გინდა არ გინდა, ეგეც ქალაქის რელსებზე გადმოსვლას ნიშნავს. სამსახური უნდა გქონდეს სახლი. ცოლს რომ მოიყვან ნაძვის ქვეშ ხო არ გაათევ ღამეს. გაათევ? ვერ გაათევ“.
ამ ზამთრისპირზე, ცახში, კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა ქუთაისიდან სოფელში საცხოვრებლად. ფრიდონ სოხაძეს იმედი მიეცა, მგონი ჩაჯდა „სასტავშიო“.
„სასტავი“ ხანდახან ჯოკერს თამაშობს. ხან ნარდს.
Your browser doesn’t support HTML5
კახა კერესელიძეც მათ შორისაა. ის ჯერ 30 წლისაც არ არის:
„ეგუები ყველაფერს. შეგუებაზე არი ყველაფერი“.
მაგრამ თუ სოფელში ახალგაზრდები იქნებიან, თუ ერთად იქნებიან, გაუძლებენ. დრო საქმის კეთებაშიც გადის. მაგრამ სულ ერთი და იგივეა. - საქონელი, ღორები. სათიბი. შემორჩენილები ვართ ჩვენ აქ, ბიჭები. რთული კი არის, მაგრამ რა ვქნათ, საშუალება უნდა ყველაფერს.
- წასვლაზე გიფიქრიათ?
- კი, მაგრამ სხვაგანაც ათასი პრობლემაა. აქაურობა ვის დავუტოვოთ. ან იქ რა სახსრებით უნდა წახვიდე.
ცახიდან „მთავარ გზამდე“ 10 კილომეტრია. თუ მაგრად მოთოვა, მისვლა-მოსლა ძნელდება. სოფელს რეგიონის ცენტრს, ამბროლაურს, 30 კილომეტრი აშორებს. თბილისს - 300. ცახი ზღვის დონიდან 950 მეტრზეა, მდინარე შარეულას ხეობაში. ძნელად დასავიწყებელ ხეობაში.
ცახში არც მაღაზიაა. თუ რამე შემოგაკლდა, მეზობელ დიდ სოფელში უნდა წახვიდე. ან შაბათს - ცახი-ამბროლაურის ავტობუსს დააჯდე და ამბროლაურის ბაზარში ჩახვიდე. ავტობუსი კვირაში ორჯერ დადის. შაბათობით და ოთხშაბათობით. სოფელში სავაჭრო მანქანა ამოდის ხოლმე - „დაზურგული“, როგორც იქაურები იტყვიან - ანუ დატვირთული. ამინდს გააჩნია - თუ გზა ჩაკეტილი არ არის და ზაფხულია, კვირაში რამდენჯერმეც.
Your browser doesn’t support HTML5
ოთარ ჯინჭარაძე 43 წლისა უკვე გახდა. ისიც უცოლოა.
„ვინ რა უნდა მითხრას და დამარიგოს ახლა. 43 წლის კაცს რად მინდა ჭკუის დარიგება?“, - სოფელში მშობლებთან ის დარჩა საცხოვრებლად.
ქალაქში ძმები და რძლები ყავს. მათთან ჩადის ხოლმე. ასე სჯერა:
"უსიყვარულოდ არ არსებოს არაფერი. ისე რანაირად გამოვა. და თუ მოინდომებ, ყველაფერს იშოვი. ისე, ყველამ, ვინც შეძლო გააწყო საქმე და ეგარი პრობლემა. რას ეტყვი? აქანა რა უნდა აკეთო მთელი დღე? ძნელია".
რაჭა. დემოგრაფია - რომ დაძებნო, მკვლელ სტატისტიკას იპოვი.
1896 წელი - ამბროლაურის რაიონში 34 000 ადამიანი ცხოვრობს.
ონში - 32 000.
სულ 66 000 ადამიანი.
2019 წელი - 12-13 000 ადამიანი!
და ეს რიცხვი ყოველ წელს იკლებს.
ამბროლაურის სამოქალაქო რეესტრის ცნობარში 2000 წელს 21 ქორწინებაა რეგისტრირებული. 106 ბავშვია დაბადებული.
2018 წელს 22 ქორწინება დარეგისტრირდა. 37 ბავშვი დაიბადა.
ბევრი ქალი ქალაქში არჩევს მშობიარობას და ამბროლაურში მაგ სტატისტიკას აღარ აღირიცხავენ.
Your browser doesn’t support HTML5
რამაზ მეტონიძე 18 წლისა იყო თავის მშობლებთან ერთად ქუთაისიდან ცახში რომ ჩავიდა საცხოვრებლად. ჩავიდა და შერჩა იქაურობას. მათი ოჯახის შემოსავალი დედის პენსიაა. და ხანდახან, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ძროხას თუ გაყიდიან: „ათასი რამე გჭირდება ადამიანს. რაზე უნდა გეყოს ეგ ფული“.
„მე არ მომწონს რაც სოფელში ხდება, მარა რას იზამ. ძაან უაზრობაა. ზამთარში უფრო. ცოტა ხანი თუ დეელაპარაკები ვინმეს, ჩამოჯდები სადმე ჭიშკართან პატარა ხანი, საქონელს რო გადენი. ეგარი. მეტი არაფერი. ვეღარ ჩერდება ხალხი... ახალგაზრდა ქალები აღარ არიან. ყველა გარბის აქედან“.
და უკან თითქმის აღარავინ ბრუნდება.
გამოსავალი არავინ იცის. ცახელებიც დინებას მიყვებიან. რაც იქნება, იქნებას. მერე გაზაფხული მოდის, საქმე იმატებს. საქმეში დრო უფრო მალე გადის. ზაფხულში, რამდენიმე თვით სოფელი დამსვენებლებით ივსება, ცოცხლდება. მერე ისევ, ერთი მეორის მიყოლებით იკეტება ჯერ ერთი სახლი, მერე მეორე, მესამე და ისევ დგება ცივი, გრძელი ზამთარი.
სტატიაში გამოყენებულია არჩილ გეგენავას ფოტოები