დაშლილი და დასაწყობებული ილია ჭავჭავაძის ძეგლი ლაგოდეხში

ხალხის ინიციატივითა და ფინანსებით შექმნილი ილია ჭავჭავაძის ძეგლი ლაგოდეხში, „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ტერიტორიაზე, ავტოფარეხშია განთავსებული. ძეგლის მშენებლობისთვის შექმნილი ფონდი ამ დრომდე ფუნქციონირებს. შემომწირველებს მისი დამზადება 30 000 ლარზე მეტი დაუჯდათ. ძეგლის მფლობელი ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მემკვიდრეა, რომელიც ადგილობრივ თვითმმათველობას 17 ათასი ლარის გადახდას სთხოვს. რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება და რას ამბობს ნამუშევრის ავტორი, მოქანდაკე ნეველი ჯიქია?

Your browser doesn’t support HTML5

დაშლილი და დასაწყობებული ილია ჭავჭავაძის ძეგლი ლაგოდეხში

დაშლილი და დასაწყობებული ილია ჭავჭავაძის ძეგლი ლაგოდეხში

  • ილია ჭავჭავაძის ძეგლი, ლაგოდეხის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე, დაშლილ მდგომარებაში ინახება.
  • ძეგლის მშენებლობისთვის 1998 წელს შექმნილი ფონდი ლაგოდეხში დღემდე არსებობს.
  • ფონდის ხელმძრვანელი დავალიანების, 17 ათასი ლარის, გადახდას ითხოვს.
  • ნამუშევრის ავტორი მოქანდაკე ნეველი ჯიქია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი ფონდის დავალიანებას გადაიხდის, ის ჰონორარს მოითხოვს.

ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის მშენებლობაც 18 წლის წინ დაიწყო და მისმა ბიუჯეტმა 30 ათას 600 ლარი შეადგინა, ლაგოდეხის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე, ღია ტიპის ავტოფარეხში, დაშლილ მდგომარებაში ინახება. ამის მიზეზი კი შეუთანხმებლობაა. ავტოსატრანსპორტო საწარმოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ძეგლი ლაგოდეხში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო, მაგრამ, შეუთანხმებლობის მიზეზით, ძეგლმა მზის სინათლე 18 წლის განმავლობაში ვერ იხილა:

„იყო ლაპარაკი, რომ სადაც ახლა ავტოსადგურია, იქვე, გვერდზე, სპორტის სასახლესთან უნდა ყოფილიყო ძეგლი, თუმცა გამგეობაში ვერ შეთანხმდნენ და მას შემდეგ აქ არის“.

ძეგლის მშენებლობისთვის 1998 წელს შექმნილი ფონდი ლაგოდეხში დღემდე არსებობს. მას მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით თორნიკე კაპანაძე ხელმძღვანელობს. თორნიკე დავალიანების, 17 ათასი ლარის, გადახდას ითხოვს. ამბობს, რომ ეს თანხა თავის დროზე ძეგლის ასაშენებლად მისმა ოჯახმა გაიღო და უკან უნდა დაიბრუნონ. თორნიკე კაპანაძისავე განცხადებით, ყველანაირი დოკუმენტი არსებობს იმის ირგვლივ, თუ რამდენი დაიხარჯა ძეგლის შესაქმნელად და იქიდან რამდენი ოყო ოჯახის ფული.

„როცა იყო საუბარი, რომ ვითომ დოკუმენტაცია არ არსებობდა, საკრებულოში მივედი და მივუტანე ყველა საბუთი, ასევე ქვითრებიც. სუყველაფერი დავულაგე მაგიდაზე და თვითონაც გაუკვირდათ და მითხრეს, უი, საბუთები ყოფილაო?!

იყო ლაპარაკი და მსჯელობა, თუ როგორ უნდა გამოიყოს ფული. მე ვამბობ, რომ უნდა ჩაატარონ ტენდერი, თუმცა დაფიქრდნენ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება საქმე“.

ნამუშევრის ავტორი მოქანდაკე ნეველი ჯიქიაა. ხელოვანი გვეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი ფონდის დავალიანებას გადაიხდის, ის ჰონორარს მოითხოვს. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში ფონდიდან მიღებული თანხა ძეგლის მასალებში, მუშების კვებასა და ხელფასებში დაიხარჯა, ჰონორარი კი დღემდე არ აქვს აღებული:

ძეგლის ელემენტები

„რა გახდა, არ რცხვენიათ? ილია ჭავჭავაძის ძეგლია! სულ ისე ყოფნას, სკოლის ეზოში მაინც დავდგამდი, ბოლოს და ბოლოს! 60-ჯერ ჩამოვედი ლაგოდეხში. არც ერთ ქანდაკებაზე ამდენი არ მივლია და ვერ ვეღირსე მე მაგ ძეგლის დადგმას.

თუ არ დგამენ, ჩამოწერონ და თქვან: არ ვარგა, ავტორმა ვერ გააკეთა კარგად. საბუთებში წერია, რომ მე ჰონორარი აღებული მაქვს, მაგრამ რეალურად ის არ იყო ჰონორარი და დაიხარჯა მასალებსა და მუშებისთვის. თუმცა ვერავის ვერაფერს ვერ დავუმტკიცებ, როგორ და რამდენს ვაძლევდი მუშებს. მე მარტო კი არ ვაკეთებდი 4- მეტრიან ქანდაკებას“...

ძეგლის ელემენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისა და თანამდებობის პირისთვის, ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ღამბაშიძე გვეუბნება, რომ წინა მოწვევის საკრებულოში ამ საკითხის გასარკვევად დროებითი სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, თუმცა ძეგლის ამჟამინდელ მესაკუთრესთან კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა. გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხი ახალი მოწვევის საკრებულოსთვისაც მნიშვნელოვანია და ძეგლის დასადგმელად მსჯელობა კვლავ იგეგმება:

„ვიცით, რომ ძეგლი არსებობს, თუმცა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კერძო პირს აქვს ეს ძეგლი შენახული. წინა მოწვევის საკრებულოზე არსებობდა სამუშაო ჯგუფი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მიაღწია იმ პირთან გარკვეულ მოლაპარაკებას. ახლა უკვე ახლად არჩეული საკრებულოს და მერის ფონზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობები გაიმართება და ორივე მხარე მოწადინებული ვართ, რომ აღნიშნული ძეგლი ლაგოდეხში დაიდგას“.

ლაგოდეხში დღეს ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა არსებობს სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლობის შემთხვევაში ძეგლი დღის სინათლეს, სავარაუდოდ, ისევ ვერ იხილავს.