რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, წლებია, სხვა ათასობით ხელნაწერს შორის ინახება, სავარაუდოდ, XV საუკუნის არაბული ხელნაწერი ტექნიკური ნომრით N1012, რომლის გაციფრების პროცესმა დაღესტნელი მეცნიერები მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დააყენა: არაბულის ქვეშ იკითხება ქართული ასომთავრულით შესრულებული უძველესი ტექსტი.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე გვაქვს VI-VII საუკუნის ხანმეტ ოთხთავთან.
დაღესტანში აღმოჩენილი წერილობითი ძეგლი პალიმფსესტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი დატანილია ეტრატზე, რომლის ძველი ფენა (ამ შემთხვევაში ქართული ტექსტი) გადაფხეკილია, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია.
ქართველმა ენათმეცნიერებმა ამ მნიშვნელოვანი პალიმფსესტის არსებობის შესახებ პირველად ხუთი წლის წინ შეიტყვეს. 2014 წელს თბილისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე შამილ შიჰალიევმა - დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა - წარმოადგინა პალიმფსესტის გადარეცხილი ფენის ერთი გვერდის ფოტოასლი, რომლის გაშიფრვას ვერ ახერხებდნენ დაღესტნელი მეცნიერები. ხელნაწერი წაიკითხა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, რომლის ვარაუდით, საქმე გვქონდა ხანმეტი ენის ძეგლთან - ლუკას სახარებასთან.
2018 წლის შემოდგომაზე დაღესტანში ორი კვირით იმყოფებოდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ხელნაწერი და თბილისში მისი სრული ციფრული ვერსია ჩამოიტანა.
ქართული ხელნაწერის შინაარსი და მოცულობა
„ხელნაწერი შეიცავს ოთხთავის ფრაგმენტებს“, - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, - „გვაქვს ოთხივე მახარებელი, ანუ ფრაგმენტები როგორც მათეს სახარებიდან, ასევე მარკოზიდან, იოანედან და ლუკადან, ანუ ოთხივე მახარებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოთხთავის ძველი თარგმანების კვლევისათვის, არამედ თავად ოთხთავის ტექსტის კვლევისთვისაც“.
მთლიანად ხელნაწერი შედგება არაბული ტექსტის 84 და ქართული ტექსტის 42 ფურცლისგან. დალი ჩიტუნაშვილის განმარტებით, ქართული ხელნაწერის ერთი ფურცელი ორად არის გაყოფილი, გაკეცილი და ისეა გამოყენებული არაბულისთვის.
„42 ფურცელი ძალიან ბევრია ხანმეტი ტექსტისათვის“, - ამბობს ქართველი ენათმეცნიერი.
ქართული ხელნაწერის სიძველე და ხანმეტობა
ის, რომ ხელნაწერი პალიმფსესტია, უკვე ნიშნავს იმას, რომ ადრეულ ტექსტთან გვაქვს საქმე, თუმცა გარდა ამისა, ქართველი ენათმეცნიერები ადრეული ტექსტების კვლევისას ასევე იყენებენ დათარიღების ორ პრინციპს, რომელთაგან პირველი გრაფიკულია. საქმე ისაა, რომ ადრეულ ხელნაწერებში გვხვდება მხოლოდ თავშეკრული გრაფემები: „ბანი“, „ღარი“, „ჟანი“, „ვიე“ და ა.შ., რომლებიც ადრეულ ხელნაწერებში აუცილებლად თავშეკრულებია.
„დაღესტანში აღმოჩენილ ხელნაწერში ყველა ეს გრაფემა თავშეკრულია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელნაწერი ვერაფრით ვერ გადმოვა მე-8 საუკუნის აქეთ“, - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, რომლის თქმითაც, დათარიღების მეორე პრინციპად გამოიყენება ენობრივი ნორმები - ხანმეტობა ან ჰაემეტობა.
„ხანმეტი“ ეწოდება ისეთ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად ხ-პრეფიქსია გაბატონებული. ხანმეტობაც მხოლოდ ადრეულ პერიოდში გამოიყენებოდა. დაღესტნის პალიმფსესტიც ხანმეტია! ანუ, ერთი მხრივ, გვაქვს თავშეკრული გრაფემები, მეორე მხრივ კი, გვაქვს ხანმეტობა, რაც გვაძლევს საშუალებას,ძალიან ფრთხილად (საბოლოო პასუხისთვის სრული ტექსტოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი), დაღესტანში ნაპოვნი ძეგლი დავათარიღოთ VI-VII საუკუნით“, - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი.
ყველაზე ძველი ქართული ხელნაწერები სწორედ რომ ხანმეტი ხელნაწერებია, რომლებიც ასევე პალიმფსესტებშია წარმოდგენილი. ამ ხელნაწერების უმეტესობა, მათ შორის ხანმეტი ოთხთავი (N89 და N844 ხელნაწერები), ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხანმეტი ხელნაწერების ნაწილი დაცულია ევროპის რამდენიმე წიგნსაცავში.
ასევე ნახეთ რესტავრატორის ბრძოლა დროსთანარაბული ხელნაწერის მნიშვნელობა
დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ხელნაწერი N1012 წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ლაკის რაიონის სოფელ უბრიდან მოხვდა. როგორც უკვე ითქვა, ეტრატის ქვედა, გადარეცხილი ტექსტი ქართული ასომთავრულია, ზედა ტექსტი კი (სუფიური სწავლების შესახებ) - არაბული, რომელიც, სავარაუდოდ, XV საუკუნით უნდა თარიღდებოდეს. დალი ჩიტუნაშვილის თქმით, მკვლევრებისთვის არანაკლებ საინტერესოა არაბული, ანუ ეტრატის ზედა ტექსტიც.
„გამოდის, რომ XV საუკუნემდე ქართული ხელნაწერი სადღაც ისე ინახებოდა, რომ არავის გადაურეცხავს, არავის წაუშლია და ზემოდან არაფერი დაუწერია. ამასთან, ეტრატი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, კარგად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ინტენსიურად არ გამოიყენებდნენ. სავარაუდოდ, ეტრატი ინახებოდა, როგორც სიწმინდე, სადღაც მთაში. მრვალი კითხვა ჩნდება: როგორ მოხვდა დაღესტანში ან სად გადააწერეს ზედა ტექსტი? სად მოხდა ქართული და არაბული კულტურების შეხვედრა?ძეგლის კვლევა ამ თვალსაზრისითაც არის საინტერესო. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა არაბული გრაფიკის ცოდნა. არის ეს კლასიკური არაბული თუ ჩრდილოეთ კავკასიისათვის დამახასიათებელი არაბულის გრაფიკა? შესაძლოა, მთიელთა შემოსევების დროს დაარბიეს რომელიმე ეკლესია, წაიღეს ოთხთავი და მერე გადააწერეს ზემოდან არაბული ტექსტი, ანდა შესაძლოა, საქართველოს საზღვრებს გარეთ, რომელიმე ქართულ სამონასტრო კომპლექსში შეიქმნა და იქიდან მოხვდა არაბების ხელში... ყოველივე ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია“, - ამბობს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი.