კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური, სომხური და ლუთერული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები გამოფინა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ყველა საკულტო ნაგებობას მძიმე საბჭოთა წარსულის გარდა, ერთნაირი აქვს აწმყოც: არც ერთი მათგანი არ დაბრუნებია ისტორიულ მესაკუთრეებს.
საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე, 1450 ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. 1923 წლისათვის მათი 90 % დაიხურა,1939 წლისათვის კი მხოლოდ 5 დარჩა. ბოლშევიკებმა ეკლესიების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი კი სახელმწიფოს გადასცეს.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა ისტორიული მესაკუთრეები მაინც ვერ იბრუნებენ თავიანთ ქონებას.
„ამის მიზეზი სახელმწიფოს პოლიტიკაა“, - ამბობს მაკო ღავთაძე - ფოტოგამოფენის ორგანიზატორი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, - „სახელმწიფოს არ აქვს რესტიტუციის პოლიტიკა, რის გამოც რელიგიური გაერთიანებები ვერ იბრუნებენ თავიანთ ქონებას. ამასთან შენობების ერთი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნაწილი კი გადეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, როგორც ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, წლებია ცდილობს დაიბრუნოს 50-მდე ეკლესია. მსგავსი პრობლემები აქვთ კათოლიკეებს, ებრაელთა თემს, ლუთერანულ ეკლესიას, მუსლიმებს.
„ეს საკითხები უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან. 8 ივნისს ამ საკითხზე შევხვდით მის უწიმნდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ შინაურულად, ძმური სიყვარულით ისე, რომ არავის უფლებები არ შეილახოს. ალბათ, მთავრობამ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს“, - ამბობს ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
საბჭოურ, ტოტალიტარულ მემკვიდრეობას უწოდებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წლების განმავლობაში გაგრძელებულ, დაუსრულებელ ქონებრივ დავას საბჭოთა პერიოდი ჩამორთმეული საკულტო ნაგებების დაბრუნების თაობაზე.
„მთლიანად ჩამოართვეს ქონება რელიგიურ გაერთიანებებს, ყველას შეეხო ტოტალიტარიზმის ბოროტება, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევისა და კომუნიზმის შემდეგ ერთი ყოვლისმომცველი იდეოლოგიის ადგილი დაიკავა მართლმადიდებლობამ - არა როგორც რწმენამ, არამედ როგორც იდეოლოგიურმა სისტემამ, როგორც იდენტობის ნაწილმა. მართლმადიდებლობის ამგვარმა ინტერაპრეტაციამ კი გააგრძელა საბჭოთა ტრადიცია, როცა ის დევნიდა და აკნინებდა განსხვავებულ რელიგიურ გაერთიანებებს თუ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს.“
ბექა მინდიაშვილის თქმით, თბილისში ყოველდღიურად ინგრევა სომხური ეკლესიები. ბათუმში თვალსაჩინოდ კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დასაკუთრებული. ასეთივე ვითარებაა ქუთაისში. ვერ ხერხდება სინაგოგების დაბრუნება, მაგალითად თბილისში აბულაძის ქუჩაზე, სადაც „სამეფო უბნის თეატრია“ განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლოს 2001 განჩინება, სინაგოგა ვერ იბრუნებს თავის საკუთრებას. ასეივე ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში, სადაც ჩანაგდება მიტოვებული მეჩეთები.
„სახელმწიფო არ უვლის ამ მემკვიდრეობას და არ უბრუნებს მათ მესაკუთრეებს. სწორედ ესაა საბჭოური პოლიტიკის გარძელება, როცა ყველა შენს გარშემო მტერია და მაქსიმალურად უნდა გაანეიტრალო შენს აღქმაში მტრის ძალა, მათ შორის ძალა, რომელიც გამოიხატება საკუთრებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5