დაუსრულებელი პროექტები ქუთაისში - გაზრდილი ვადა, ფასი და დავა სასამართლოში

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, 230-მეტრიან ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ონიქს როუდს“.

ქუთაისი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები იწყება, დადგენილ დროს ვერ სრულდება, შემდეგ ვადა რამდენჯერმე იცვლება, შედეგი კი - ისევ არ ჩანს.

ხახანაშვილის ქუჩა

„გადათხარეს, დატოვეს ღია კანალიზაცია. ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა მჭიდროდ ცხოვრობს, საბავშვო ბაღი და რამდენიმე სასტუმროა, თვეებია მტვერსა და ანტისანიტარიაში გვიწევს ცხოვრება“, - გვეუბნება ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ხახანაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნატა ცირეკიძე.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, 230-მეტრიან ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ონიქს როუდს“. ნოემბერში ვითარება ასეთი იყო - ტროტუარებზე აყრილი ქვაფენილი, გზის აყრილი საფარი და მიწისქვეშა სამუშაოების ჩასატარებლად გადათხრილი ქუჩა.

ქუთაისის მერიასა და კომპანიას შორის 2022 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულებით, „ონიქს როუდს“ ხახანაშვილისა და ჯიბლაძის ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები ნახევარ მილიონ ლარად, 90 დღეში უნდა შეესრულებინა. კომპანიამ ჯერ ჯიბლაძის ქუჩისთვის მოითხოვა ვადის გაგრძელება და 209 მეტრის სიგრძის ქუჩაზე მუშაობა გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე დაასრულა. ამის შემდეგ ხახანაშვილის ქუჩაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა, მალევე შეწყვიტა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტაციით, ქუთაისის მერიისა და „ონიქს როუდის“ ხელშეკრულებით დადგენილი ვადები ხუთჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, მათი დარღვევისთვის მერიამ კომპანია 56 000 ლარით დააჯარიმა. „ონიქს როუდმა“ სასამართლოში იჩივლა და საქმის განხილვის დაწყებას ელოდება. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ლომთაძე გვეუბნება, რომ სასამართლოს წარუდგენენ 150-ზე მეტ წერილს, რომლებიც ქუთაისის მერიას გაუგზავნეს, რადგან პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაო უნდა შეესრულებინათ, სრულყოფილი არ იყო:

„გზის საფარის და ტროტუარების დემონტაჟის დროს გამოჩნდა, რომ მიწისქვეშ იყო მაღალი ძაბვის კაბელები, რომლებიც „ენერგოპროს“ უნდა გამოეცვალა. ასევე, იყო გაზის მილები, რომლებიც „სოკარს“ უნდა შეეცვალა. ეს ყველაფერი მერიამ კომპანიებს შეაცვლევინა, მაგრამ, ამის გამო, სამ თვეში დასამთავრებელი პროექტი სამი თვე შეჩერებული იყო“.

ხახანაშვილის ქუჩა

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სანიაღვრე არხი უვარგისი იყო, ამიტომ, მერიამ პროექტი შეასწორა და კომპანიას ერთის ნაცვლად ორი მილი გააყვანინა. შემდეგ ტროტუარზე დასაგები ფილების ზომა შეაცვლევინა, ინტერნეტ-კომპანიებს კი, ერთი თვე დასჭირდათ სამუშაოების ადგილიდან კაბელების გადასატანად. როგორც გიორგი ლომთაძე ამბობს, „ონიქს როუდმა“, რომელსაც სხვა კომპანიების კომპეტენციაში არსებული სამუშაოების შესრულების არც ვალდებულება ჰქონდა და არც უფლება, ეს ხელისშემშლელი გარემოებები ქუთაისის მერიას არაერთხელ, წერილობით აცნობა.

კომპანიის თანახმად, მიუხედავად ამისა, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თუმცა, შენიშვნები, რაც „ონიქს როუდს“ ჰქონდა ახალი ტენდერისას გაითვალისწინა, პროექტი გამოასწორა და სამუშაოებისთვის თანხაც გაზარდა. კომპანიას ეჭვი აქვს, რომ ყველაფრის მიზეზია არაპროფესიონალიზმი და კომუნიკაციის ნაკლებობა თუნდაც იმ კომუნალურ კომპანიებთან, რომლებთანც მერია მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს.

ხახანაშვილის ქუჩაზე სამუშაოების გასაგრძელებლად მარტში გამოცხადებულ ახალ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ „გზამშენი 21“. ქუთაისის მერიამ სამუშაოებისთვის ამჯერად, 185 000 ლარი გამოყო, რაც 65 000 ლარით მეტია შარშანდელი ტენდერით გათვალისწინებულ თანხაზე.

ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

მეორე წელია ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 500-მდე მოსწავლე და პედაგოგები „თავს აფარებენ“ ქალაქის სხვადასხვა მუსიკალურ სკოლას. ვოკალისტები ოპერის თეატრში მეცადინეობენ.

„მგონი, ჩემი შვილი ისე დაამთავრებს მუსიკალურს, ახალ შენობაში სწავლას ვერ შეძლებს. ჩვენი გულისტკივილი არავის აინტერესებს“, - გვეუბნება ერთ-ერთი მოსწავლის დედა.

ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის რეკონსტრუქციაც იმ პროექტებს შორისაა, რომელთა გამო, ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დააჯარიმა და შეცვალა.

შენობის რეკონსტრუქცია 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. ეს ვადა 2022 წლის ოქტომბერში ამოიწურა.

ტენდერში 2022 წელს გამარჯვებულ „მშენჯგუფს“ 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის რეკონსტრუქცია 6 თვეში უნდა დაესრულებინა. ეს ვადა 2022 წლის ოქტომბერში ამოიწურა. კომპანიამ შენობის ფასადის, შიდა კედლების ზედაპირის, იატაკის, ფანჯრებისა და ჭერის დემონტაჟი დაასრულა და ნაწილობრივ სხვა სამუშაოებც დაიწყო, თუმცა, ვადის ამოწურვისთანავე ობიექტი მიატოვა. კომპანიაში ამბობენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი თავად ჰქონდათ. „მშენჯგუფის“ დირექტორის ნდობით აღჭურვილი პირის, ნიკოლოზ პაპიძის ინფორმაციით, მუშაობა თვეზე მეტხანს ვერ დაიწყეს, რადგან შენობა ინვენტარისგან დაცლილი არ იყო და გაკვეთილები გრძელდებოდა. პაპიძე ამბობს, რომ ათეულობით პიანინო და როიალი თავად კომპანიის მუშებმა შეფუთეს:

„კითხვაზე, როგორ გვემუშავა ინსტრუმენტებთან ერთად, მერიამ გვიპასუხა, რომ შეგვეფუთა და რემონტის დროს აქეთ-იქით გადაგვეადგილებინა. იატაკის მოჭიმვის დროს, ხელში უნდა სჭეროდა მუშას, როგორც ჩანს...“

კომპანიამ 621 000 ლარის სამუშაოები შეასრულა და ეს თანხა აიღო, თუმცა, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის 321 000 ლარით დააჯარიმა. ამის გამო მერიას სასამართლოში „მშენჯგუფიც“ უჩივის.

2022 წლის ბოლოდან, მერიამ სამუსიკო სასწავლებლის შენობის რეკონსტრუქციის დასასრულებლად ტენდერი სამჯერ გამოაცხადა და ყოველ ჯერზე თანხას ზრდიდა. გამარჯვებული ათი დღის წინ გამოავლინეს. ამჯერად, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია „ჰეადერ კონსტრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები 27 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს 1 220 998 ლარად. ეს 363 000 ლარით ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც საბოლოო ჯამში, „მშენჯგუფს“ უნდა მიეღო, თუმცა, ოფიციალური დოკუმენტებით, ამ კომპანიას უკვე შესრულებული აქვს 621 000 ლარის სამუშაო.

პროექტის მიხედვით, სრულად უნდა განახლდეს ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 4-სართულიანი შენობის ფასადი, სახურავი და ინტერიერი, მოეწყოს სამეცადინო ოთახები, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სველი წერტილები და განათებისა და გათბობა-გაგრილების სისტემები.

მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრი

დოკუმენტების თანახმად, 2023 წლის აპრილის შუა პერიოდში უნდა დასრულდეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის მულტიფუნქციურ ცენტრად გარდაქმნა. თავდაპირველი პროექტით, მე-19 საუკუნის შენობის 4 კედლიდან უნდა შეენარჩუნებინათ 3, მათ შორის ფასადი.

მულტიფუნქციური სახელოვნებო ცენტრისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი პირველად, 2022 წლის თებერვალში გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 10 წელზე მეტი ხნის წინ მოუხსნეს, საპროექტო კომპანია „ნს სტუდიომ“ სამი კედლის შენარჩუნება მათი არქიტექტურული ღირებულებით ახსნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შენობის ერთი კედლის დემონტაჟის გამო, ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებიც ჩამოიშალა, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაასკვნა, რომ დასავლეთის გამოფიტული კედლის შენარჩუნება არაგონივრული იქნებოდა და ისიც დაშალეს.

პროექტის ავტორი, არქიტექტორი ლუკა ჩაგანავა ამბობს, რომ კედლების მნიშვნელოვანი დეტალები დანომრეს, შეინახეს და მშენებლობისას გამოიყენებენ.

ივლისში გამართულ ტენდერში ერთადერთი კომპანია, „ართვინ ჯორჯია“ მონაწილეობდა და მას დაევალა 5-მილიონიანი პროექტის განხორციელება.

ამ პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი პირველად, 2022 წლის თებერვალში გამოაცხადა. მაშინ ინტერესი არცერთ კომპანიას არ გამოუხატავს. მეორედ, ივლისში გამართულ ტენდერში ერთადერთი კომპანია, „ართვინ ჯორჯია“ მონაწილეობდა და მას დაევალა 5-მილიონიანი პროექტის განხორციელება.

2022 წლის ნოემბერში, კომპანიამ ქუთაისის მერიას მიმართა და თავდაპირველად განსაზღვრული ვადის, 2023 წლის 15 თებერვლის, ორი თვით გაგრძელება ითხოვა. ამ ადგილას, პრაქტიკულად, ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს და 15 აპრილისთვის დასრულების პირი არ უჩანს. მშენებელ კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ამ ადგილას, პრაქტიკულად, ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს და 15 აპრილისთვის დასრულების პირი არ უჩანს.

გაჭიანურებული პროექტების, მათ შორის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების პრეტენზიების გამო არსებულ შეკითხვებზე ქუთაისის მერიისგან პასუხად მივიღეთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტებშია ასახული.