„სიმართლე გითხრა, შეყვარებული ვარ“: დაუნის სინდრომი, ოჯახი და ქორწინება

მათ ხშირად ექცევიან ბავშვებივით. უკვე ზრდასრულებს - ლოყაზე ჩქმეტენ. სრულწლოვნებს - მათთვის უსარგებლო საბავშვო სათამაშოებს ჩუქნიან. ვერაფრით წარმოუდგენიათ ისინი შეყვარებულებად, პარტნიორებად, მეუღლეებად და მშობლებად. საზოგადოების თვალში ისინი "საყვარლები" არიან, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება მათთვის თითქოს აკრძალულია. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ერთი წყვილიც კი არ არსებობს. დასავლეთის ქვეყნების მაგალითები კი ამტკიცებს, რომ მათ ბევრი რამ შეუძლიათ.

გიგო შიუკაშვილი

"სიყვარული? სიყვარული მონატრებაა", - მეუბნება გიგო.

მარიამ ბერიკელაშვილი

"ბედნიერება, მეგობრობა და ერთგულებაა", - აზუსტებს მარიამი.

საბა ბერიაშვილი

"ოჯახი და ქორწილია, - ამატებს საბა, - მიყვარს, როცა სიყვარულზე მეკითხებიან. მეც მინდა ქორწილი მქონდეს!"

ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პირად ცხოვრებაზე გვაინტერესებდა, მათთვისვე გვეკითხა.

20 წლის მარიამ ბერიკელაშვილი, 28 წლის გიგო შიუკაშვილი და 20 წლის საბა ბერიაშვილი რადიო თავისუფლებასთან, საჯაროდ ლაპარაკობენ სიყვარულზე, ოჯახის შექმნაზე, ოცნების სახლზე, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილზე, შვილების ყოლაზე.

2024 წელს, დაუნის სინდრომის დღის, 21 მარტის მთავარ გზავნილად მსოფლიომ სტერეოტიპების დანგრევა აირჩია („ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“), წლის ერთ-ერთ მთავარი თემად - მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სქესობრივი განათლება.

ჩემი სიყვარული ასეთია

გიგო: სიმართლე რომ გითხრა, შეყვარებული ვარ. კლასელები ვიყავით. 20 წელი გავიდა. მერე და მერე, როცა გავიზარდეთ, ის ძალიან შემიყვარდა. მისი ნახვა მინდა ხოლმე. სიყვარულის გამო ვნერვიულობ, ვდარდობ და განვიცდი ხოლმე.

მარიამი: ბაღში მყვარებია. ვგრძნობდი, რომ ჩემთან ახლოს მოდიოდა თაიგულით ხელში და ერთად ვიყავით. ჩემ გვერდით იყო ხოლმე. მერე სკოლაშიც მიყვარდა ერთხელ. გულში ვფიქრობდი, ნეტავ მოვიდეს და მითხრას მიყვარხარო და მინდოდა, მეც მეთქვა, მიყვარხარ-მეთქი. მერე ვიღაც სხვა გოგო მოვიდა და დამშორდა. დაშორებაც ვიგრძენი და ღალატიც.

საბა: ერთი ბათუმელი გოგო მიყვარდა. კარგი გოგო იყო, კარგი ტანი ჰქონდა. ყველაფერი კარგი ჰქონდა. მაგრამ ერთი წელი გავიდა უკვე...

გიგო ბარმენად მუშაობს

გიგო, საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის ადამიანებიდან ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ ალაპარაკდა. მან სატელევიზო შოუ „X ფაქტორშიც“ მიიღო მონაწილეობა. დღეს გიგო ბარმენად მუშაობს. ხშირად აქვს გადაღებები და თავის შოუზეც ოცნებობს.

მარიამი - თსუ-ში მეორე კურსზეა. მსახიობობაც სურს და სპექტაკლებშიც მონაწილეობს.

მარიამ ბერიკელაშვილი

საბა ახლა ქართულ ცეკვებს სწავლობს და მომავალში თავად უნდა გახდეს ცეკვის მასწავლებელი.

საბა ბერიაშვილი

მეგობრების, სწავლის, სამსახურის მიღმა, სამივე დიდ სიყვარულზე ოცნებობს.

მაგრამ, შესაძლებელია ეს საქართველოში?

„სულ მათ მომავალზე ვფიქრობ - ჯერ ეს მომავალი ბუნდოვანია“

დაუნის სინდრომის მქონე 11 წლის ანას დედა, ნინო კალანდია, რომელიც დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის წევრიცაა, წლებია იბრძვის თავისი შვილის და დაუნის სინდრომის მქონე სხვა ადამიანების თანასწორობისა და დამოუკიდებლობისთვის. სექსუალური და რეპროდუქციული განათლება ამ უფლებებთან პირდაპირ კავშირშია.

„ძალიან სევდიანია ხოლმე, როცა უცხო ქვეყნებში მცხოვრები დაუნისსინდრომიანი წყვილების ვიდეოებს ვუყურებთ. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება და კიდევ უფრო სევდიანია ის, რომ ეს იმ სტერეოტიპების შედეგია, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“.

სტერეოტიპების მსხვერპლები მშობლებიც ხდებიან - მათ ნაწილსაც არ სჯერა, რომ მათი დაუნის სინდრომის მქონე შვილი შეძლებს შეყვარებას, ოჯახის შექმნას, დამოუკიდებლად ცხოვრებას.

Your browser doesn’t support HTML5

შვილად აყვანა საქართველოში: როგორ გავხდი ანას დედა 9 წლის შემდეგ

მშობლების მიერვე შექმნილი „დაუნის სინდრომის ასოციაცია" ამ აზრის დაძლევას წლებია ცდილობს. ქვეყანაში სურათი რთულად და ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.

ამ ვიდეოში ნინო გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, 11 წლის ანას მომავალზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. კიდევ იმაზე, როგორ იცვლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრება 18 წლის შემდეგ, როცა მიზერული პენსიის ანაბარად რჩებიან. როცა მათთვის სამედიცინო კვლევები არ ფინანსდება და ყველაფერი მშობლის კისერზეა. როცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო კალანდია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებაზე ჰყავდეთ პარტნიორი, ოჯახი და იცხოვრონ დამოუკიდებლად

ის, რომ დღეს საქართველოში უკვე არსებობს ინკლუზიური განათლება, ხოლო მშობლები საკლასო ოთახის კარს აღარ ჭედავენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილის კლასში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეც ზის, ან ის, რომ ასეთ შვილებს მშობლები აღარ მალავენ, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის.

დღეს ახალი ბრძოლა იწყება საზოგადოების იმაში დასარწმუნებლად, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებიც სხვების მსგავსად გაადიან გარდატეხის ასაკს, ე.წ. პუბერტატის პერიოდს. მათაც იგივე შეგრძნებები და სურვილები აქვთ, რაც ყველა დანარჩენ ადამიანს.

„რატომ არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი სიხარული და თუნდაც საკუთარი დრამა? მაგრამ აქამდე მისვლამდე მათ ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ. ამაში გვჭირდება დახმარება“.

Your browser doesn’t support HTML5

საბა ბერიაშვილი კონცერტის წინ -მისი ოცნება ცეკვის მასწავლებლობაა

არც ერთი წყვილი

დაუნის სინდრომის ასოციაციის თანადამფუძნებელი, რუსუდან მღებრიშვილი გვეუბნება, რომ დაუნის სინდრომის მქონე გოგონებისა და ქალების, და არა მხოლოდ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი განათლების მიზნით წამოწყებულმა პროექტმაც აჩვენა, რომ მათ ეს საკითხი აინტერესებთ.

პასუხების ცოდნა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს და, ზოგადად, შშმ პირებს, არა მხოლოდ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შანსს აძლევს, მათ სექსუალური ძალადობისგანაც იცავს. შშმ პირები კი სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.

„თუ ჩვენ, მშობლებმა არ ვასწავლეთ მათ, რა არის პირადი სივრცე, რა არის საჯარო სივრცე, ვინ შეიძლება შეეხოს მათ, სად შეიძლება შეეხოთ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამ ცოდნის გარეშე, შესაძლოა, მათ ვერ გაიაზრონ, რა ხდება მათ თავს. ან უბრალოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნას საჯარო სივრცეში - მათ სჭირდებათ ამ ყველაფრის სწავლება თავდასაცავადაც და მომავალი ცხოვრებისთვის მოსამზადებლადაც“, - მეუბნება რუსუდან მღებრიშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

რუსუდან მღებრიშვილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დამოუკიდებლად ცხოვრების დილემაზე, სიყვარულსა და რეპროდქციულ უფლებებზე

დაუნის სინდრომის ასოციაციის დიდი ხნის გეგმა და სურვილია ახალგაზრდებისთვის დასამეგობრებლად და ურთიერთობის ასაწყობად კლუბის შექმნა. დღეს ისინი ერთმანეთს მხოლოდ რომელიმე დღის ცენტრსა თუ სარეაბილიტაციო ცენტრში თუ შეხვდებიან და ისიც მცირე ხნით. ეს დრო არ არის საკმარისი დასამეგობრელად, ურთიერთობის გასამყარებლად. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შემდგარი წყვილებიც კი არ არსებობენ. ოჯახის შექმნისა და ცალკე ცხოვრების თემაც აქ იხურება ხოლმე.

გიგო ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ამბობს, რომ შეყვარებული ჰყავს. წყვილად ჯერ არც ისინი ცხოვრობენ, თუმცა გიგოს მოსწონს თავის შეყვარებულზე მოყოლა.

საბა კონცერტის წინ

ჩემი შეყვარებული

გიგო: ჩემი შეყვარებული ძალიან პატიოსანი ადამიანია. განათლებული და წესიერი და კიდევ, ჩემზე უფროსია, 30 წლის არის. ძალიან მიყვარს. ისიც ფიქრობს ჩემზე.

მარიამი: მე მინდა მყავდეს ზრდილობიანი შეყვარებული. ჩემნაირი რომ იყოს. ქართული სიმღერები უყვარდეს და იყოს ჩემნაირი ხასიათის. კიდევ მომწონს, როცა შენ გვერდით არის, გიყვარს და შენია.

საბა: მე მინდა, რომ იყოს ლამაზი, კარგი. ჩემნაირი თვალები ჰქონდეს. ლამაზი იყოს და გამხდარი. თუ წავალ ბათუმში, ზღვაზე, იქ კარგი გოგონები იქნებიან.

საბა დასთან, გურანდასთან ერთად

გურანდა, საბას და

საბას და, გურანდა ბერიაშვილი გვეუბნება, რომ თუ მისი ძმა თანამგზავრს იპოვის, ეს ამბავი მათ დიდ ოჯახს მხოლოდ გაახარებს. საბას გურანდას გარდა, კიდევ ჰყავს და-ძმა.

საბას პირველი მესაიდუმლე სწორედ გურანდაა - თუ ვინმე მოეწონება, ჯერ მას გაანდობს ხოლმე. გურანდამ იცის საბას გემოვნება - ვინ მოსწონს, ვინ არა. როგორ იქცევა, როცა ვინმეს მიმართ სიმპათია უჩნდება.

„ჩვენთვის ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია. და ვისთვისაც წარმოუდგენელია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ სურვილები, მათ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვთ. საკმარისია, ეს მათაც შეეხოთ, რომ ყველაფერი ნათელი გახდება“.

გურანდა და საბა

ინგა, გიგოს დედა

ინგა სარჯველაძესაც დრო დასჭირდა სტერეოტიპებისგან გასათავისუფლებლად.

ოცი წლის წინ, მას და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სხვა მშობლებს პირველი ბრძოლების მოგერიება უწევდათ, რომ შვილები ბაღში და სკოლაში მიეყვანათ, გამოეჩინათ, ემტკიცებინათ, რომ მათაც შეეძლოთ დამოუკიდებლად რაღაცის კეთება.

მაშინ ისიც კი ეგონათ, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიეს, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო:

„ჩვენ ვნახეთ დასავლეთის მაგალითები, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც შეიძლება ეწვიოთ სიყვარული. დაოჯახდნენ. დიდი დრო დამჭირდა დამეჯერებინა, რომ გიგოც შეძლებდა ამას“.

Your browser doesn’t support HTML5

ინგა სარჯველაძე შვილის, გიგოს ბრძოლასა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებზე

მშობლების ნაწილმა ეს დაიჯერა, მაგრამ ახლა მათ ამაში საზოგადოებაც უნდა დაარწმუნონ. რომ სიყვარული მათთანაც მოდის, რომ მათაც აქვთ სექსუალური სურვილები, ისინიც ოცნებობენ სახლზე.

„გიგოც ხან ანთებული თვალებითაა და ხან მოწყენილი და ნაჩხუბარია ხოლმე თავის შეყვარებულთან. განსხვავება ის არის, რომ მას უწევს ებრძოლოს ყველას და ყველაფერს გარშემო, ვინც ფიქრობს, რომ მისთვის სიყვარული არ შეიძლება“, - გვეუბნება ინგა.

ინგას სჯერა, რომ გიგოს თაობა ამ გზას ახლა კვალავს, მისი მომდევნო თაობა უფრო ძლიერია და გაბედულიც და, რომ ათი წლის შემდეგ არც საქართველოში დასვამს ვინმე ასე კითხვას: მათ (დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს) სექსი და სიყვარული შეუძლიათ?

გიგო დედასთან, ინგასთან ერთად

უბრალოდ, ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ყოჩაღი მშობლების და რამდენიმე არასამთავრობოს ძალისხევა - მხარდაჭერა სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. თუ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები წყვილად ან სულაც მარტო ცხოვრებას გადაწყვეტენ - სახელმწიფო, თავისი მხადაჭერის პროგრამით და სერვისით, მასთან უნდა ჩნდებოდეს. ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ამ სერვისების შექმნა უნდა მოასწროს ინგამაც - გიგოს მომავლისთვის.

გიგო და ინგა

ნანა, მარიამის დედა

მარიამის დამოუკიდებლობა მისი დედის, ნანა ჩერქეზიშვილის ოცნებაა - „თავისი ცხოვრება, თავისი მეგობრები, ადგილი, სადაც მათ შეხვდება“.

ნანამ და მისმა მეუღლემაც ბევრი დაბრკოლება გაიარეს და წლები დასჭირდათ, რომ დღეს მარიამის შესაძლებლობებსა და მომავალზე ასე ელაპარაკათ.

მარიამი და მისი დედა, ნანა

„ვამბობთ ხოლმე, მარიამმა ჩვენც უკეთესობისკენ შეგვცვალა. ჩვენს გადასაკეთებლად დაიბადა. ჩვენც ბევრ რამეზე დავფიქრდით. მე მგონია, რომ როგორც ჩვენ, მათი მშობლები მოვიქცევით, საზოგადოებაც ასე მოექცევა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს“, - მეუბნება ნანა.

ასეთი ოჯახი მექნებოდა...

საბა: ძალიან მინდა ქორწილი მქონდეს. ასი კაცი მოვიდეს და ასი ქალი. თაიგულიც მინდა ვიყიდო, ყვავილები. და ბეჭდის ყიდვაც მინდა. მინდა, რომ პიჯაკი და შარვალი ჩავიცვა, როგორც მამაკაცები იცვამენ მაგ დღეს.

გიგო: ოჯახის შექმნა მიცდია. მიფიქრია ამაზე. მაგრამ ოჯახის შექმნას და რჩენას დიდი პასუხისმგებლობა უნდა. უნდა ფიქრობდე, მას რა მოსწონს, რა უხარია. მე მინდა, რომ ის ქალი ჩემს ოჯახთან ერთად იყოს.

- მარიამ, გავიდა ოცი წელი... როგორ გგონია, ვისთან ერთად ცხოვრობ?

- მარიამი ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. ვოცნებობ, რომ შვილი მყავდეს და მოვუარო.

გიგო: მეც მაქვს ოცნება და სურვილი, რომ გოგოების მამიკო გავხდე.

საბა: მეც მინდა ცალკე ცხოვრება. დედასაც ვუთხარი. ბათუმში რომ ვიცხოვრო. ოჯახი რომ მყავდეს და ბავშვებიც გავზარდოთ. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, 20 წლის ვარ და ყველაფერი მინდა მქონდეს.

მარიამი: მშვიდი, მყუდრო სახლი მექნებოდა. არანაირი ხმაური არ უნდა მესმოდეს.

გიგო: მინდა, სახლში ვიყოთ ერთად (ჩემს გოგოსთან) და გავუზიარო რაღაცები, ვესაუბრო, ვეჭორაო. კარგ რაღაცებზე ვილაპარაკოთ. სამომავლოდ მე ვგეგმავ, ახალ სახლს რომ ავაშენებ, იქ ვიყოთ ერთად. კარგი იქნებოდა. მაგალითად, ამერიკაში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ქორწინდებიან და იქ ცხოვრობენ საკაიფოდ. და მერე უჩნდებათ შვილებიც.

სად და ვისთან ერთად ცხოვრობს თქვენი შვილი 10-20 წლის შემდეგ?

„იცით, რომ რამდენიმე წლის წინ ეს ერთხელ მკითხეს და ყველაფერი ვუპასუხე, გარდა იმისა, რომ ანას ეყოლებოდა პარტნიორი? ახლა მართლა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მშობლებმა, წლების შემდეგ, თავიანთი შვილები წარმოიდგინონ თავიანთ პარტნიორებთან, თანამგზავრებთან ერთად, ცხადია, თუკი მათ ეს მოუნდებათ“, - გვითხრა ნინო კალანდიამ, 11 წლის ანას დედამ.

20 წლის მარიამის დედა, ნანა ჩერქეზიშვილი მარიამს ხედავს ბევრ მეგობართან ერთად. სადმე არსებობს მათი შეხვედრის ადგილი. მარიამს აქვს სამსახური.

„მარიამი სრულიად მომზადებულია ოჯახის შესაქმნელად. ყურადღებიანი და ძალიან კარგი მეუღლე იქნება... თუ ის შეხვდება თავის ადამიანს“.

„მაინც წარმომიდგენია, რომ თავის საყვარელ ადამიანთან ერთადაა, - ეს კი 28 წლის გიგოს დედის, ინგა სარჯველაძის პასუხია, - რაც გაიზარდა, სულ ვფიქრობ იმაზე, რა იქნება, როგორ იქნება. არ წარმომიდგენია, რომ მარტო იყოს. თუ, ცხადია, ეს მისი არჩევანი არ იქნება. მე, ალბათ, მისი მხარდამჭერი ვარ გვერდიდან“.

საბას და, გურანდა ბერიაშვილი თავისი ძმის ცხოვრებას ასე ხედავს:

„ოჯახთან ახლოსაა - შესაძლოა, დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ მაინც ჩვენთან ახლოს. ჩვენ საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს და ამ ოჯახურ ურთიერთოებს ისეა საბა შეჩვეული, ჩვენს გარეშე ალბათ მაინც გაუჭირდება. მას უნდა დამოუკიდებლობა, მაგრამ თან ჩვენთან ახლოს ყოფნით...“

„ჩვენ მათ ვეუბნებით - არას. ეს არ გააკეთო. არ გიყვარდეს“

სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანს - ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს.

ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ოჯახის ყოლის და პირადი ცხოვრების უფლება. გაეროს შშმ პირთა კონვენცია კი აზუსტებს, რომ შშმ პირების უფლებების დასაცავად ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია უნდა აღმოიფხვრას), - განმარტავს ჩვენთან საუბარში ადამიანს უფლებების ადვოკატი, Validity-ს სტრატეგიული სამართალწარმოების ოფიცერი ანა არგანაშვილი, თუმცა იქვე შენიშნავს, საქართველოში "უფლების ქონა" ნიშნავს, რომ ფორმალურად არსებობს კანონი, დაწერილი ნორმა, რომელიც ხშირად უბრალოდ არ სრულდება. ის, რაც მასში წერია - არ ასახავს სინამდვილეს.

ანა არგანაშვილი

ხოლო იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსსაც ), რომლებიც სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, შეუქმნას მხარდამჭერი გარემო, მიაწოდოს ინფორმაცია მათ უფლებებზე, უთხრას, რომ მოძალადე დაისჯება და ა.შ. ფაქტობრივად, უკრძალავს სექსუალურ ცხოვრებას:

„სახელმწიფო ამბობს, შენ არ იცხოვრო, შენ ეს არ გააკეთო და არ გახდები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ანუ ის უარს ამბობს თავის პოზიტიურ ვალდებულებაზე“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი სიტყვებით, ზემზრუნველობის ფონზე, ხშირად ოჯახებიც ვეღარ ხედავენ, რომ მათ შშმ შვილსაც შეუძლია ჰქონდეს პირადი ცხოვრება - ასეთ დროს, ოჯახიც პატარა სახელმწიფოსავით იქცევა და ამბობს: ეს არ ქნა, შენთვის ეს არ შეიძლება, არ გყავდეს პარტნიორი.

სქესობრივ და რეპროდუქციულ განათლებას ტაბუ ადევს იმ დაწესებულებებშიც, სადაც შშმ პირებს ყოფნა უწევთ - სარეაბილიტაციო თუ დღის ცენტრებში. ხოლო ისეთ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, აბსოლუტურად გამორიცხულია დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების ქონა, - გვეუბნება ანა არგანაშვილი:

„ეს არათუ აკრძალულია, ჩვენი ინფორმაციით, გარკვეულ ნივთიერებებსაც კი ასმევენ სექსუალური მოთხოვნილებების დასაქვეითებლად. სამწუხაროდ, საქმე ამ დრომდე ვერ მივიდა სასამართლომდე, რადგან მტკიცებულებები ხელში არ გვიჭირავს“.

არც შეზღუდული შესაძლებლობის პირების სტერილიზაცია და იძულებითი აბორტის შემთხვევებია ცოტა. ამას კონტრაცეფციაზე ხელმიუწვდომლობა და ინფორმაციის უქონლობაც ემატება.

ხშირად გაიგონებთ უხეშად ნათქვამს: „ეგ რას გაიგებს. რა აზრი აქვს“. ვალდებულებაც ეგ არის, რომ ისე აუხსნა, რომ გაიგოს. ამას ვერ გააკეთებ განათლების გარეშე. ჩვენთან კი ეს ლამის პოლიტიკის დონეზეა აკრძალული“, - ეუბნება ანა რადიო თავისუფლებას.

საბა დედასთან, დასთან და მასწავლებელთან ერთად

სხვაგან როგორაა?

დასავლურ მედიაში დაუნის სინდრომის მქონე წყვილების სიყვარულისა და ქორწინების არაერთი ამბავი შეგხვდებათ. ისინი ხშირად ექცევიან პრესის ყურადღების ცენტრში. ჰყვებიან თავიანთ გრძნობებზე, მომავლის გეგმებზე. ქორწინდებიან. გამოხატავენ სიყვარულს. იქ დიდი ხნის წინ გაეცა პასუხი კითხვას - აქვთ კი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სექსუალური გრძნობები? შეუძლიათ სიყვარული და ცალკე ცხოვრება?

მაგალითად, მაიკლ კოქსის და ტეილორ ანდერტონის რომანმა მსოფლიო მედია მოიარა. მათმა მშობლებმაც, გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ მაინც აღიარეს, რომ წყვილი ერთად ბედნიერი იყო, თუმცა მათაც ძალიან აშინებდათ ოჯახი შექმნის იდეა.

არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შორის ხანგრძლივი ქორწინების მაგალითებიც - ტომი პილინგი და მერიან მარტინი უკვე ოც წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ. ეს სტატია სწორედ მათ სიყვარულზეა.

თავიდან მათ ქორწინებასაც ეჭვით უყურებდნენ, თუმცა წყვილს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ისინი საკუთარ ბინაში ცხოვრობდნენ, მარტოები, თუმცა მერიანის დედის ბინის გვერდით.

ცნობილი სექსოლოგი, შშმ პირთათვის სპეციალური პროგრამების და რესურსების შემქმნელი ტერი კუვენჰოვენი იმის მიზეზად, რომ არ არსებობს სრულყოფილი მონაცემები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური აქტივობის შესახებ, კულტურულ სტიგმას და „სექსით შერცხვენის“ ტენდენციას ასახელებს.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში სექსუალობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას კუვენჰოვენი ასევე უკავშირებს გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები სტერილურები და უუნაროები არიან და სექსის მიმართ ინტერესი არა აქვთ.

„გავრცელებული აზრია, რომ ისინი ბავშვებს ჰგვანან და მათ ბავშვებივით უნდა მოვექცეთ“, - ამბობს კუვენჰოვენი.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე სხვა არაერთი მითიც არსებობს. მითია, რომ, მაგალითად, დაუნის სინდრომი იშვიათი მდგომარეობაა.

სინამდვილეში, დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული მდგომარეობა - შეერთებულ შტატებში ყოველი 772 ბავშვიდან დაახლოებით ერთი იბადება დაუნის სინდრომით.

მითია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ბედნიერები არიან.

მითია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც ბავშვებად რჩებიან. მითია, რომ ისინი სხვებივით ცხოვრებას ვერ მოახერხებენ.

აი, რა მინდა

გიგო: მინდა, რომ მეგაშოუ გავმართო. ჩემი შოუ მქონდეს.

მარიამი: ჩემი ოცნებაა, მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე გავხდე.

საბა: მინდა, ბავშვებს ცეკვა ვასწავლო. კიდევ, სიყვარული მინდა.