რატომ მოხდა გამოძიების დასრულებამდე იმ ფარდულის დემონტაჟი, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს არასრულწლოვანი დავით სარალიძე, რატომ დროულად არ იქნა შესწავლილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და რატომ არ ცნეს მოწმე მიხეილ კალანდია დამნაშავედ? - ეს და სხვა შეკითხვები დაუსვეს 25 ივნისს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. გაცემული პასუხების დიდი ნაწილი არადამაჯერებლად მოეჩვენათ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენენ.
კამერების ჩანაწერები დაუყოვნებლივ არ ამოგვიღია, ჯერ ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა იყო იმ კამერებზე გამოსახული?! - ასეთი პასუხი გასცა ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივნის, დეპუტატ ოთარ კახიძის შეკითხვას - რატომ არ მოხდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა დაუყოვნებლივ და რატომ დაგვიანდა ეს პროცედურა ხუთი დღით. კახიძე თვლის, რომ „იმ ფონზე, როდესაც ჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, რადგან მოწმეები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, პრაქტიკულად, საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა კამერების ჩანაწერების დროულად ამოღებას“. ფაქტია, რომ ასე არ მიიჩნიეს საგამოძიებო სტრუქტურებმა.
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს ზვიად ფხაკაძესთან ერთად, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი კომისიის მე-4 სხდომაზე, 25 ივნისს, დაბარებული იყო ასევე შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახაბერ სირაძე. მათი მონათხრობი სრულ წინააღმდეგობაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილებასთან. შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს კომისიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათგან ისინი ძირითადად არადამაჯერებელ პასუხებს იღებდნენ.
რატომ არ დაიკითხა/გამოიკითხა გამოძიების ფარგლებში ყველა ის პირი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ ღირებული ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით? - ამ საკითხით კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა. საქმის მასალების თანახმად, არ არიან დაკითხული, მაგალითად, ხორავას ქუჩის #26-ის იმ ეზოს მცხოვრებლები, სადაც მოზარდებმა სისხლიანი დანები გარეცხეს და თავი მოიწესრიგეს. ასევე, არ არიან დაკითხული პირები, რომლებიც თვითმხილველები არიან და ამას სატელევიზიო კომენტარებშიც აცხადებდნენ. ამასთან, ხორავას ქუჩის #26-ში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა. რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, შს სამინისტროს წარმომადგენლისგან კომისიის წევრებმა სრულიად არადამაჯერებელი პასუხები მოისმინეს. „პატივცემულო, არ დარჩებოდა უყურადღებოდ არც ერთი ფაქტი... რა სამუშაოებიც ჩატარდა, დადგა განაჩენი“, - ასე უპასუხა შს სამინისტროს წარმომადგენელმა კახაბერ სირაძემ პარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას.
Your browser doesn’t support HTML5
ორშაბათს კომისიის სხდომაზე დაისვა ასევე ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და მათ შორის იყო მიხეილ კალანდია - დამნაშავედ აღიარებული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ. ოთარ კახიძე დაინტერესდა - რატომ არ არის ცნობილი კალანდია დამნაშავედ და, კერძოდ, ჯგუფური დანაშაულის თანამონაწილედ, როდესაც მისივე ჩვენებების მიხედვით, ის მუშტებს ურტყამდა და ასევე იჭერდა დაჭრილ დავით სარალიძეს. შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლების განმარტებით, მიხეილ კალანდია ცდილობდა დავით სარალიძის მკლავებიდან დაეხსნა აწ უკვე მსჯავრდებული გ.ჯ. და მას არ ამოძრავებდა სარალიძის მკვლელობის განზრახვა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დადასტურდა ის გარემოება, რომ ხორავას ქუჩაზე დაიჭრა კიდევ ერთი პირი - გ.მ., თუმცა თავიდანვე გახმაურებული ეს ეპიზოდი საქმის მასალებში არ არის ასახული. „ძირითადი საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის ორი საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიგზავნა: ერთი არის დაუდგენელი პირების მიმართ, ხოლო მეორე - მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტზე“, - განაცხადა კახაბერ სირაძემ. თუმცა ამ დრომდე ამ ეპიზოდთან დაკავშირებული გამოძიება წინ არ წასულა, სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებული ინფორმაციის არსებობის მიუხედავად.
ხორავას ქუჩის თაღიან ეზოში ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინგრა და მათ ნებართვა არ აუღიათ გამომძიებლებისგან - ასეთი იყო შს სამინისტროს წარმომადგენლის, კახაბერ სირაძის, პასუხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე. შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის, კახაბერ სირაძის განმარტებით, ფარდული მთლიანად დანგრეული არ არის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღდგენა შესაძლებელია. გამომძიებელმა კომისიას განუმარტა, რომ უკვე ჩატარებული იყო აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოწმეთა გაყვანა შემთხვევის ადგილზე და ექსპერიმენტები. სირაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იყო ყველა შესაძლო კვალი, ნივთმტკიცება და საგანი და გადაიღეს 400-მდე ფოტოსურათი.
მართალია, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დასმული შეკითხვები ერთგვარად ტენდენციურად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობამ, მაგრამ ისინი ვერც შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენელთა პასუხებმა დააკმაყოფილა. როგორც მამუკა მდინარაძემ უთხრა ჟურნალისტებს, იყო შეკითხვები, რომლებზეც შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებმა „ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს“. ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის მოსმენა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 26 ივნისსაც გაგრძელდება.