მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით წერილობით მიმართა. სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩორნოლუცკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების პროცესში ახალი ეტაპი იწყება.
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტის საიტზე დარეგისტრირებულია პეტიციაც, რომელსაც ერთ თვეში 4 900-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
უკრაინის კანონმდებლობით იკრძალება მოქალაქეობის ჩამორთმევა. პირის დატოვება ერთადერთი და უკანასკნელი მოქალაქეობის გარეშე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაცაა. ამჟამად მისი პირადობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი ჰოლანდიამ გასცა, რაც ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტს ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევს.
რას ითხოვს მიშა
სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის არ სთხოვს რაიმე თანამდებობას, წერილში ის მოქალაქეობის აღდგენასა და ქვეყანაში დაბრუნების უფლებას ითხოვს.
„თუ ეჭვი გეპარებათ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობაში, შეგიძლიათ მისცეთ მითითება სასაზღვრო სამსახურის უფროსს იმის თაობაზე, რომ მაქვს უფლება უკრაინის ტერიტორიის გადმოკვეთის, რათა თავად დავიცვა საკუთარი უფლებები სასამართლოში. ეს კიდევ ერთხელ დაანახვებს ყველას იმას, რაც თქვენი ძლიერი მხარეა, რომ პარლამენტში წარმოთქმული ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, წინამორბედისგან განსხვავებით, თქვენი სიტყვები არ სცდება საქმეს“, - სწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტს.
„მე საკუთარ თავს არა მხოლოდ მივიჩნევ უკრაინის მოქალაქედ, არამედ ის ადამიანი ვარ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დადებს წარმატებული და ძლიერი უკრაინის ასაშენებლად“, - წერს სააკაშვილი წერილში.
რა ვიცით ზელენსკის პოზიციის შესახებ?
ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ სიმპათიებს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოხატავდა. „მიხეილ სააკაშვილი იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში“, - თქვა ზელენსკიმ მარტში, როცა მას სააკაშვილზე ჰკითხეს.
ამგვარი განცხადებების ფონზე კი სააკაშვილი 1 აპრილს გეგმავდა უკრაინაში დაბრუნებას, თუმცა ერთი პირობით - თუ ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში წააგებდა. მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ კი სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლის გეგმები შეცვალა.
პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე აღარ ულაპარაკია, თუმცა რადაში ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მოუწოდა ყველა უკრაინელს, ვისაც სურს ძლიერი ქვეყნის აშენება, დაბრუნდეს ქვეყანაში, ის კი მათ მოქალაქეობას მისცემს. სააკაშვილმა ეს სიტყვები პრეზიდენტს რამდენჯერმე - მათ შორის გაგზავნილ წერილშიც - შეახსენა.
პროგნოზები კიევსა და თბილისში
საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის წერილი ლოგიკურია, რადგან უკრაინა არის ბოლო ქვეყანა, რომლის მოქალაქეობაც ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტს. ის უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებში ხედავს მზაობას, დააკმაყოფილოს სააკაშვილის თხოვნა.
„თეორიულად რომ დავუშვათ და ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს საერთაშორისო სასამართლოში, რაც იქნება დარტყმა უკრაინის ავტორიტეტზე და ეს უკრაინაში არავის სჭირდება“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშილი.
უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკოც ფიქრობს, რომ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, თუმცა ის თვლის, რომ პოროშენკოს კრიტიკოს სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურად ადგილის პოვნა გაუჭირდება.
„პოროშენკოს წასვლის შემდეგ სააკაშვილი აქ არავის სჭირდება. ის ზედმეტია. მე ამ ეტაპზე მის ადგილს ახალ პოლიტიკურ განლაგებაში ვერ ვხედავ“, - ამბობს ფესენკო.
უკრაინის წინა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვლმა 2017 წლის სექტემბერში მხარდამჭერებთან ერთად გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, რაც სასამართლომ უკანონო ქმედებად ცნო. ამის შემდეგ ის 2018 წელის თებერვალში კიევში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და პოლონეთში გაამგზავრეს. მას მერე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ ჩასულა.