დაუბრუნდება რუსეთი PACE-ს?

24 ივნისს სტრასბურგში იწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საზაფხულო სესია და მოსალოდნელია კენჭი უყარონ ანგარიშს, რომელიც ეხება საპარლამენტო ასამბლეის წევრად რუსეთის დაბრუნებას სამწლიანი პაუზის შემდეგ. თუ ანგარიშს მოიწონებენ, გაუქმდება ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთისათვის დაწესებული დასავლური სანქციების პირველი დიდი კომპლექტი.

რა ხდებოდა აქამდე

2014 წელს PACE-მ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციისათვის ხმის უფლების ჩამორთმევით მოახდინა რეაგირება ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერაზე. რუსეთის დელეგაციის წევრებს 2014 წლის ბოლომდე აეკრძალათ ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობა და მმართველ უწყებებსა თუ სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა. რუს დელეგატებს შეუნარჩუნდათ სესიებზე სიტყვით გამოსვლის, გადაწყვეტილებების ინიცირებისა და საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო კენჭისყრებში მონაწილეობის უფლება. ეს სანქციები 2015 წელსაც გაგრძელდა, ხოლო 2016 წელს რუსეთმა თვითონვე გადაწყვიტა აღარ მიეღო მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. ამას ემატება ის, რომ რუსეთს ორი წელია არ შეუტანია წლიური გადასახადი, 33 მილიონი ევრო, რაც ევროსაბჭოს ბიუჯეტის, დაახლოებით, 7%-ს შეადგენს. საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსეთი საერთოდ დატოვებს ევროპის საბჭოს, თუ მის დელეგაციას არ აღუდგენენ ყველა უფლებას და არ მისცემენ საშუალებას მონაწილეობა მიიღოს ახალი გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის შემცვლელის არჩევაში. ეს კენჭისყრა 24-28 ივნისის სესიაზე გაიმართება და ევროსაბჭოს ბევრი ქვეყანა გრძნობს ზეწოლას რუსეთიდან.

რა წერია ანგარიშში

„საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებათა და კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაძლიერებლად“ - ასეა დასათაურებული ანგარიში, რომელსაც, სავარაუდოდ, 24 ივნისს განიხილავენ. სათაური უწყინრად ჟღერს და ანგარიშის 12 აბზაცში ერთხელაც არ არის ნახსენები რუსეთი, მაგრამ ტექსტი შეიცავს ორ დებულებას, რომელიც, ანგარიშის დამტკიცების შემთხვევაში, ჯერ ერთი, PACE-ს წაართმევს უნარს მომავალშიც დააწესოს იმ ტიპის სანქციები, რუსეთს რომ დაუწესა, და მეორე -შესაძლებელს გახდის ევროსაბჭოს პარლამენტში რუსეთის უმალვე დაბრუნებას.

პირველ პუნქტს რაც შეეხება, ანგარიშში ნათქვამია, რომ ასამბლეაში „წევრებს არ უნდა შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ კენჭისყრის, სიტყვით გამოსვლისა და ასამბლეასა და მის ორგანოებში თავიანთი წარმომადგენლების ყოლის უფლება“.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას, როგორც ანგარიშში წერია, „ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ მინისტრთა კომიტეტი - გენერალური მდივნისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით - მიესალმება ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციების მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის მომავალ, ივნისის, არჩევნებში“.

თუ ანგარიშს მხარს დაუჭერენ, მოსკოვის დელეგატები მომდევნო დღიდანვე შეძლებენ მონაწილეობას მნიშვნელოვან კენჭისყრებში. 24-28 იანვრის სესიის დღის წესრიგის გათვალისწინებით, ეს სავსებით შესაძლებელია. ანგარიშის შესახებ დებატები და კენჭისყრა უკვე 24 ივნისს გაიმართება (ჩვეულებრივ, ასეთი დებატები არ იმართება ხოლმე პირველ დღეს). 25 ივნისის დილას დაგეგმილია სესია, რომელზეც ასამბლეა შეძლებდა რუსეთის დელეგაციის ყველა უფლებამოსილების შემოწმებასა და დამტკიცებას, ხოლო 26 ივნისს გაიმართება ახალი გენერალური მდივნის, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნები.

როგორ განვითარდება მოვლენები

ამჟამად მოსალოდნელია ანგარიშის დამტკიცება და რუსეთისთვის ხმის უფლების თითქმის მაშინვე აღდგენა. გასულ თვეში ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, „ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თანასწორობის პრინციპით მონაწილეობა“ ორგანიზაციის მუშაობაში. ნათქვამია ისიც, რომ წევრები „მიესალმებიან ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციათა“ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში. ამ დეკლარაციამ გზა გაუხსნა PACE-ს წესების კომიტეტში ანგარიშის მხარდაჭერას 18 ხმით 6-ის წინააღმდეგ პარიზში 3 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.

საფრანგეთი და გერმანია არიან ცვლილების მთავარი ინიციატორები და, შესაბამისად, მას ხმას მისცემს ბერლინისა და პარიზის დელეგატთა უმრავლესობა. რუსეთის წევრობის აღდგენის მომხრეთა მთავარი არგუმენტია ის, რომ ჯობს რუსეთის ყოფნა PACE-ში დიალოგის საწარმოებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრი საკითხი უთანხმოებას იწვევს. რუსეთის განზე დატოვება, ანევროსაბჭოდან მის გასვლაზე დათანხმება, მოსკოვის სრული წევრობის მომხრეთა აზრით, ამავე დროს რუსეთის მოქალაქეებს წაართმევს შესაძლებლობას მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გააძლიერებს ბიუჯეტში თანხების ნაკლებობის პრობლემას. დელეგატები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ბალტიის სამი სახელმწიფო, შეეცდებიან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვონ ანგარიშის უარსაყოფად. PACE-ში აქამდეც არაერთხელ მომხდარა, რომ კენჭისყრის დროს უარი უთქვამთ დოკუმენტებზე, რომლებიცითვალისწინებდა რუსეთის დაბრუნების გაიოლებას.

რა მოელის PACE-ს, თუ ივნისში რუსეთი დაბრუნდება

ისინი, ვინც მოსკოვის მიმართ სანქციების გაუქმებას ეწინააღმდეგება, ამბობენ, რომ რუსეთის მიპატიჟება PACE-ს რეპუტაციას ავნებს. რუსეთი დაბრუნდება მუხედავად იმისა, რომ არ ექნება შესრულებული საპარლამენტო ასამბლეის არც ერთი მოთხოვნა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის შექმნის პრეცედენტს სხვა ქვეყნებისათვის, რადგან მომავალში გაჭირდება სანქციების დაწესება. ამავე დროს, შესუსტება ასამბლეის უფლება, დაიწუნოს დელეგაციათა შემადგენლობა და, გარკვეული თვალსაზრისით, მოხდება ყირიმის ანექსიის ლეგიტიმაცია, თუ რუსეთი გადაწყვეტს სახელმწიფო სათათბიროს ყირიმელი დეპუტატის გაგზავნას თავისი დელეგაციის შემადგენლობაში, რაზე გამოდავებაც PACE-ს ძალიან გაუჭირდება. უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნება იმას, რომ მოსკოვისათვის ხმის უფლების დაბრუნებას რუსეთი, სავარაუდოდ, ჩათვლის დასავლეთის მზადყოფნად, ისევ შეუდგეს ძველებურად თანამშრობლობას და გააუქმოს სხვა სანქციებიც - თუმცა, ჯერ არ ჩანს კონკრეტული ინდიკატორები, რომ მართლაც ასეა.