დე ფაქტო ხელისუფლებისა და ყარაბაღელებისთვის აზერბაიჯანიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღება მიუღებელია. ეს მათთვის ბაქოს მიერვე შექმნილი კრიზისის „ინსტრუმენტალიზებაა“. ადგილობრივი სომხები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებასთან ერთად, მათ სახლების დატოვებას აიძულებენ.
ბოლო ორი დღეში განვითარებული მოვლენები ბაქოს პოლიტიკის ორსახოვნებას ცხადად წარმოაჩენს. მარტივად აგიხსნით, რა ხდება ყარაბაღის გარშემო და რას ნიშნავს ეს პროცესები.
„დახმარება აღდამის გზით“?
სამშაბათს, 29 აგვისტოს, აზერბაიჯანულ მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ ბაქოდან ქალაქ აღდამისკენ დაიძრა „წითელი ნახევარმთვარის“ სატვირთო ავტომობილების კოლონა, რომელსაც ათობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა ყარაბაღელებისთვის.
ბლოკადაში მოქცეულ მთიან ყარაბაღში - დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ნაწილში - მრავალი თვეა, ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც სულ უფრო და უფრო მწვავდება. 15 ივნისს მომხდარი მორიგი სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკვების და მედიკამენტების „გადაუდებელი მიწოდებაც“ კი აკრძალა.
- ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობა ცხოვრობს ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების მწვავე დეფიციტში.
- 29 აგვისტოს დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყოველ ოჯახს მხოლოდ ერთი თავი პურის აღება შეეძლება. პურის გრძელი რიგები ახლა ყარაბაღელების ყოველდღიურობის ნაწილია.
- ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
აღდამი, საიდანაც აზერბაიჯანს დახმარების შეგზავნა სურს, ერთ-ერთია ყარაბაღის გარშემო მდებარე იმ შვიდი რაიონიდან, რომლებზეც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კონტროლი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.
სიმბოლური მნიშვნელობა
აქამდე ყარაბაღში დახმარება სომხეთიდან ჩადიოდა, ახლა კი, ბოლო რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანი ითხოვს, თავისი ტერიტორიიდან შევიდეს. სწორედ ასეთი წერტილია აღდამი.
სტეფანაკერტში ჰუმანიტარული დახმარების ლაჩინის ნაცვლად აღდამიდან შეგზავნას სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. აღდამიდან ერთი ტომარა ფქვილი მაინც რომ შევიდეს, ეს ნიშნავს, რომ ლაჩინის ალტერნატივა მუშაობს. ჰუმანიტარულ ტვირთს კი შემდეგ შესაძლოა კომერციული ტვირთი მიჰყვეს.
ასე რომ, ეს იქნება ყარაბაღის აზერბაიჯანში ინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რაც გზას გაუხსნის რეგიონში აზერბაიჯანული მანათის შეტანასა და სომხური დრამის ჩანაცვლებას. ბაქოს რეაბილიტაციის პროექტები უკვე დაწყებული აქვს იმ ტერიტორიაზე, რაც 2020 წლის ომის შედეგად დაიბრუნა.
მაგრამ ადგილობრივი სომხებისთვის აღდგამი არ არის ალტერნატივა.
- მათი გადმოსახედიდან, ჰუმანიტარული კრიზისის წყარო სწორედ აზერბაიჯანია - და თუკი მას მოსახლეობის დახმარება სურს, ლაჩინიდან უნდა გაატაროს სომხეთიდან გამოსული „წითელი ჯვრის“ დახმარება; და, საერთოდაც, უნდა შეწყვიტოს ბლოკადა.
- ამავე დროს, აღდამიდან ტვირთის მიღება მათთვის დათმობას ნიშნავს და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას, რასაც ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება, - ეს მათთვის ეთნიკური წმენდის ტოლფასია.
18 ივლისს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს აღდამიდან უკვე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რის შემდეგაც მოსახლეობის მცირერიცხოვანმა ჯგუფმა აღდამი-ასკერანის გზა გადაკეტა.
მოგვიანებით, აგვისტოში, გავრცელდა ცნობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დათანხმდა აღდამიდან ტვირთის მიღებას, თუმცა ეს ინფორმაციააც უარყო დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
„ერთადერთი გზა ლაჩინია“
ამჟამად „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებას აღდამი-სტეფანაკერტის გზაზე კარვები აქვს გაშლილი, რათა, სტეფანაკერტის თანხმობის შემთხვევაში, ტვირთი სწრაფად შევიდეს ყარაბაღში.
აზერბაიჯანიდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონის დაძვრის შემდეგ, 29 აგვისტოს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ბაქოს შეთავაზებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.
„თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მართლაც სურს ჰუმაინტარული კატასტროფისა და არცახის ხალხის გენოციდის დასრულება, ცრუ ფილანთროპიის ნაცვლად, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება უნდა შეწყვიტოს“, განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის სპიკერმა, ლუსინე ავანესიანმა და დასძინა: - „საკვებს სხვა არსაიდან არ მივიღებთ“.
28 აგვისტოსვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია“ ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო და გამოვიდა მოწოდებით, აღდგეს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გამოყენებით.
ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის პოზიციით, ინიციატივა ემსახურება გამწვავებული ჰუმანიტარული კატასტროფისგან ყურადღების გადატანას. და ბაქოს რეალური მიზანი ყარაბაღელი მოსახლეობის დაშინებაა, რათა მათ დატოვონ საცხოვრებელი გარემო.
ამ პოლიტიკის გამოხატულებად მიიჩნევს კავკასიის პოლიტიკის კომენტატორების ნაწილი ორშაბათის ინციდენტს:
„სტუდენტების გატაცება“
28 აგვისტოს, ორშაბათ დილას, ყარაბაღელი ახალგაზრდები, ალენ სარგსიანი, ვაჰე ოვსეპიანი და ლევონ გრიგორიანი ერევნისკენ წავიდნენ - „ლაჩინის დერეფნით“.
- ერევნისა და დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის დამაკავშირებელი გზა სწორედ „ლაჩინის დერეფანზე“ გადის. წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ამ გზით თავისუფლად მოგზაურობდა.
- 2022 წლის ბოლოს გადაადგილება შეფერხდა, შემდეგ კი საერთო შეწყდა, - თავდაპირველად „გარემოს დამცველი სამოქალაქო აქტივისტების“, შემდეგ კი აზერბაიჯანელი სამხედროების ხელით.
- მას შემდეგ, რაც ლაჩინის დერეფანში, ჰაკირის ხიდთან, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ბლოკპოსტი აღმართეს, დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად აზერბაიჯანის ნებართვა გახდა საჭირო.
- მედიის ცნობით, გასული კვირიდან რუსეთის პასპორტების მქონე პირთა და სტუდენტების გადაადგილება დაუშვეს და დე ფაქტო საზღვარი რამდენიმე ათეულმა პირმა გადალახა.
- შუამავლები რუსი სამხედროები არიან, რომლებიც მშვიდობისმყოფელების სტატუსით დგანან მთიან ყარაბაღში.
სარგსიანს, ოვსეპიანსა და გრიგორიანს, - ერთი 20 წლისაა, ორი - 22 წლის, - სხვა თანაქალაქელებთან ერთად, ორშაბათს რუსი მშვიდობისმყოფელები ახლდნენ.
თვითმხილველის ცნობით, ბლოკპოსტთან მიახლოებამდე რუსმა მშვიდობისმყოფელებმა მგზავრები რამდენიმე ჯგუფად დაჰყვეს: პირველები რუსეთის მოქალაქეობის მქონენი წავიდნენ - 15-მდე ადამიანი, - და სწორედ მათ შორის იყო ალენ სარგსიანი, რომელიც პირველი დააკავესო, იუწყება სომხური გამოცემა „სივილნეტი“.
„როცა მივუახლოვდით, ალენი იქ იდგა. ხალხი გადიოდა, მაგრამ ის იდგა. ინსპექტორი მის პასპორტს ამოწმებდა, და ეს ბიჭი კამერის წინ ჰყავდათ დაყენებული. მივხვდით, რომ რაღაცაში იყო საქმე“, გამოცემა „სივილნეტი“ თვითმხილველის ნაამბობს აქვეყნებს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მის ვინაობას არ ასახელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ალენ სარგსიანი ოცი წუთი მაინც ჰყავდათ გაჩერებული, რის შემდეგაც რიგის ბოლოში გაუშვეს, სანამ საკითხს გაარკვევდნენ, დრო რომ არ დაკარგულიყო.
„სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა“
ყარაბაღის მთავრობის წარმომადგენელმა, არტაკ ბეგლარიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ამ ინციდენტიდან მალევე განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან სტუდენტების გასათავისუფლებლად.
ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რის პარალელურადაც დაკავებულთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა დე ფაქტო პარლამენტის წინ. საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვში სომხეთის საელჩოსთან.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი აგრძელებს გენოციდის პოლიტიკას არცახის [ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს] ხალხის მიმართ, კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას თავდაპირველად კომენტარი არ გაუკეთებია - დაკავების სავარაუდო მიზეზი ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიისგან გახდა ცნობილი.
სამთავრობო მედიის ცნობით, დაკავებულები ყარაბაღის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წევრები იყვნენ, და 2021 წელს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი აზერბაიჯანის ეროვნულ დროშას „უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ“ - დროშა ფეხით გათელეს. ეს კი აზერბაიჯანის კანონმდებლობით დასჯადია.
ფეხბურთელების დაკავებით, ბაქო კიდევ ერთხელ უგზავნის ყარაბაღელებს მესიჯს, რომ ისინი მისი სამართლებრივი სისტემის სუბიექტები არიან. არტაკ ბეგლარიანის განცხადებით, ეს ბრალდება მიმართულია ყარაბაღის მოსახლეობის დაშინებისკენ, - რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანის კონტროლის დამყარებას.
რამდენიმე საათის შემდეგ, აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ფეხბურთელების მიმართ „სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა“ და მათ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ვადის გასვლის შემდეგ მათ აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გააძევებენ.
ეს აზერბაიჯანული ბლოკპოსტის გავლისას ადგილობრივების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2023 წლის ივლისში დააკავეს 68 წლის ვაგიფ ხაჩატურიანი, რომელიც „წითელი ჯვრის“ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავდათ ყარაბაღიდან სომხეთში.
ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა იგი „ომის დანაშაულის“ ბრალდებით დააკავეს, - მათი თქმით, ის არის „ომის დამნაშავე“, რომელმაც 25 სამოქალაქო პირი დახოცა 1990-იან წლებში, კონფლიქტის ცხელ ფაზაში, რასაც მისი ოჯახი უარყოფს.
ყარაბაღელებისთვის ხაჩატურიანის ამბავი აჩვენებდა, რომ ტერიტორიის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლასთან ერთად, მათ მიმართ რეპრესიებისა და შურისძიების რისკი იმატებს.