პანკისელები ფიქრობენ, რომ ჰესისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის "ისჯებიან"

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობის სოფლებში წელს დაგეგმილი პროექტების ნაწილი, რომლისთვის თანხაც იყო გათვალისწინებული, არ განხორციელდა. მათ შორისაა სასმელი წყლის სისტემის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაგეგმილი პროექტები მას შემდეგ გააჩერა, რაც აპრილში, ჰესის "ხადორი 3"-ის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

სოფელ ომალოში, სადაც 800-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წლებია, სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. სოფელში ამბობენ, რომ წყალი ხშირად არ მოდის, ხოლო როცა მოდის, დაბინძურებულია. ომალოს მცხოვრებთა ინფორმაციით, მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ ეს პრობლემა ხელისუფლებამაც აღიარა და მიმდინარე წელს ორი სათავე ნაგებობის აღდგენა დაიგეგმა. მაგრამ 2019 წელი იწურება და პროექტის განხორციელება ჯერაც არ დაწყებულა.

შენგელი ტოხოსაშვილი

ომალოს მცხოვრები შენგელი ტოხოსაშვილი გვეუბნება, რომ „წყლის სათავეები მთლიანად ჩამოშლილია. სოფელი წელს სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრჯერ მოვიდნენ, შეამოწმეს და გვითხრეს, სანამ დაზამთრდება, გავაკეთებთო, თუმცა... ომალოში კულტურის სახლიც უნდა გაკეთებულიყო, პროექტიც მომზადებული ჰქონდათ, თუმცა ჯერაც არ დაწყებულა“.

შენგელი ტოხოსაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო და არ განხორციელდა ზემო და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 1 მილიონ 75 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. წელსვე იგეგმებოდა სოფლების, ჯოყოლოსა და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზის აღდგენაც.

შენგელი ტოხოსაშვილის თქმით, ის, რომ პროექტების დიდი ნაწილი არ განხორციელდა, აფიქრებინებთ, რომ ხელისუფლებამ აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ პანკისელების დასჯა გადაწყვიტა და ყველა დაგეგმილი პროექტი გააუქმა. 2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილმა ინვესტორს ჰესის მშენებლობის დაწყების უფლება არ მისცა, რასაც პოლიციასა და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„მე მაქვს საუბრები „ქართული ოცნების“ იმ თანამშრომლებთანაც, ვინც არიან პანკისის ხეობიდან თვითმმართველობაში და შიდა საუბრებში ისინიც აღიარებენ, რომ პანკისის ხეობაში ყურადღება არის ნული. მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება ჩვენზე გაბრაზებულია აპრილში მომხდარის გამო. შესაძლოა, გაზაფხულიდან დაიწყონ რამდენიმე პროექტი, რადგან არჩევნები მოდის, თუმცა არ ვიცით, გააკეთებენ თუ არა. ხალხს იმედი აქვს დაკარგული“, - ამბობს შენგელი ტოხოსაშვილი.

ომალოში მცხოვრები მედი ალამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები არ განხორციელდა, მოსახლეობის ნაწილი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და პასუხი მოითხოვა. ალამიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ პანკისის ხეობაში აპრილში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამშენებლო კომპანიებმა პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს.

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობაში წელს დაგეგმილი ზოგიერთი პროექტი რომ არ განხორციელდა, ადასტურებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი ამბობს, რომ მიზეზი ნამდვილად აპრილში მომხდარი დაპირისპირებაა, თუმცა ეს არა ხელისუფლების მხრიდან "დასჯის", არამედ კერძო კომპანიების გადაწყვეტილების შედეგია, რადგან მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა "ხადორი 3"-ის მშენებელი კომპანიის ძვირადღირებული ტექნიკა დაწვეს და დააზიანეს, მათ პროექტების განხორციელებაზე უარი უსაფრთხოების მოტივით თქვეს. მეტრეველი იმასაც ამბობს, რომ პანკისში წელს შეჩერებული პროექტები სულ რამდენიმეა, განხორციელებული კი - გაცილებით ბევრი: "დღეის მდგომარეობით, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, გარკვეულწილად, დამშვიდებულია იქ სიტუაცია და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ეს შეჩერებული პროექტები გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება და განხორციელდება“.

პანკისელების ნაწილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხეობის მოსახლეობაზე გაბრაზება წელს კიდევ ერთ საკითხში გამოავლინა. მათი ინფორმაციით, სექტემბერში სახალხო დღესასწაულის, "პანკისობის" გამართვას გეგმავდნენ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ინიციატივა არც კი განიხილა.