აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 10 სექტემბერს, მოულოდნელად, პოსტიდან დაითხოვა ჯონ ბოლტონი, თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი აზრთა უთანხმოება გახდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ამით გრძელდება ოფიციალური პირების გათავისუფლების, გადადგომის, უწყებათა შემადგენლობის შეცვლის პრაქტიკა, რაც ხშირია ტრამპის პირობებში, და ასევე აღნიშნავენ განსხვავებას საგარეოპოლიტიკურ მიდგომებში, რაც თავად ტრამპსა და ბოლტონს თავიდანვე გამოარჩევდა ერთმანეთისგან.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად ექვემდებარება წინასწარ გათვლებსო, წერს ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის „გარდიანი“ 10 სექტემბერს და ყურადღებას ამახვილებს მთავრობაში არსებულ „კაპრიზებსა და ამაოებაზე“. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ: „არავინ უნდა მიესალმოს ამ ადმინისტრაციის ქაოსურ და დისფუნქციურ ბუნებას. მის ბოსს მოსწონს თავის აპარატში გახლეჩილობა და სხვადასხვა ფრაქციის არსებობა, რაც მას საშუალებას აძლევს გააგრძელოს მართვა თავისი კაპრიზებით, ემოციური რეაქციებით და ამაოებით. ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი გამოთიშულია ავღანეთის შესახებ შეხვედრებიდან, არც ნორმალურია და არც სასურველი - მაშინაც კი, თუკი ოდნავ შვებას გვგვრის ის გარემოება, რომ ეს პირი ბატონი ბოლტონია (ან იყო). სავარაუდოდ, მისი გათავისუფლების მიზეზი ისაა, რომ მან თავისი ბოსის ეგოს დაარტყა - და არა ის, რომ ის ცუდ რჩევებს იძლეოდა“.
ჰოლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ჰანდელსბლადის“ მიერ 10 სექტემბერს გამოთქმული ვარაუდით, ბოლტონის გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ ეწინააღმდეგებოდა თალიბანთან მოლაპარაკების გამართვას. „საბოლოო ანგარიშით, ინტერვენციონისტი ბოლტონი, რომელსაც იანვარში, ვენესუელის კრიზისის დროს, ხელში ეჭირა ბლოკნოტი წარწერით ‘5000 ჯარისკაცი კოლუმბიაში’, ტრამპის იზოლაციონისტური ინსტინქტების მსხვერპლი გახდა. ... თუ ბოლტონის გათავისუფლება პოლიტიკის შესახებ დისკუსიას მოიტანს, რაც, საერთაშორისო დიპლომატიაში ტრამპის არათანმიმდევრული მიდგომის გამო, ნამდვილად არ არის გარანტირებული - ეს, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკება ისე უიმედოდ დასრულებული არ არის, როგორც ამის შესახებ პრეზიდენტმა ორშაბათს გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვირას ხაზგასმით თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკება ‘დროებითაა’ შეწყვეტილი“.
„ნიუ-იორკ ტაიმსში“ 10 სექტემბერს დაიბეჭდა სარედაქციო წერილი, სათაურით: „რას ამბობს ჯონ ბოლტონის გათავისუფლება დონალდ ტრამპზე: იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამ პრეზიდენტის მრჩეველი, ქაოსი იმეფებს“. ამ გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე უინტერესო საკითხი ის არის, თუ ვინ შეცვლის ჯონ ბოლტონს მრჩევლის პოსტზე. „მაშინაც კი, როცა ბატონი ტრამპი ღირებულ მიზნებს მისდევდა - ცდილობდა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ბირთვული იარაღის დათმობაზე დაეყოლიებინა, თალიბანთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რათა ამერიკელ სამხედროებს ავღანეთის დატოვება შესძლებოდათ - მისი იმპულსური, მოუთმენელი, კრიზისით მართული მიდგომა ხშირად ცუდ შედეგს იღებდა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო მისი მრჩეველი მოცემულ მომენტში. მისი მხრიდან 2018 წლის მარტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ბატონი ბოლტონის დასახელება თავისთავად იყო ტრამპისეული ქაოსის მაგალითი. ბატონ ტრამპს სურდა კორეასა და ავღანეთში დასრულებულიყო მტრობა, ის ფრთხილად ეკიდებოდა ირანსა და ვენესუელაში კონფლიქტების შესაძლებლობას. და ამ დროს შეარჩია ფიგურა, რომელიც ემხრობა აგრესიულ პოლიტიკას, უგულებელყოფს დიპლომატიის მნიშვნელობას, მხარს უჭერს მოკავშირეთა იგნორირებით წარმოებულ უნილატერალიზმს და თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის დაბომბვა მათი ბირთვული საფრთხის შემცირების გზაა“.
“ვაშინგტონ პოსტი“ თვლის, რომ ბოლტონის წასვლა ფუნდამენტურად შეცვლის ტრამპის პოლიტიკას ირანისადმი. „მნიშვნელობა არა აქვს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი პრეზიდენტმა ტრამპმა გაათავისუფლა, თუ ის თავად წავიდა. საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობაში ეს ცვლილება უმნიშვნელოვანეს გავლენას იქონიებს ამ ადმინისტრაციის მხრიდან ირანის მისამართით პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ბოლტონისა და, ასევე, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ირანთან მიმართებით პოზიციებს შეგვიძლია ‘ქორთა პოზიციები’ ვუწოდოთ, მაგრამ, თეირანის მიმართ გატარებული ზომების თვალსაზრისით, მათი მიდგომა მაინც ყოველთვის განსხვავდებოდა. ბოლტონი მხარს უჭერდა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით მუდმივად არსებულ მუქარას და ხშირად ღიად გამოდიოდა ამის მხარდაჭერით. ... ახლა, როცა საქმე ირანს ეხება, ტრამპის ადმინისტრაცია აღარ არის შეზუდული ბოლტონის მიერ - იდეოლოგის, რომელიც დიპლომატიას სისუსტედ მიიჩნევს და არა იარაღად. ეს ცვლილება ტრამპს აძლევს პირველ რეალურ შესაძლებლობას ირანთან გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა, რასაც ისიც და პომპეოც ღიად უჭერენ მხარს მას შემდეგ, რაც ამ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოსთიშოდა ირანთან 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას“.