ვკარგავთ თუ არა ჯანმრთელობისათვის აუცილებელ რესურსებს შინ დარჩენით ? უფრო ზუსტად კი შინ დიდხანს დარჩენით - როდესაც სახლში ყოფნა გრძელდება არათუ დღეები, არამედ შეიძლება რამდენიმე კვირა, ან უფრო მეტიც და როგორ აისახება ეს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე?
კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შეჩერების მიზნით, მსოფლიო სოციალურ დისტანციის გზას დაადგა და ხელისუფლებებმა საკუთარ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდეს. მაგალითად, ჩინეთში, კონკრეტულად კი უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, სრული იზოლაციის, ანუ შინ დარჩენის ფაზამ სამ თვეს გასტანა.
სოციალური დისტანციისა და იზოლაციის კონკრეტული გზა აირჩია საქართველომაც. 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი ქვეყანაში „ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი “ ამოქმედდა. საყოველთაო კარანტინის პირობებში აიკრძალა სამზე მეტი პირის თავშეყრა.
და სანამ ადამიანები ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის მოლოდინით შინ რჩებიან, ამ პირობებში, იმუნოლოგები ჯანმრთელობისათვის შექმნილ გარკვეულ რისკებზე ლაპარაკობენ და შინ დარჩენილი მოქალაქეებისათვის რეკომენდაციებსაც იძლევიან.
იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე იმ რამდენიმე რისკ-ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. პირველ რიგში, ეს არის მოძრაობის შეზღუდვა, რაც სხეულსა და იმუნიტეტს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს:
„მოძრაობის ნაკლებობა ყოველთვის მოქმედებს, როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. შესაბამისად, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ უმოძრაოდ და შეძლებისდაგვარად, სახლში მოვიწყოთ სავარჯიშო კუთხე, თუნდაც ძალიან მარტივი აღჭურვილობით და რუტინულად, ყოველ დღე, 20-30 წუთი დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს. უმოძრაობასთან ერთად, იზოლაციის პირობებში, შედარებით მომატებულია საკვების მიღების ტენდენცია, ხდება მეტი კალორიის მიღება და ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ კვებას. აუცილებელია, რაციონში იყოს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ბავშვებში“.
მზისა და ჰაერის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა შეექმნათ ვიტამინების დეფიციტი. მაშინ, როდესაც მზის სხივები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში D ვიტამინის მობილიზებაზე, რომელსაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაში, შინ დარჩენილი ადამიანები, გიორგი კამკამიძის თქმით, იმუნიტეტის დაქვეითების საფრთხის წინაშე დგებიან:
„იმისათვის, რომ ვიტამინების ნაკლებობას გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბალანსირებული კვება. მაგრამ თუკი კონკრეტულად D ვიტამინზე შევჩერდებით, სამწუხაროდ, მისი შევსება საკვების დახმარებით სათანადოდ ვერ ხდება. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ვიტამინის დღიური დოზა მულტივიტამინის გზით მივიღოთ“.
რაც შეეხება საკვებს, რომელიც მეტნაკლებად შეიცავს D ვიტამინს, ესენია: რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, სოკო.
D ვიტამინის მიღების საუკეთესო გზა კი მაინც მზე და ჰაერია:
„თუკი თქვენ სახლებს აქვთ აივანი, მაშინ დღეში მინიმუმ ერთი საათით მაინც გადით აივანზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰაერზე გასვლა არა ხალხმრავალ ადგილასაც“.
და თუკი ვერ ვახერხებთ ვერც არა ხალხმრავალ ადგილას გასვლას და ჩვენ სახლს არც აივანი აქვს, მაშინ რა ვქნათ?
გიორგი კამკამიძის თქმით, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული როლი ენიჭება ფანჯარას. მით უმეტეს, რომ დიდხანს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ალერგიის გამწვავებას:
„ფანჯრის გამოღება, სახლის განიავება, ფანჯარასთან ჯდომა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ვიცით, ნებისმიერ სახლში ცხოვრობს მიკროსკოპული ტკიპები, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეში, განიავების გარეშე, გაცილებით ინტენსიურად მრავლდებიან და შეიძლება გახდნენ ალერგიის გამწვავების მიზეზიც, განსაკუთრებით ამ სეზონზე, გაზაფხულზე. იგივე შეიძლება ითქვას, ნესტის სოკოს გამრავლებაზე. თუკი სახლში შედარებით ნესტიანია, ეს ძალიან ხშირად სასუნთქი გზების დაავადების მიზეზი ხდება. შესაბამისად, ფანჯრის გაღება, განიავება, სახლში მზის სინათლის შემოშვება, ძალიან მნიშვნელოვანია“.
გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ ასეთი მკაცრი შეზღუდვები დიდხანს და განუსაზღვრელად ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ხელისუფლების ზუსტი, თანმიმდევრული გეგმის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება მკაცრი ღონისძიებების ნელ-ნელა მოხსნისკენ:
„მდგომარეობა, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით, კიდევ მაქსიმუმ ერთ თვეს ან თვენახევარს შეიძლება გაგრძელდეს. ამაზე მეტის გაძლება, ადამიანებისათვის ძალიან ძნელი იქნება და ჩემი აზრით, არც იქნება საჭირო. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულად აისახება ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ეს არ არის ვირუსი, რომელიც რეალურად მოითხოვს ასეთ უკიდურეს ზომებს და უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, რა პირობებში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვირუსი იმდენად საშიში არ იყოს, როგორც მისგან გამოწვეული მდგომარეობა. როდესაც ადამიანს ექმნება ეკონომიკური პრობლემები, ფსიქოლიგიური პრობლემები, არ იცის, მაგალითად, რა შეიძლება ჭამოს ხვალ, აქ მოწოდება, რომ მშვიდად იყავი და არ აჰყვე პანიკას, არ იქნება რელევანტური“.
გიორგი კამკამიძის თქმით, მომდევნო დღეები, კონკრეტულად კი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები და მას მოყოლილი ხალხმრავლობა, გამოაჩენს რეალურ სურათს კიდევ რამდენ ხანს დასჭირდებათ ადამიანებს შინ დარჩენა.