საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 410-მდე საჩივარია შესული. საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხება, თუმცა არის საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლისა და უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნებიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამგვარია სულ 31 საჩივარი. მათგან 8 შეეხება ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, 23 კი უბნის ან საარჩევნო ყუთის შედეგების ბათილად ცნობას. საჩივრების განსახილველად საოლქო საარჩევნო კომისიებს ორდღიანი ვადა აქვთ. საჩივრების ნაწილი შემდგომი რეაგირებისთვის, სავარაუდოდ, სასამართლოებშიც მოხვდება. მათგან 5 შემთხვევა გამოვარჩიეთ:
- მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოითხოვა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამჯერად საოლქო კომისიაში ითხოვს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აღნიშნავენ, რომ უბანზე სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი. კერძოდ, 49-ე უბანზე ხმის მიცემა სცადა პირმა, რომელიც სხვა უბნის ამომრჩეველი იყო. კერძოდ, სიების გადამოწმების შემდეგ საიამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი 48-ე უბანზე იყო რეგისტრირებული. გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა. ამავე უბანზე დამკვირვებელმა 5 პირი აღმოაჩინა, რომელსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდა. არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე რეაგირებისთვის საიამ საოლქო კომისიის გარდა მიმართა პროკურატურასაც.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია მარნეულის 52-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებელმა გამოავლინა პირი, რომელმაც რამდენიმე კონვერტის ჩაყრა სცადა საარჩევნო ყუთში. დამკვირვებლის მიერ ფაქტის გაპროტესტების შემდეგ აღნიშნული პირი უბნიდან გაიქცა, თუმცა დამკვირვებელმა მისთვის ფოტოს გადაღება შეძლო. პირი იდენტიფიცირებულია და აღნიშნულ ფაქტზე უკვე გამოიკითხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებელიც.
- ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. ამის მიზეზი კი რეგისტრატორის სამაგიდო სიის ერთი გვერდის დაკარგვაა. კენჭისყრის პროცესი ამ მიზეზის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა, როგორც "სამართლიან არჩევნებში" განმარტავენ, ამომრჩევლებს, რომლებიც კონკრეტულ სამაგიდო სიაში იყვნენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაში მიიჩნევენ,რომ ეს არის სერიოზული დარღვევა და ბათილად უნდა ჩაითვალოს მთელი უბნის შედეგები.
- საოლქო საარჩევნო კომისიის განხილვის საგანია მარნეულის სოფელ იმირის 59-ე უბნის ინციდენტიც. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციასა და საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებს შემაჯამებელი ოქმის გატაცებაში დასდეს ბრალი. გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა გამართეს საპროტესტო აქციაც, რომელზეც პოლიციასა და გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
- საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოიკვეთა ხმის ფარულობის ისეთი ფორმებით დარღვევა, რომელსაც აქამდე ადგილი არ ჰქონია და რომლებიც კანონის რეგულირების მიღმა რჩება. ამ რიგშია კენჭისყრის კაბინიდან გამოსული პირების მიერ შემოხაზული ბიულეტენის კომისიის რომელიმე წევრისთვის , საარჩევნო სუბიექტისთვის ან დამკვირვებლისთვის ჩვენება.როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ვერ გაასაჩივრებ იმას,რომ ადამიანი, ერთი შეხედვით, თავისი ნებით ასაჯაროვებს, ვის მისცა ხმა. ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე საარჩევნო კომისიებში საჩივრები პრაქტიკულად არ დაწერილა, განსხვავებით იმ შემთხვევებიდან, როდესაც რიგის მომწესრიგებლები ხმამაღლა აცხადებდნენ უბანზე შესული ამომრჩევლის გვარს და სახელს.