რუსთავში საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს

კამერა რუსთავის მე-20 უბანზე

რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეოსათვალთვალო კამერა დააფიქსირეს.

დამკვირვებლის, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ადგილობრივი დამკვირვებლის, ნუკრი რამიშვილის შედგენილი საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე შეუფუთავი ვიდეოკამერა იყო.

დამკვირვებელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამერა კედელზე ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ მთელი საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის ვიდეოგადაღება შეეძლო. თუმცა დააფიქსირებდა თუ არა უშუალოდ ამომრჩევლის არჩევანს, ეს მისთვის უცნობია.

საჩივრის მიხედვით, საუბნო კომისიის თავმჯდომარე უარს ამბობდა კამერის შეფუთვაზე, თუმცა მოგვიანებით შესაბამისი საჩივრის დაწერის შემდეგ, საქმეში საოლქო კომისია ჩაერია და კამერა შეფუთეს.

დამკვირვებლის ინფორმაციით, შეუფუთავი კამერა მე-20 უბანზე დილის 8 საათიდან 10:30 საათამდე იყო - 2.5 საათის განმავლობაში.

დაზუსტებით უცნობია, კამერა იყო თუ არა ჩართული და ახდენდა თუ არა პროცესის ვიდეოჩაწერას.

ასევე ნახეთ არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია