ინციდენტი მოხდა 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც რელიგიის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები განიხილებოდა. ემზარ კვიციანი მირტაგი ასადოვს დაუპირისპირდა.
უთანხმოება მოჰყვა დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივას ნიქაბისა და ბურკის აკრძალვის შესახებ. ინიციატივა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა მირტაგი ასადოვმა გააპროტესტა.
ვთქვი, რომ დეპუტატები, ზოგადად, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, მათთვის უფლებების გაფართოებით უნდა იყვნენ დაკავებულნი...მირტაგი ასადოვი
„ვთქვი, რომ ისლამი მხოლოდ ყურანისგან არ შედგება, აქ ტრადიციასაც უდიდესი გავლენა აქვს. მაგალითად, ისლამის წმინდანი დედები სახეს ყოველთვის მთლიანად იბურავდნენ და თანამედროვე მორწმუნე მრევლშიც მათი მიბაძვის რელიგიურად გამართლებულ შემთხვევებს ვხვდებით. გარდა ამისა, მე ყოველწლიურად ქალაქ მარნეულში წმინდანისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მსვლელობას ვმართავ, სადაც მუსლიმ გოგონათა ნაწილი სახეს მთლიანად იბურავს. მათთვის ამის აკრძალვა, დიახაც, დისკრიმინაციულია.
ასევე ვთქვი, რომ დეპუტატები, ზოგადად, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ნაცვლად, მათთვის უფლებების გაფართოებით უნდა იყვნენ დაკავებულნი.
ჩემი გამოსვლა ბატონ ემზარს არ მოეწონა და მან ჯერ აგრესიულად იკითხა, თუ ვის წარმოვადგენდი მე, მერე, ვიყავი თუ არა საქართველოს მოქალაქე. როცა დადებითი პასუხი მიიღო, შეურაცხმყოფელი ტონით მიყვირა, თუ რატომ არ ვიცოდი ქართული და თუ არ ვიცოდი, საერთოდ რას ვლაპარაკობდი“, - ამბობს მირტაგი ასადოვი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები დისკრიმინაციულია და, ამასთან, სახელმწიფო ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სწორედ სუსტი განათლების პოლიტიკის გამო არის პრობლემა.
მისივე თქმით, საწყენია ისიც, რომ კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ გაემიჯნა კვიციანის განცხადებას. „პირიქით, ის მირტაგი ასადოვს მიუბრუნდა და უთხრა, პარლამენტის წევრებმა ძალიან კარგად იციან, რას აკეთებენო“, - ამბობს თამთა მიქელაძე.
სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ მართლაც მისცა შენიშვნა მირტაგი ასიდოვს, რადგან ჩათვალა, რომ მისი საუბრის ტონი ზედმეტად მენტორული იყო, მაგრამ, ამასთან, არაერთხელ მოუწოდა ემზარ კვიციანს, თავი შეეკავებინა ასეთი არაკონსტრუქციული გამონათქვამებისგან, რის გამოც კვიციანი გაბრაზდა კიდეც და, საბოლოოდ, პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.