200 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა, ეკონომიკის მინიმუმ 40%-ით ზრდა თუ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები საზოგადოებამ 1 ოქტომბრის პრეზენტაციაზე, არა ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ მისი თანაგუნდელებისგან და ძირითადად - მინისტრებისგან მოისმინა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, პარტიის პროგრამა სრული სახით რეგიონებში მისი დეტალური განხილვის შემდეგ გამოქვეყნდება.
რა ვიცით ამ ეტაპზე? რამდენად რეალისტურია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები? როგორ აფასებს პარტია 8 წლის განმავლობაში გაცემული დაპირებების შესრულებას?
2012-2020 წლებში...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბრის პრეზენტაციაზე თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის უკვე ბევრისთვის კარგად ცნობილ შეფასებებს მიუძღვნა. აქედან გამომდინარეობს მის მიერ ფორმულირებული მთავარი მიღწევაც - „ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება... ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით“.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია ასევე, რომ - ქართველი ხალხი, რომელსაც „არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია“, 2020 წლის არჩევნებზეც „ქართულ ოცნებას“დაუჭერს მხარს - „არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ რევანშის მსურველი ოპონენტების კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა და რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ.
მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ:
- „გაორმაგებულია პენსია და ზრდა მოხდება ყოველწლიურად“;
- „გაორმაგებულია სოციალური დახმარებები ... ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი“;
- „7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა, და 55 ათას ჰექტარს მიაღწია“;
- „რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე, სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი“;
- „მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს“;
- „2012 წლიდან წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში: ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“;
- „200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი“;
- „8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა“;
- „ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა“;
- „2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი“.
ის, რაც ბიძინა ივანიშვილის ჩამონათვალში ვერ მოხვდა, ოდნავ მოგვიანებით, მინისტრებმა დაამატეს და ბევრი რამ დააკონკრეტეს კიდეც, წინა ხელისუფლების საქმიანობასთან პარალელების გავლების ჭრილში.
მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან დაემატა „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა“.
ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იაფი ფულადი რესურსების თემასაც შეეხო - „ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა“.
საქართველოში თითქმის ყველას ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაკეთებული განცხადება, რომ: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში პირველი წელიწადი იქნებოდა „ძალიან რთული”, მეორე წელიწადი იქნებოდა „საგრძნობლად უკეთესი“, მესამე წელიწადს „მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ ჯიბესა და ოჯახზე“ იგრძნობდა, ხოლო მეოთხე წელიწადი იქნებოდა „ძალიან კარგი”.
ბიძინა ივანიშვილი 8 წლის შემდეგ ოპონენტებს ერთადერთ საკითხში ეთანხმება და აღიარებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო დაემარცხებინა სიღარიბე. თუმცა ამისათვის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს ობიექტური მიზეზებიც ეგულება:
- „ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია“.
- „დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო“.
- „დღევანდელი სიღარიბე იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა“.
- „სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდწილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა“.
- „დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც საწყის ეტაპზე „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყო, თვლის რომ „ღრმად არასერიოზულია 8 წლის შემდეგ ისევ მძიმე მემკვიდრეობაზე საუბარი“ და ბიძინა ივანიშვილის 1 ოქტომბრის გამოსვლის ძირითად მიზანს „პრობლემების გადაბრალება“ წარმოადგენდა.
ხუხაშვილის თქმით:
- „სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. თუკი ავიღებთ წინა ხელისუფლების პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც სერიოზული პრობლემები იყო, ეკონომიკური ზრდა გარკვეული წლების განმავლობაში იყო ორნიშნა. 2009 წლის გარდა, ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად 6-7%-ზე დაბლა არ დაცემულა... „ქართული ოცნების“ პირობებში, ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შემცირდა";
- "პენსიის გაორმაგებას რომ აღნიშნავენ, ეს პენსია ქაღალდი ხომ არ არის, ფულია და ამ ფულით უნდა იყიდოს ადამიანმა რაღაც. ამასობაში ლარი თითქმის 2-ჯერ გაუფასურდა. ეს დიდწილად განსაზღვრავს ინფლაციურ პროცესებს. მარტივია, ამ გაზრდილი პენსიით ახლა იმდენს ვეღარ ყიდულობენ, რასაც ყიდულობდნენ 2012 წელს“.
ამასთან, ხუხაშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეგნებულად აირიდა თავიდან კონკრეტული დაპირებების გახმოვანებას.
2020-2024 წლებისთვის...
„დღეს, ჩვენი პარტია -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება“ - თქვა 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა და კონკრეტული დაპირებების გახმოვანება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძირითადად - მინისტრებს გადაულოცა.
როგორც უკვე ვთქვით, პროგრამის გამოქვეყნებას „ქართული ოცნება“ რეგიონებში განხილვების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი, მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ ზეპირი გამოსვლებისა და პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილობითი ტექსტების მიხედვით.
დაპირებების სახით ვხვდებით, მაგალითად, შემდეგ ფორმულირებებს:
- „ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება“;
- „შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი“;
- „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“;
- „ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს“;
- „სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება“;
- „ ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი - 400 ლარამდე გაიზრდება";
- „13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“;
- „2024 წლისთვის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით“;
- „2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი“; ხოლო „საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები“;
- „APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი“ ;
- „სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას“;
- „2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება“;
- 2020-2024 წლებში დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი“;
- „რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს";
- „2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“;
- „2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს“;
- „გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები... როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა“.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების რეალისტურობას შესაბამისი სახსრების არსებობა და ეკონომიკის სიძლიერე განსაზღვრავს.
შესაძლებელია თუ არა 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ 40%-ით ზრდა - როგორც ამას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამბობს?
„შესანიშნავი იქნება, თუკი ეს ასე მოხდება“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომიკის საკითხების ექსპერტი სოსო არჩვაძე. თუმცა შექმნილი სიტუაციის ფონზე, ნაკლებად წარმოსადგენია და მისთვის ეს წინასაარჩევნო დაპირებას უფრო ჰგავს.
არჩვაძე ამბობს:
- „ყველა წინასაარჩევნო რეჟიმშია გადასული და ყველა, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ყველაფერი პოზიტიურად წარმოაჩინოს... ყველაფერი დიდწილად კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენებზეა დამოკიდებული".
- "8 წლის მანძილზე ჩვენ ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 1/3-ით მოვახდინეთ და, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, 40%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენ გვინდა არანაკლებ 6-7%-იანი ყოველწლიური ზრდა. ღმერთმა ქნას, მაგრამ საკმაოდ დიდი სკეფსისით ვუყურებ ამას“.
კიდევ ერთი ამბიციური მიზანი 1 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გაახმაურა - „შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზერონდელის ფონდის უფროსი მკვლევარის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის თქმით, განაცხადის გაკეთებას წინ არაფერი უდგას და ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლება; თუმცა სხვა საკითხია - რამდენად მზად იქნება ქვეყანა და რამდენად ზუსტი დრო იქნება შერჩეული - გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებითაც.
„ეს ისეთ დროს უნდა გაკეთდეს, როცა იქითა მხარეც იქნება მზად... ცოლის მოსაყვანად გოგოს ოჯახში რომ რომ მიხვიდე, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე, რომ გოგოს შენს მიმართ დადებითი ემოციები აქვს...
როცა ევროკავშირში განაცხადს გააკეთებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ისინიც არიან მზად და არიან პოზიტიურად განწყობილი ქვეყნის განვითარების მიმართ.
თუკი განაცხადს ევროკავშირის მხრიდან ცუდი შეფასებითი ანგარიში მოჰყვა, ეს ქვეყნისთვის ანტირეკლამა იქნება და შესაძლოა, გადაულახავი ბარიერების წინაშეც აღმოჩნდეს“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
როგორც კახა გოგოლაშვილი განმარტავს, ქვეყნის განაცხადის საფუძველზე ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას დაავალებს შეფასების მომზადებას ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ მიხედვით“. ამ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს: ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, ინსტიტუციურ განვითარება, ეკონომიკის ზრდის დინამიკა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და პრაქტიკაში დანერგვა.