დანის მფლობელის ვერსია

„ვფიცავ ღმერთი იყოს ჩემი მფარველი“ - თქვა ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულმა ავთანდილ კანდელაკიშვილმა 21 ივნისის სასამართლო სხდომაზე და ამ სიტყვებით დაიფიცა, რომ სიმართლეს იტყოდა.

სახელმწიფო ბრალდების თანახმად, დანა, რომლითაც 2018 წლის 30 სექტემბერს, 25 წლის უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი მოკლეს, კანდელაკიშვილს ეჭირა. ბრალდებულმა მრავალთვიანი დუმილის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ დიუმას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მან ვიტალის სამჯერ-ოთხჯერ დაარტყა დანა - ოღონდ, არა გულში ან არა მუცელში, არამედ ბარძაყის არეში. კანდელაკიშვილმა მოსამართლეს ვიტალის ოჯახისადმი მიმართვის უფლებაც სთხოვა.

ვიტალი საფაროვი

ალერგიას ვუჩივი - პირბადეს ამიტომ ვატარებ

ავთანდილ კანდელაკიშვილი დიდხანს იყო ჩუმად. ის დუმილის უფლებას იყენებდა. სასამართლო სხდომებზე კი, მეორე ბრალდებულის, გიორგი სოხაძისგან განსხვავებით, მრავალსიტყვაობით არ გამოირჩეოდა. კანდელაკიშვილი თითქოს თავის დროს ელოდა, რომელ დროსაც, როგორც მისი ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი განმარტავდა მედიასთან, ის „მომხდარის ნამდვილ ვერსიას“ მოყვებოდა. ამ ვერსიის სასამართლოსთვის მოთხრობამდე კანდელაკიშვილსა და მის ადვოკატს, ზურაბ ბეგიაშვილის შორის ასეთი კითხვა- პასუხი გაიმართა:

ზურაბ ბეგიაშვილი: სად დაიბადე?

ავთანდილ კანდელაკიშვილი: თბილისში.

ბეგიაშვილი: თქვენი მშობლების შესახებ რას იტყვით?

კანდელაკიშვილი: დედა პედაგოგია, მამაჩემი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს.

ბეგიაშვილი: ეკლესიაში დადიოდი? სტიქაროსანი იყავი?

კანდელაკიშვილი: დიახ.

ბეგიაშვილი: მოზარდობა სად გაატარე?

კანდელაკიშვილი: ჩემს უბანში - 5 დეკემბრის ქუჩაზე.

ბეგიაშვილი: რამდენი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა შენს უბანში?

კანდელაკიშვილი: სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელებიც იყვნენ. სომეხი ძმაკაცებიც მყავდა.

ბეგიაშვილი: ავთანდილ, მოგვიყევით თქვენს შეყვარებულზე.

კანდელაკიშვილი: ჩემი შეყვარებული იყო (ხაზს ვუსვამ, იყო) ეროვნებით ებრაელი, დღეს ის ისრაელში ცხოვრობს.

ბეგიაშვილი: გარდა იმისა, რომ სტუდენტი ხარ, კიდევ რას საქმიანობ?

კანდელაკიშვილი: სამჭიდში ვვარჯიშობდი, ჩემპიონატზე გამოვდიოდი, ბოლოს უნივერსიტეტის სახელითაც უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ არ დამაცადეს.

ბეგიაშვილი: უნივერსიტეტსა და სპორტულ დარბაზში კონფლიქტების შესახებ თუ მოყვები?

კანდელაკიშვილი: არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და ასეთი რამ არ მომსვლია.

ბეგიაშვილი: რაიმე თუ გაწუხებს სეზონურად?

კანდელაკიშვილი: დიახ, ალერგიას ვუჩივი

ბეგიაშვილი: და ამის გამო გიწევს რაიმე ატრიბუტის ტარება?

კანდელაკიშვილი: დიახ, პირბადეს ვიკეთებ ხოლმე.

პირბადე ეკეთა ავთანდილ კანდელაკიშვილს იმ ღამითაც, 2018 წლის 30 სექტემბერს, როცა ვიტალი მოკლეს.

სამედიცინოპირბადიანი კანდელაკიშვილი კაფე „საბვეის“ კამერამაც დააფიქსირა.

იმ ღამის საბედისწერო წუთებამდე დაახლოებით ექვსი საათით ადრე, ავთანდილ კანდელაკიშვილი სპორტდარბაზში ვარჯიშობს. მასთან ნიკა შანავა მიდის და სთავაზობს, ერთად წავიდნენ სოხაძის მეგობრის დაბადების დღეზე. კანდელაკიშვილი შეთავაზებას თანხმდება, ტანსაცმელს იცვლის და თბილისის ცენტრისკენ მიდიან.

მეგობრები ჯერ ერთ ბარში სვამენ სპირტიან სასმელს, შემდეგ სხვა ბარში გადადიან. იქ სოხაძე, კანდელაკიშვილი და შანავა, სოხაძის ნაცნობს, ზურაბ მორჩილაძეს ხვდებიან. ერთად მიდიან ბარ “ვარშავისკენ”.

დანა ამოვიღე და...

„ვარშავის“ ტერასაზე ირაკლი ბელთაძისა და გიორგი სოხაძეს შორის დაწყებულ უსიამოვნო საუბრის კანდელაკიშვილისეული ვერსია ემთხვევა მოწმეების ვერსიას.

“ბელთაძემ სოხაძესთან დაიწყო ძალიან მოსაბეზრებელ თემაზე ლაპარაკი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საქართველო. როგორ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. სოხაძე თავიდან მოკლედ პასუხობდა, მაგრამ რამდენჯერმე რომ მოვიდა ამავე თემით, სოხაძემ შემეშვიო და ოდნავ ჩაიწია კიბეებზე. მერე ამ საუბარში ბელთაძის მეგობარი ოთარ გელაშვილიც ჩაერთო, გეყოფა საქართველოზე ლაპარაკი ამის დედა ვატირეო. მაგრან ამ დროს შანავამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის საქართველოს მისამართით იგინებოდა და დაუწყო საქმის გარჩევა. შანავამ სოხაძეს დაუძახა, საუბარი მალე აგრესულ ტონში გადაიზარდა და ამას მოჰყვა სწორედ წინადადება, რომ საუბარი “საბვეის” ქვემოთ გაგვეგრძელებინა, იქ მანდილოსნები იყვნენ და არ იქნებოდა ლამაზი იქ გარჩევა”.

Your browser doesn’t support HTML5

ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის სიტყვა საფაროვის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე

ავთანდილ კანდელაკიშვილის ვერსიით, ჩხუბის არა განეიტრალების, არამედ გაგრძელების ინიციატორი არც მეტი, არც ნაკლები ვიტალი საფაროვი იყო, რომელმაც, თურმე, ბელთაძე-სოხაძის დიალოგს, დავიშალოთ, ჩხუბი არ გვინდაო, მოაყოლა რეპლიკა, „სად მიდიხართ, თქვენ რა მშვიდობიანი ბიჭები მყავხართო“. კანდელაკიშვილი ყვება, რომ საფაროვსა და შანავას შორის დაწყებული საუბარი კამათით გაგრძელდა, ბოლო კი, ბრალდებულის ვერსიით, ყვირილში გადაიზარდა.

შემდეგ, კანდელაკიშვილის ვერსიით, შანავამ ვიტალის წიხლი მოუქნია. მაგრამ ააცილა და თვითონ დაეცა. ვიტალიმ კი წაქცეულ შანავას მუშტების რტყმა დაიწყო. ამ დროს სოხაძე შანავას საშველად მოვარდა, მაგრამ მისი გამოთრევის მცდელობისას, ბელთაძემ დაარტყა.

“ეს რომ დავინახე, რომ ვიტალის შანავა გაგდებული ჰყავს, ჩავვარდი პანიკურ მდგომარეობაში, შემეშინდა და ვცადე შანავა გამომეწია, მაგრამ ამ დროს დანარჩენმა სამმა კაცმა მე დამიწყეს ცემა და მთელი ზეწოლა ჩემზე გადმოვიდა. საფაროვიც მირტყამდა... სხვა გამოსვალი აღარ მქონდა - ამოვიღე დანა და ვიტალის, თავდაცვის მიზნით, ბარძაყის არეში სამჯერ-ოთხჯერ მივაყენე ჭრილობა. შანავამ დაიძახა, გავიქცეთო და გავიქეცით”.

ავთანდილ კანდელაკიშვილი არ უარყოფს, რომ დანა, რომლითაც ვიტალის ჭრილობები მიაყენა, გაქცევის შემდეგ, მკვლელობის ადგილიდან არც ისე შორს, საწვიმარ ჟოლობში შემალა. მისი ეს ქმედება, მისივე შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ „მსგავსი რამის გამოცდილება არ გააჩნია”.

დანის გადაგდების შემდეგ სამივე - რიყის პარკისკენ წავიდნენ. კანდელაკიშვილის სიტყვებით, სოხაძემ სწორედ იქ დაიწყო ვითარების გარკვევა და შანავასა და კანდელაკიშვილს ჰკითხა, რა მოხდა, ვინმე დაზიანდაო?

ავთომ მეგობრის დამშვიდების მისია საკუთარ თავზე აიღო, სოხაძეს უთხრა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა (ოღონდ ამ დროს ვიტალი, სავარაუდოდ, უკვე ცოცხალი აღარ იყო. და ამას ადგილზე დარჩენილი მისი მეგობრებიც აცხადებდნენ სასამართლოს წინაშე).

ერთმანეთის დამშვიდების შემდეგ, კანდელაკიშვილი, შანავა და სოხაძე ერთმანეთს დაშორდნენ. კანდელაკიშვილი მშვიდობით დაბრუნდა სახლში და დაიძინა. დილით, ნაბახუსევმა გაიღვიძა და ვარკეთილში, მეგობართან ლუდის დასალევად წავიდა. მშობლების ზარიც იქ დაეწია - შინ უკვე პოლიციელები ელოდნენ. კანდელაკიშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა და ადვოკატი მოითხოვა.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩხუბში კიდევ ერთი დანა იყო

ზურაბ ბეგიაშვილი: რამდენი ადამიანი გირტყამდათ თქვენ და შანავას?

ავთანდილ კანდელაკიშვილი: საფაროვი და კიდევ სამი პიროვნება. ჩემი თავდაცვის შემდეგ იქ ისეთი სიბნელე იყო, რომ მე არ გამოვრიცხავ, იქ კიდევ მეორე დანაა ნახმარი და მისგან მიიღო ვიტალიმ სხვა დაზიანებები, ერთი დანისგან ეს წარმოუდგენელია.

კანდელაკიშვილმა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას თქვა, რომ:

  • მკვლელობის ადგილას ბნელოდა.
  • რომ იქ ფერების გარჩევა შეუძლებელი იყო.
  • რომ მან დანა მხოლოდ თავდაცვის გამო გამოიყენა.
  • რომ ვიტალის ადგილას ნებისმიერი ჩხუბის მონაწილე შესაძლოა ყოფილიყო.
  • და რომ კანდელაკიშვილი, თურმე, საერთოდ არ ეტანება ალკოჰოლს, რადგან ძირითადად სწავლით და ვარჯიშითაა დაკავებული და მხოლოდ ხანდახან, თავის მეგობრებთან ერთად აძლევს ხოლმე თავს დალევის უფლებას.

ზურაბ ბეგიაშვილი: ავთანდილ, როდის გაიგე პირველად მართლმადიდებლობის შესახებ?

ავთანდილ კანდელაკიშვილი: ბავშვობაში, მაგრამ მერე 10-12 წლიდან ძველი და ახალი აღთქმა წავიკითხე, მაინტერესებდა ასეთი თემები. ისლამიც მაინტერესებდა... ყურანიც მაქვს წაკითხული.

ბეგიაშვილი: ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

კანდელაკიშვილი: ჩემი და.

ბეგიაშვილი: შენი ამოცანა როგორც ადამიანის, რა არის, რატომ შეგქმნა ღმერთა?

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: განარიდეთ, თქვენო ღირსებავ. ამ კითხვას საქმესთან არსებითი კავშირი არა აქვს.

მოსამართლე შორეა გუნცაძე: განრიდებულია.

დიუმას ქუჩა, საფაროვის მკვლელობის ადგილი

​ავთანდილ კანდელაკიშვილი ირწმუნება, რომ მას კონფლიქტის მალე დასრულება სურდა. ამით ხსნის, რომ არც ბელთაძისა და სოხაძის საუბარში ჩარეულა. მას არც ვიტალი საფაროვთან ჰქონია რაიმე სახის დიალოგი.

კანდელაკიშვილი უარყოფს არაერთი მოწმის მიერ დასახელებულ ვერსიასაც, რომლის მიხედვით, ვიტალი საფაროვმა ახსენა, რომ ის ებრაელი იყო, მაგრამ საქართველო უყვარდა. კანდელაკიშვილის თქმით, ის ვერც კი მიხვდა, რომ ვიტალი ქართველი არ იყო, რადგან ის ქართულად საუბრობდა.

ზურაბ ბეგიაშვილი: ზურაბ მორჩილაძის პიროვნებაზეც გვითხარით.

ავთანდილ კანდელაკიშვილი: მორჩილაძე მაგ დღეს პირველად ვნახე. ძალიან თავისებური პიროვნება იყო, ჩუმ-ჩუმა. თითქის კონფლიქტის მომხრე არ იყო, მეორე მხრივ, თითქოს კონფლიქტისკენ იწევდა. სხვის ზურგს ამოფარებულს შეეძლო ჩაედინა რამე. ის, როგორც გავიგე ჯარისკაცი იყო, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, ბევრ რამეს ასწავლიან, მათ შორის კვალის დაფარვას.

ბეგიაშვილი: რა გააკეთა მორჩილაძემ, როდესაც შენ და შანავას საფაროვი და მისი თანხმლები პირები გცემდნენ?

კანდელაკიშვილი: მორჩილაძეც ხელებს იქნევდა და ჩხუბში იყო ჩართული.

და კიდევ ერთი, მორჩილაძემ თითქოს ჩვენთან ერთად გამოქცევა სცადა, მაგრამ მერე, არ ვიცი რატომ ჩათვალა საჭიროდ დარჩენილიყო.

ბეგიაშვილი: მორჩილაძე რა დოზით ერეოდა დიალოგებში?

კანდელაკიშვილი: მორჩილაძეს შევატყვე, რომ საფაროვთან მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულა არ ჰქონდა. დაძაბული ტონით ესაუბრებოდა.

ბეგიაშვილი: თუ მოგისმენია ტყუილი ამ დარბაზში და რომელმა მოწმეებმა მოიტყუეს?

კანდელაკიშვილი: თითქმის ყველამ.

ბეგიაშვილი: წარსულში ქათამი ან რამე ცხოველი თუ დაგიკლავთ?

კანდელაკიშვილი: არასდროს. სისხლის ყოველთვის მეშინოდა.

ბეგიაშვილი: შანავას როგორ მეგობრად დაახასიათებთ?

კანდელაკიშვილი: მეგობრული იყო, მაგრამ გარკვეული აფერისტობებიც ახასიათებდა. შეიძლება ერთ დღეს ერთი ეთქვა, მეორე დღეს მეორე.

ბეგიაშვილი: ავთანდილ, თქვენს გარეგნობაში რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ კანდელაკიშვილი: არანაირი

ბეგიაშვილი: რა ნიშანს გამოყოფდი ვიტალის გარეგნობაში?

კანდელაკიშვილი: საერთოდ არაფერს, ჩვეულებრივი ქართველისთვის დამახასიათებელი გარეგნობა ჰქონდა, ხუჭუჭთმიანი იყო, არც კანის ფერი ჰქონდა განსხვავებული, არც სხვა ენაზე ლაპარაკობდა.

ბეგიაშვილი: რა ფრაზა გამოიყენეთ მასთან ურთიერთობისას?

კანდელაკიშვილი: მე ვიტალისთან არანაირი კონტაქტი არ მქონია.

ბეგიაშვილი: უთხარით სასამართლოს, მედიამ რა ზიანი მოგაყენათ.

კანდელაკიშვილი: მათ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჩვენს დისკრედიტაციას ეწევიან, რადგან რასისტებად გამოვყავართ, როცა ჯერ განაჩენიც არ არის გამოტანილი.

ბეგიაშვილი: რა გინდა, რომ უთხრა სასამართლოს?

კანდელაკიშვილი: მე მინდა ვიტალი საფაროვის ოჯახს მივმართო.

„მინდა მივმართო ვიტალის ოჯახის წევრებს. ეს იყო უბედური შემთხვევა, ეს არ ყოფილა რასობრივ ან ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირიპირება. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოდ წაგვიყენეს და არასამთავრობოებს არ გამოუვათ ასეთი ბრალდების შეთითხვნა. და თუ სასამართლო ამ ბრალდებას გაიზიარებს, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ყველა ინსტანციაში. სტრასბურგამდეც მივალთ. მე არ ვიცოდი ვიტალის ეროვნება. საერთოდ, მხოლოდ მეორე დღეს გავიგე, რომ მკვდარი იყო და ისი სურათი რომ მაჩვენებს, არც დავიჯერე“.

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: თქვენ თქვით, შანავა ძირს ეგდო, ვიტალი და სამი პიროვნება კი მას ურტყამდაო. აღწერეთ რა პოზიციიდან ურტყამდნენ.

ავთანდილ კანდელაკიშვილი: დახრილი ვიტალი ძირს დავარდნილ შანავას მუშტებს ურტყამდა. შანავა ხელებს იფარებდა. ასევე ურტყამდნენ ის სამი პიროვნებაც.

ჩხეიძე: კიდევ რომელი სამი პივნება ურტყამდა?

კანდელაკიშვილი: სინათლე არ მოდიოდა, იმ სამი პირვნების სახე ვერ გავარჩიე.

ჩხეიძე: თქვენ თქვით, ჭრილობა ბარძაყის არეში მივაყენეო. თუ ვიტალი წინიდან გედგათ, უკან ჭრილობა როგორ მიაყენეთ?

კანდელაკიშვილი: როცა მუშტს ურტყამ, მაგ დროს სხეული იხრება, სადაც მოხერხდა იქ დავარტყი. თან იქ სერიოზული ანარქია იყო.

ჩხეიძე: მამინცდამაინც ვიტალის რატომ მიაყენეთ ჭრილობა? და რატომ არა სხვებს?

კანდელაკიშვილი: ეს იყო უბედური შემთხვევა. ვიტალის ადგილზე შეიძლება სხვა ყოფილიყო. ვიტალი სპეციალურად არ ამირჩევია.

ავთანდილ კანდელაკიშვილმა დაკითხვის ბოლოს კიდევ ერთი შენიშვნის გაკეთება ითხოვა - ამჯერად, მის ტანზე გამოსახულ „სვასტიკაზე“

„ვერ ვხვდები, რატომ არის სვასტიკა მხოლოდ ნაცისტურ სიმბოლოდ მიჩნეული, როცა ეს სიძლიერის და მარადიულობის სიმბოლოა და სანამ მესამე რეიხი მას თავის სიმბოლოდ აირჩევდა, მანამდე ის არაერთ უძველეს კულტურაშია გამოყენებული“.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილის მიმართ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა უცვლელია - პროკურორი მიხეილ ჩხეიძე მათ მკაცრად დასჯას მოითხოვს.

Your browser doesn’t support HTML5

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე ბრალდებულ კანდელაკიშვილის ჩვენებას აფასებს

21 ივნისის სხდომაზე ის თითქმის საათზე მეტხანს კითხულობდა დასკვნით სიტყვას, რომლის მთავარი აზრი ის იყო, რომ საფაროვი ნაცისტური იდეოლოგიის მქონე პირებმა მოკლეს განზრახ, ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე და სისხლის სამართლის კოდექსის 109 დ.ე. მუხლით განსაზღვრული ეს დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 13-დან 17 წლამდე. ჩხეიძე სწორედ სასჯელის მაქსიმალურთან მოახლოებულ ზომას მოითხოვს.

პროკურორი მოელის, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და არ გაითვალისწინებს მძიმე სასჯელის თავიდან აცილების მიზნით კანდელაკიშვილის გამოგონილ ჩვენებას.

დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას მომდევნო სხდომაზე იტყვის.

Your browser doesn’t support HTML5

ადვოკარი ზურაბ ბეგიაშვილი ბრალდემის მხარის დასკვნით სიტყვასა და საფაროვის საქმის სხვა გარემოებებზე

ამის შემდეგ კი მოსამართლე შორენა გუნცაძეს განაჩენის გამოსაცხადებლად კიდევ ერთი სხდომა დარჩება.

2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის საქმეზე რადიო თავისუფლების ყველა მასალის წაკითხვა​ აქ შეგიძლიათ​.