ფოტორეპორტაჟი: დამწვარი "ჩინელების ბაზარი" ლილოში

7 ივლისს ღამით თბილისში, ლილოს დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "ჩინელების ბაზარში."

"სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა" - ეწერა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოვაჭრეები თავიანთი პროდუქციის გადარჩენას ცდილობენ

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

"არ ვიცი, რა მოხდა, რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა რეალობა არის ის, რომ ათობით ბაზარია აქამდე დამწვარი და საზოგადოებას პასუხი არ აქვს. არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გამოძიება არ ყოფილა. ახლა რომელი ბაზარიც არ იწვის, დარწმუნებული ვარ იმ ბაზრის თანამშრომლებიც შიშით უყურებენ ამ ყველაფერს, რადგან სერიალებივით მიეწყობა ბაზრის ხანძრები და ამაზე არ არის გამოძიებები. " - თქვა ლილოში ხანძრისას მისულმა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ხანძრით გამოწვეული ზარალი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

"შოკში ვარ! ისე ვნერვიულობ. სანამ გამოძიება არ ჩატარდება, ჩემთვის ძალიან ძნელია წინასწარ რამის თქმა," - უთხრა ჟურნალისტებს "ლილო სითის" მეპატრონემ, ლაურა ღაჭავამ.

„დივერსიაზე და ნებისმიერ სხვა მიზეზზე საუბარი ახლა ნაადრევად მიმაჩნია. ვნახავთ იყო თუ არ იყო დაზღვეული, როგორ მუშაობდნენ ისინი, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და შესაბამისად მივიღებთ ზომებს",- თქვა ლილოში მისულმა თბილისის ვიცე-მერმა, ილია ელოშვილმა.

ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი