დამოუკიდებლობაზე განაწყენებულები

სინამდვილეში, აღსრულდა ჩვენი ხალხის საკმაოდ მსუყე ნაწილის დიდი ხნის ქართული ოცნება და 2020 წლის გაყალბებული პარლამენტით საქ სსრ უმაღლესი საბჭო აღდგა, რომელიც 1990 წლის არჩევნებით და დამოუკიდებლობის გამოცხადებით გაუქმდა: როგორც იქნა, რევანში შედგა საძულველ დემოკრატიაზე, რომლის მთავარი მტერიც ერთპარტიულობა იყო.

ახლა პარტიაც ერთია და პარლამენტიც დაკარგულ უმაღლეს საბჭოობას დაუბრუნდა, რადგან რაც არ უნდა თქვან ვერარჩეულთა (მაგრამ ძალაუფლებაშენარჩუნებულთა) ცნობიერმა თუ გაუთვითცნობიერებელმა მხარდამჭერებმა, ამ ხალხს ცვლილებები უკვე 30 წელია სძულს და მაინც და მაინც 2020 წელს არ შესძულებია: მთელი ეს წლები საქ სსრ-ს დაკარგვა სტკიოდათ და აგერ, როგორც იქნა, ერთპარტიული საბჭოს სახით დაიბრუნეს კიდეც.

რადგან - მოდი, თავს ნუღარ მოვიტყუებთ - კარგად რომ ჩაფხიკო ქართული ოცნების მყარი მხარდამჭერის არაცნობიერი (ჩემ მტერს, მაგრამ მაინც), ნურავინ მიწყენს, უმეტესად ლატენტურ, მორიდებულ ან უკვე მოურიდებელ პრო-რუსს მიიღებს: უფრო სწორად, დამოუკიდებლობის ოცდაათი წლით დაბნეულ და გაღიზიანებულ შემჭკნარ რუსეთუმეს - ამ სიტყვის უაღრესად ფართო, ფატალისტურ-ბიოგრაფიულ-ესთეტიკური გაგებით...

ანუ ქვეცნობიერ-ჩაფხეკილი "ქოცი" (არ მიყვარს ეს ნეოლოგიზმი, მაგრამ სხვა გზა არაა), რეალურად არა ამა წლის 31 ოქტომბრიდან, არამედ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან ნაწყენი რუსეთუმეა: მასკვა. კრემლ. ეწი ოტნოშენია.

ამრიგად ამ ნაწყენს მართლა ის კი არ აღელვებს, რომ 2012 წლამდელი სისხლისმსმელები არ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ როგორმე წინ არ მიერეკებოდეს ვინმე და თუ შესაძლებელია, ისევ იქ მიბრუნდეს, საიდანაც დამოუკიდებლობის ხმამაღალი და შემაწუხებელი გამოცხადებით გამოაგდო თუნდაც მხოლოდ ამ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა (და ეს ხმამაღალი გამოცხადება რომ შემაწუხებელი იყო, 1991 წლის მიწურულს დადასტურდა).

ერთი სიტყვით, ფუნდამენტურ ქოცს (ღმერთო ჩემო, ისევ ეს საშინელი სიტყვა) არა დემოკრატია, არამედ სწორედ დამოუკიდებლობა აწუხებს, უბრალოდ ზოგს წმინდა ადამიანურად ერიდება ამის აღიარება...

დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი კი შინაარსს გულისხმობს და არა მხოლოდ ფორმას, თორემ პარლამენტი (თუ რაც ჰქვია) დიდ ცხენოსან ბერდიმუჰამედოვსაც კი ჰყავს თურქმენეთში, და იმან, ვინც შესაძლოა არგუმენტირებულ პრობლემად მიიჩნიოს დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიციისთვის საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა, უპირველესად, ალბათ, სწორედ ის უნდა დაინახოს პრობლემად, რომ ჩვენმა დიდმა მეზებრემ მართლაც "ტრიბუნამდე" დაიყვანა პარლამენტარიზმი, რაც ასევე ძველი ოცნებაა: აბა, საქ სსრ-ს უმაღლესი საბჭო ხომ მხოლოდ ისღა იყო, ვინ იჯდა, იდგა ან თვლემდა ტრიბუნასთან, სხვა რა...

პარლამენტში ოპოზიციის არშესვლა პროცესის ნაწილია და არა დასასრული - პროცესის, რომელიც საქ სსრ-ს რევანშისტების მმართველობის ცვლილებით უნდა დასრულდეს, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ რომელი ხელისუფლება შეცვლილა საქ სსრ-დან მოყოლებული დღემდე ადვილად, რომ ამის შეცვლა გამოდგეს მარტივი?!

რეალური პარლამენტი ახლა იქაა, სადაც ცოცხალი პროცესია - ანუ რეანიმირებული საქ სსრ-უმაღლესი საბჭოს კედლებს მიღმა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით - ქუჩაში.