„დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“ „ნუ მომიკლავ მომავალს!“

საპროტესტო აქცია „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა შერმადინ მიქელთაძემ, რომელიც ამბობს, რომ ამ აქციას არ შეწყვეტს, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას პარლამენტის თბილისში დაბრუნების თაობაზე. დღესვე ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოსთან, გაიმართა საპროტესტო აქცია სლოგანით „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“

Your browser doesn’t support HTML5

„დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“ "ნუ მომიკლავ მომავალს!“

„აქ იწყება საქართველო! ნუ მომიკლავ მომავალს!" - ამ ორი მესიჯით გვინდა ხმა მივაწვდინოთ პარლამენტის წევრებს, რომლებიც თბილისში გადასვლას აპირებენ. აქციაზე ვარ ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ ამ ქალაქში მინდა დარჩეს იმედი აქ ყოფნის და ცხოვრების. ჩვენი შვილებისთვის და ქუთაისის მცხოვრებლებისთვის პარლამენტი მნიშვნელოვანია და მომავლისთვის ვდგავართ აქ ყველა. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქალაქისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისში პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილემ ლაშა ბერეკაშვილმა. მისი შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

საპროტესტო აქცია „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“

აქციის მონაწილის, ქუთაისის საპატიო მოქალაქე მაგული ჩხობაძის თქმით, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნება ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა. მისივე შეფასებით, პარლამენტის თბილისში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ უმრავლესობის არგუმენტები არადამაჯერებელია და აუცილებელია ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს:

„თუ საპარლამენტო სტატუსი გვექნება, რა თქმა უნდა, მოვლენ ინვესტორები, სამუშაო ადგილი შეიქმნება და სხვა წონასწორობაში აღმოჩნდება ქალაქი და მისი მოსახლეობა. ამიტომ ჩვენ ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ, რომ როგორმე დღევანდელ ხელისუფლებას შევაცვლევინოთ მიღებული გადაწყვეტილება და იმასაც ვიტყვი, რომ მიზეზი არ აქვთ პარლამენტის წევრებს იმისათვის, რომ ქუთაისში პარლამენტმა არ იმუშაოს“.

ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებას არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად მიიჩნევს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ია იაშვილი:

პარლამენტის გადატანა არც ერთ შემთხვევაში დადებითად არ აისახება თბილისზე, მაგრამ ძალიან ცუდად აისახება ქუთაისზე. ბიძინა ივანიშვილმა ამით ხარკი გადაუხადა თბილისს იმ დაკარგული ხმების სანაცვლოდ, რასაც რეალურად 6 წლის განმავლობაში ადგილი აქვს...
ვალერი თევდორაძე

„ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რადგან აქ გაჩერდება ყველა პროექტი, რომლებიც ისედაც შეფერხდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. აქ ცოტა ხალხია, მაგრამ ჩვენ მოგვაქვს ხმა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიგონოს მან, ვისთვისაც ვსაუბრობთ“.

საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ქუთაისის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ვალერი თევდორაძე. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის ექვსი წლის განმავლობაში შეასრულა მხოლოდ ყველაზე ცუდი დაპირება:

„პარლამენტის გადატანა არც ერთ შემთხვევაში დადებითად არ აისახება თბილისზე, მაგრამ ძალიან ცუდად აისახება ქუთაისზე. ბიძინა ივანიშვილმა ამით ხარკი გადაუხადა თბილისს იმ დაკარგული ხმების სანაცვლოდ, რასაც რეალურად 6 წლის განმავლობაში ადგილი აქვს. იკლებს მისი მხარდაჭერა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ქუთაისის რამდენიმეათასიანი ამომრჩევლის ხმების ნაცვლად მიიღოს თბილისელი ამომრჩევლების ხმა“.

პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესაჩერებლად საპროტესტო აქციების გაგრძელებას მიიჩნევს საჭიროდ აქციის მონაწილე აკაკი საღინაძე:

„ერთადერთი გზა მიზნის მისაღწევად არის ის, რომ პროტესტი არ შეჩერდეს და ქუთაისს შეუნარჩუნდეს განვითარების ლოგიკური წყარო. თავი არ უნდა მოვიტყუოთ აქ გადმოტანილი ნებისმიერი სამსახურით. ეს ყველაფერი არის იგივე ტყუილი, როგორიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. ამავე დროს, თბილისისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება, თუნდაც ქალაქის განტვირთვისთვის. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშიცაა დედაქალაქი და რეგიონები“.

პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან მშრალი შიმშილობა დაიწყო სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა შერმადინ მიქელთაძემ. მას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ. შერმადინ მიქელთაძის ინფორმაციით, მასთან საუბრის სურვილი „ქართული ოცნების“ წევრებმა თავად გამოთქვეს, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა:

„მქონდა შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან. დაახლოებით საათ-ნახევარი მიმდინარეობდა ჩვენს შორის ცხარე კამათი. მას გააჩნია საკუთარი არგუმენტები, მე მაქვს ჩემი ურყევი პოზიცია. ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. მხოლოდ იმის დაპირება მივიღე, რომ კიდევ შემხვდებიან. ამ ეტაპზე აქ ვრჩები. თუ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი, შევწყვეტ შიმშილობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებ“.

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით აქცია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. მონაწილეთა თქმით, აქციის მიზანი იყო როგორც მმართველი გუნდის აზრის შეცვლა, ასევე ქუთაისის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით აქციების გაგრძელება იგეგმება.