"დამზაფვრელი" ფოტოგრაფიაში: "სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში"
Your browser doesn’t support HTML5
"სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში" ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის 2018/19 წლების პროექტია. რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ეს პროექტი ქვეყნდება როგორც ილუსტრაცია სალომე ასათიანის პოდკასტ „ასათიანის კუთხის“ ეპიზოდისა „დამზაფვრელის“, ანუ შიშის სპეციფიკური და იდუმალი გამოცდილების შესახებ. ზიგმუნდ ფროიდის 1919 წლის საეტაპო ესეს თანახმად, „დამზაფვრელი“, გერმანულად „Das Unheimliche“, შფოთს და დისკომფორტს გვგვრის, რადგან ის ერთდროულად ნაცნობიცაა და უცხოც, ჩვეულებრივიც და შემზარავიც, მასთან იშლება განსხვავება წარმოსახულს და რეალურს შორის. „დამზაფვრელის“ განცდა ყოველთვის სუბიექტურია, მას განზრახ ვერ გამოიხმობ - მაგრამ ამ ფოტოპროექტის ერთი შეხედვით ყოფით, ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სცენებში ისეთი ინტენსივობით გამოსჭვივის სიზმრისეული, შემზარავი, კოშმარული განზომილება, რომ „დამზაფვრელი“, როგორც ცნებაც და როგორც განცდაც, მასში მწვავედ და აშკარად საგრძნობი ხდება.