საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს ჯარიაშენში

სოფელი ჯარიაშენი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. მესტუმრიშვილს სოფლის განაპირას ძროხა საოკუპაციო ხაზს მიღმა გაექცა და მის დასაბრუნებლად გადავიდა, ამ დროს იქვე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს. დაკავების ფაქტი მინდორში მყოფმა მწყემსებმაც დაინახეს, მაგრამ მიხმარება ვერ შეძლეს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს ჯარიაშენში

მესტუმრიშვილების სახლი სოფლის განაპირას დგას. იქვე გადის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული ხნული, რომლის იქითაც ოკუპირებული ტერიტორია იწყება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ჯარიაშნელების მიწის ნაკვეთებია მოქცეული. ელიზბარ მესტუმრიშვილი ამ ადგილებში საქონელს ყოველდღიურად აძოვებს, ძროხები კი ხნულებს მიღმა ხშირად გადადიან. 77 წლის მესტუმრიშვილი უკვე მესამედ დააკავეს. მისი მეუღლე ჟენია მესტუმრიშვილი ამბობს, რომ ოჯახს მისი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით არავინ დაჰკავშირებია.

სოფელი ჯარიაშენი

ჯარიაშენში გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა და მესტუმრიშვილების ოჯახში მივიდა. მისი თქმით, სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე საქმის კურსში არიან და ოსურ მხარესთან ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ბოლო დღეებში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ორი დღის წინ სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე ასევე საქონლის მწყემსვისას დააკავეს და ერთ დღეში გაათავისუფლეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მესტუმრიშვილის გათავისუფლებაც მალე მოხერხდება.