30 მარტს, ნიუ-იორკის შტატში, მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას. გამოძიების მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მან ჯამში 250 ათასი დოლარი გადაუხადა ორ ქალს: პორნომსახიობ სტორმი დენიელსს და ჟურნალ “პლეიბოის” ყოფილ მოდელს, კერენ მაკდუგალს. სანაცვლოდ კი იმის დამალვა სთხოვა, რომ ოდესღაც მათთან სექსი ჰქონდა.
მაგრამ ტრამპს ედავებიან არა ფულის გადახდას, არამედ იმას, როგორ გააფორმა ეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თანხის ჩარიცხვა გაფორმდა, როგორც “ხარჯი პოლიტიკურ კამპანიაზე”, რაც შეიძლება თაღლითობად შეფასდეს.
ნიუ-იორკის შტატის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკვე დაუკავშირდა ტრამპის ადვოკატს და სთხოვა, რომ ტრამპი მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა მუხლით და რა ბრალს წაუყენებენ ყოფილ პრეზიდენტს. ამერიკული CNN-ი წერს, რომ დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე მომდევნო კვირაში წარდგება.
“პოლიტიკური დევნა”
ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს როგორც ქალებთან სექსს, ისე მათთვის ფულის გადახდას გაჩუმების სანაცვლოდ. ტრამპმა უკვე უწოდა ბრალდებას “პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევა უმაღლეს დონეზე”.
საქმე ისაა, რომ ტრამპი 2024 წელს კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ, მან ნოემბერში განაცხადა. იურისტები ამბობენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ამაში ხელს ვერ შეუშლის.
ეს ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული ერთადერთი გამოძიება არაა. ფლორიდის შტატში ფედერალური პროკურატურა თეთრი სახლიდან საიდუმლო საბუთების უკანონოდ გატანის საქმეს იძიებს. 7 დეკემბერს, ეს საბუთები ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს. ჯორჯიის შტატში კი ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევას ედავებიან. იქ მან არჩევნები წააგო, თუმცა 2021 წლის 2 იანვარს დაურეკა შტატის სახელმწიფო მდივანს და მოსთხოვა, მისთვის ხმები “ეპოვა”.
არანორმალური კანდიდატი
ტრამპისთვის ბრალის წაყენებას უკვე გამოეხმაურნენ მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები. მაგალითად, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელსაც ასევე პრეზიდენტობა სურს, კოლეგიის გადაწყვეტილებას “არაამერიკული” უწოდა. პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი თქვა, რომ ტრამპის დადანაშაულება “აღმაშფოთებელია”.
“ჩვეულებრივ პირობებში, საბრალდებო დასკვნა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა. მაგრამ ტრამპი ნორმალური კანდიდატი არაა”, - წერს გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი”.
გამოცემა არ გამორიცხავს, რომ გამოძიებებმა ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასამარების სანაცვლოდ, შეიძლება პირიქით - გააერთიანოს მის გარშემო რესპუბლიკური პარტია.
ექსპერტები ვერც იმაზე თანხმდებიან, დაიჭერენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს. “ნიუ-იორკ ტაიმსის” ვერსიით, ბრალდება ეცდება დაამტკიცოს, რომ ორი ქალის დუმილი ტრამპს გაპრეზიდენტებაში დაეხმარა. ეს თუ გამოუვა, მაშინ ტრამპი დამნაშავე იქნება თავისი საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში.
მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვარს გახდა და ოვალური კაბინეტი ზუსტად ოთხ წელიწადში დატოვა, მას შემდეგ, რაც არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ის მოუწოდებდა მხარდამჭერებს, საკუთარი ხმები დაეცვათ. ბაიდენის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე, 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და კონგრესს შედეგების გაუქმება მოსთხოვეს.
ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებსაც უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს არაერთხელ უწოდა “ალქაჯებზე ნადირობა”. ორი კვირის წინ მან თქვა, რომ დაპატიმრებას უპირებენ.