დაიწყო პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია

8 მაისს, 9 საათზე დაიწყო პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია, რომელიც ერთ თვეს გასტანს და მთელ საქართველოს მოიცავს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე - www.registration.emis.ge. 2018-19 სასწავლო წელს სკოლაში წავა 55 385 პირველკლასელი. სკოლებში 74 596 სარეგისტრაციო ადგილია. დიდი ქალაქების რიგ სკოლაში, ვაკანტური ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეივსო. თავისუფალი ადგილები დარჩენილია სოფლების სკოლების უმეტეს ნაწილში. მათ შორის - ჩარგალში, რომელიც წელს ოთხ პირველკლასელს ელის. ჯერჯერობით სკოლაში არცერთი მათგანი არ დარეგისტრირებულა. ერთ პირველკლასელს ელის სოფელ ჩირიკის სკოლა. ყველაზე მეტ, 250 პირველკლასელს მიიღებს თბილისის ორი სკოლა. 2018-2019 სასწავლო წლისათვის იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ პირველკლასელად დარეგისტრირება, რომლებიც 16 და 17 სექტემბერს არიან დაბადებულნი. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზეზი ის გახდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერი შაბათია, არასამუშაო დღე, სწავლა კი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება.